ბარნოვის ქუჩაზე, მომხდარი მკვლელობის ბარალდებული ვეფხია ბაქრაძე გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში, დანაშაულს აღიარებს და მომხდარის დეტალებზე საუბრობს.
ვეფხია ბაქრაძის ჩვენებას “კვირის პალიტრა” ავრცელებს. როგორც ბრალდებული ყვება, თამარი (მოკლული) ცოლთან ურთიერთობას უშლიდა.
ვეფხია ბაქრაძე აღიარებს თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობას, თუმცა არ აღიარებს იმ ფაქტს, რომ 25 წლის გოგო შვილების თვალწინ მოკლა. ამბობს, რომ მომხდარს ბავშვები არ შესწრებიან.
“არ მქონდა განზრახვა მკვლელობა ჩამედინა ბავშვების თვალწინ და ამით ტანჯვა მიმეყენებინა და ბავშვები ყოფილიყვნენ ამის თვითმხილველები. თამარის მკვლელობა გამოწვეული იყო იმით, რომ ის უშლიდა ნათელას ურთიერთობას, რაც გახდა უთანხმოების მიზეზი”, – წერია ბაქრაძის ჩვენებაში.
როგორც ის ყვება, თამართან სახლში, ურთიერთობის გარკვევისთვის მივიდა. ბაქრაძე დეტალურად იხსენებს 13 აპრილის დღეს და მკვლელობის ჩადენამდე მის მოქმედებებს.
“13 აპრილს, გადავწყვიტე პირისპირ მენახა თამარი და საბოლოოდ გამერკვია, რატომ იყო ჩემი და ნათელას ურთიერთობის წინააღმდეგი. ასევე ვიცოდი, რომ ნათელა გვიანობამდე იქნებოდა სამსახურში, ხოლო სახლში მარტო უნდა ყოფილიყო თამარი. დაახლოებით 19:00 საათი იქნებოდა, როდესაც გავაჩერე მანქანა ე.წ. მრგვალ ბაღთან და ფეხით გადავედი მათ სახლში. კარები ღია დამხვდა. შევედი და დავრწმუნდი, რომ არავინ იყო. გავაღე მაცივარი, გამოვიღე საჭმელი და არაყი. დავლიე რამდენიმე ჭიქა და გამოვედი სახლიდან. წავედი ტაქსით კოსტავას ქუჩისკენ, რადგან მანქანაში აღარ მქონდა ბენზინი. შევირბინე “გალფის” ბენზინგასამართ სადგურზე, შევიძინე საწვავი და ტაქსით ამოვედი ისევ ბარნოვის ქუჩაზე, ისევ თამარის სანახავად. ისევ არ დამხვდა“, – წერს ჩვენებაში ბრალდებული.
ვეფხია ბაქრაძის ჩვენების თანახმად, მან ნათელა გაბოძის რამდენიმე ტანსაცმლის დაჭრა და დაწვა გადაწყვიტა. ტანსაცმლის დასაჭრელად ავტომანქანიდან დანა ამოიტანა. (რადგან სამზარეულოდან გამოტანილი დანით, ყველაფრის დაჭრა ვერ მოახერხა)
ბაქრაძის ინფორმაციით, მან დაჭრილ ტანსაცმელს ბენზინი გადაასხა, თუმცა მათი დაწვა გადაიფიქრა.
„გადავწყვიტე დაწყნარება და ჩავჯექი „კრესლოში“, რამდენიმე წუთის შემდეგ მოვიდნენ თამარი და მისი ბავშვები. მივესალმე. მან მითხრა, რატომ შემაშინეო, შემდეგ ატეხა ყვირილი და გაიქცა ფანჯრისკენ. ვუთხარი, გაჩუმებულიყო, რადგან მსურდა მასთან ურთიერთობის მოწესრიგება, რადგან იგი უშლიდა ნათელას ჩემთან ურთიერთობას. თამარმა თხოვა თავის შვილებს და მეც ვთხოვე, ბავშვები ცალკე ოთახში შეეყვანა. მათ ვუთხარი, რომ ვიყავი ლიკას შვილების ბაბუა და არ შეშინებოდათ. თამარმა ამის შემდეგ ისინი შეიყვანა ოთახში და მიხურეს კარები, რის შემდეგაც ისევ ყვირილით გაიქცა შემოსასვლელი კარისკენ.
ამის დანახვაზე გავეკიდე და დავეწიე, მანქანიდან ამოტანილი დიდი ზომის დანით სხეულის სხვადასხვა ადგილებში მივაყენე მრავლობითი ჭრილობა, რის შედეგადაც გარდაიცვალა ადგილზევე. ვინაიდან არ მინდოდა დაენახათ ბავშვებს მოკლული თამარი, იატაკზე გავახოხე აბაზანისკენ“, – აღნიშნავს ჩვენებაში ბრალდებული.