მანდარინის ჩაბარება 20 ნოემბრისთვის დაიწყება. როგორც ”ფორტუნას” არასტანდარტული მანდარინის ჩაბარების შტაბის ხელმძღვანელმა დავით უმეკაშვილმა განუცხადა, უამინდობის გამო ნაყოფი დროულად ვერ დამწიფდა და კრეფა ჯერ აქტიურად არ დაწყებულა, თუმცა ჩამბარებელი პუნქტები მანდარინის ჩასაბარებლად მზად არიან.
„წელს მანდარინს სამი ქარხანა ჩაიბარებს, რომელთაგან ორი აჭარაში – ქობულეთში, ერთი კი რაჭაში მდებარეობს. მოსავლის 95%-ს აჭარაში მდებარე პუნქტები იბარებენ, რომლებიც შემდეგ მანდარინის კონცენტრატს აწარმოებენ. რაჭის ქარხანა ძირითადად მშრალ წარმოებაზე იმუშავებს” – აღნიშნა უმეკაშვილმა.
მისი თქმით, ქარხნები მზად არასტანდარტული მანდარინი სრულად ჩაიბარონ, ამიტომ არავის მოუწვეს მანდარინის გადაყრა, როგორც ეს ადრე ხდებოდა.
რაც შეეხება სუბსიდიას, მანდარინის სუბსიდირებაზე წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 მილიონი ლარი გამოიყოფა. კომპანია, რომელიც მანდარინს 20 თეთრად შეისყიდის, სახელმწიფო სუბსიდიის სახით 10 თეთრს გადაუხდის. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, ფერმერები წლევანდელ სეზონზე ჯამში 100-დან 110 ათას ტონამდე მანდარინის მოსავალს ელოდებიან. შარშანდელთან შედარებით, წელს მანდარინის მოსავალი 30–40%–ითაა გაზრდილი.
