Bloomberg-მა ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო კლუბები დაასახელა. ესენია ”მანჩესტერ იუნაიტედი” და მადრიდის ”რეალი”.
მიუხედავად იმისა, რომ ”იუნაიტედმა” პრემიერლიგაში მხოლოდ მეხუთე ადგილი დაიკავა, ამას ინგლისური გრანდისთვის ხელი არ შეუშლია, ყველაზე ძვირადღირებულ საფეხბურთო გუნდებს შორის ლიდერობა შეენარჩუნებინა. ”მანჩესტერის” ღირებულება 2.9 მილიარდ ევროს (3.2 მილიარდი დოლარი) შეადგენს. ამდენივეა ესპანური ბობოლის, მადრიდის ”რეალის” ღირებულება.
კომპანია KPMG-მ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული 32 გუნდი შეისწავლა და მათმა საერთო საფასურმა 26.3 მილიარდი ევრო შეადგინა. საინტერესოა, რომ ჯამის მესამედს სამი გუნდის (”მანჩესტერ იუნაიტედი”, ”რეალი” და ”ბარსელონა”) ღირებულება განსაზღვრავს.
ტოპ 10-ეულში 6 ინგლისური გუნდი მოხვდა.