LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,მაქსიმალურად ვცდილობ, ხელი შევუწყო ახალგაზრდა ნიჭიერ შემოქმედებს” – სოფო ჭყონიას ახალი პროექტი Coca-cola-ს ძველი ქარხნის ტერიტორიაზე

19
sofojkonia20345

22 მარტს რადიო “ფორტუნას” და გვანცა ლაღიძის გადაცემას “წარმატების ფორმულა” სოფო ჭყონია სტუმრობდა, რომელმაც მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

პროფესიით კინომცოდნე სოფო ჭყონია, რომელმაც რამდენიმე წლის წინ Mercedes-Benz-ის მოდის კვირეული დააფუძნა და მისი კრეატიული დირექტორი გახდა, დღეს ,,კოკა-კოლას” სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.

– სოფო, როდის დაინტერესდით კინემატოგრაფიით და რატომ გადაწყვიტეთ კინომცოდნეობა?

– სინამდვილეში, რეჟისორობა მინდოდა, თუმცა ვერ გავყევი ამ პროფესიას, სამაგიეროდ ძალიან საინტერესო ფაკულტეტზე ჩავაბარე და კინო შევისწავლე საფუძვლიანად. მართალია, გარკვეულწილად სურვილი ავისრულე, მაგრამ დარწმუნებული ვარ ადრე თუ გვიან აუცილებლად დავუბრუნდები კინოს და მსხვილი პროექტსაც განვახორციელებ.

– ახლაც ძალიან საინტერესო პროექტზე მუშაობთ, რომელიც პირველ რიგში ახალგაზრდების განვითარებას და მომავალი თაობის პროფესიონალი სპეციალისტების ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. კონკრეტულად რას წარმოადგენს ახალი პროექტი?

– იდეა აგვისტოს თვეში გამიჩნდა, როცა “კოკა-კოლას” ქარხანა ახალ ტერიტორიაზე გადავიდა, უზარმაზარმა სივრცემ კი, არაჩვეულებრივი იდეების განხორციელების შესაძლებლობა მოგვცა, რადგან ქარხნის ტერიტორიაზე არსებულ შენობებს ხელოვნების თითქმის ყველა სფეროს დატევა შეუძლია. სწორედ მაშინ გადავწყვიტე მასშტაბური, მრავალფუნქციური პროექტის განხორციელება, რომლის ძირითად ნაწილს რა თქმა უნდა, შემოქმედებითი ინდუსტრია წარმოადგენს დიზაინის, ხელოვნების სკოლით, სტუდიებით და დარბაზებით.

– რამდენად აისახა პანდემია თქვენს გეგმებზე?

– რა თქმა უნდა, პანდემიამ ხელი შეგვიშალა გეგმების განხორციელებაში. თუმცა, ბევრად დასანანი იმ თავისუფლების დაკარგვა აღმოჩნდა, რომელიც მანამდე გვქონდა და არა ვაფასებდით. პირადად მე პანდემია ძალიან სასარგებლოდ, ახალი კონტაქტების დამყარებისა და პროექტის დასახვეწად გამოვიყენე.

– შეარჩიეთ თუ არა სპეციალისტები, რომლებიც სასწავლებელში იმუშავებენ?

– ჯერ არავინ შეგვირჩევია, რადგან მრავალპლანიან პროექტს სპეციალისტებიც სხვადასხვა პროფილის სჭირდება. ამასთანავე, ჯერ სარემონტო სამუშაოებია ჩასატარებელი.

– რა ადგილი უჭირავს მოდის ინდუსტრიას საქართველოში?

– როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, მოდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროა საქართველოში. მეტიც, სწორედ მოდა უწევს ჩვენს ქვეყანას პოპულარიზაციას, რადგან ნიჭიერმა ქართველმა დიზაინერებმა საკუთარი კოლექციებით მთელ მსოფლიოში გაითქვეს სახელი. მართალია, 6 წლის წინ, როცა Mercedes-Benz-ის პირველ კვირეულს ვატარებდი ძალიან პესიმისტურად ვიყავი განწყობილი, რადგან ნაკლებად იყო ინდუსტრია განვითარებული და არ მე მქონდა რაიმე ღირებულის შექმნის იმედი, მაგრამ ჩვენმა დიზაინერებმა ყველა ჩემი ეჭვი გააქარწყლეს და დაამტკიცეს, რომ ქართველებს მართლაც არაჩვეულებრივი გემოვნება აქვთ და ბრწყინვალე მოდელებს ქმნიან. სხვათა შორის, ქართველ დიზაინერებს არც პანდემიის პერიოდში შეუწყვეტიათ მუშაობა, რა თქმა უნდა გაყიდვები შემცირდა, მაგრამ მათ დაკვეთები მაინც მთელი მსოფლიოდან ჰქონდათ.

– თავად როდის დაინტერესდით მოდის ინდუსტრიით?

– ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამ სფეროს დავუკავშირებდი საკუთარ ცხოვრებას. თუმცა, პარიზში სრულიად შემთხვევით გავიცანი ადამიანები, ვისი წყალობით სიღრმისეულად შევისწავლე მოდა, როგორც ხელოვნება და არა როგორც ბიზნესი. უამრავ ცნობილ დიზაინერთან მომიწია ურთიერთობა, ვისთვისაც მოდა სწორედ ხელოვნება იყო და არა შემოსავლის წყარო, რადგან მოდა უნივერსალური სფეროა და უამრავ დარგს აერთიანებს. ანალოგიური დამოკიდებულება მაქვს კინემატოგრაფიის მიმართ, ამიტომ ორივე სფერო ძალიან ახლობელია ჩემთვის.

– თქვენი აზრით, რა სჭირდება დღეს ბიზნესს ყველაზე მეტად?

– რა თქმა უნდა, სტაბილურობა. მართალია, პანდემიით გამოწვეულ სირთულეებს მთელი მსოფლიო განიცდის, მაგრამ საქართველოში ბევრი სხვა პრობლემაცაა. მნიშვნელოვნად შემცირდა ინვესტორთა რიცხვი, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქართული ბიზნესისთვის, მათ მოსაზიდად კი, სწორედ სტაბილური და საიმედო გარემოს შექმნაა საჭირო. საკმაოდ ხშირი ურთიერთობა მაქვს უცხოელებთან, რომლებიც პირველ რიგში, გამართული სასამართლო სისტემით განსაზღვრავენ ქვეყნის სანდოობას.

– უზარმაზარი გამოცდილების ფონზე, რომელი პროექტით ამაყობთ ყველაზე მეტად?

– საამაყო პროექტი არ მაქვს, რადგან მაქსიმალისტი ვარ, არასდროს მაკმაყოფილებს შედეგი, ყოველთვის მეტის გაკეთება და უკვე არსებულის გაუმჯობესება მინდა.

– ახლა რის გაუმჯობესებას ცდილობთ?

– მაქსიმალურად ვცდილობ შევუწყო ხელი ახალგაზრდა ნიჭიერ შემოქმედებს და ის გარემო შევუქმნა, სადაც თავისუფლად შეძლებენ მუშაობას. მწირი რესურსების პირობებში ჩვენი ერთადერთი იმედი თავად შემოქმედები, მათი ნიჭი და უნარია, ამიტომ სწორედ ახალგაზრდების განვითარებას უნდა შევუწყოთ ხელი.

– რამდენად აისრულეთ ბავშვობის ოცნება პროფესიული თვალსაზრისით?

– ძალიან ბევრ რამეზე ვოცნებობდი ბავშვობაში, თინეიჯერობის პერიოდში კი, ფსიქოლოგობა მინდოდა.

– სამომავლოდ რა გეგმები აქვს Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულს?

– სხვა კვირეულების მსგავსად ჩვენც ციფრულ ფორმატზე მოგვიწია გადასვლა. მართალია, თავიდან ძალიან შემეშინდა, რადგან არ ვიცოდი როგორ უნდა გვემუშავა ახალ ფორმატში, მაგრამ მაინც შევძელით გასული სეზონის კვირეულის ვიდეო პრეზენტაციებით მოწყობა, წელს კი, ცოცხალი ჩვენებების გამართვას ვგეგმავთ, თუმცა პუბლიკის გარეშე.

– თქვენი აზრით, რამდენად შემცირდა საქართველოს პოპულარობა მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში?

– საბედნიეროდ, ძალიან კარგად გვიცნობენ, რაც პირველ რიგში დემნა გვასალიას, დევიდ კომას და ჩვენი პროექტის დამსახურებაა.

– საქმიანობის რა სფეროში ხედავთ საკუთარ თავს მომავალში?

– განწყობას გააჩნია, რადგან ყოველთვის განსხვავებულ სფეროში ვხედავ.

– რამდენად გემოვნებიანად მიაჩნია მსოფლიოს ქართველი ერი?

– რა თქმა უნდა, გლობალურად ადამიანებს ნაკლებად აქვთ საქართველოზე წარმოდგენა, მაგრამ უცხოელი სტუმრები, ვინც ხშირად ჩამოდის ჩვენთან, საკმაოდ გემოვნებიან ერად მიგვიჩნევს. ჩვენს მოდის კვირეულს განსხვავებული ასაკის, ძალიან ჭრელი საზოგადოება სტუმრობს, ამიტომ ჩვენზე წარმოდგენა და შეხედულებაც განსხვავებულია.

– ჩაცმის რა სტილი გხიბლავთ ყველაზე მეტად?

– ხშირად მეცვლება განწყობა და გემოვნება, ბოლო დროს ყოველდღიურ სამოსს ვანიჭებ უპირატესობას, რომელიც ქუსლიან ფეხსაცმელსაც გულისხმობს, რადგან ძალიან მომწონს, როცა ქალს კომფორტული, თუმცა ქუსლიანი ფეხსაცმელი აცვია.

– გაქვთ თუ არა აქსესუარი, რომელიც საქმიან შეხვედრაზე თავდაჯერებულობას გმატებთ?

– ერთი ბეჭედი მაქვს, რომელსაც ყოველთვის ვიკეთებ საქმიან შეხვედრაზე, რადგან მჯერა, რომ წარმატება მოაქვს.

– როდის გჭირდებათ გამხნევება ყველაზე მეტად?

– გამხნევება მუდმივად მჭირდება. ქება არ მიყვარს, მაგრამ პოზიტიური ენერგია მუდმივად მჭირდება, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილით ვირჩევ ადამიანებს, ვისთანაც ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს.

– ფრაზა, რომლითაც თვითონ ამხნევებთ საკუთარ თავს?

– “ესეც გაივლის!” და “არასოდეს თქვა არასოდეს!”

– რა პრინციპით არჩევთ ადამიანებს, ვისთან ერთადაც მუშაობა გიწევთ?

– ჩემთვის მთავარი ერთგულება და საქმის სიყვარულია.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– არასდროს გამომდის სწრაფად გადაწყვეტა.

ბლიცკითხვები:

– დიზაინერი, რომელიც მუდმივად გაოცებთ?

– ძალიან მიყვარს კოკო შანელი, ივ სენ-ლორანი და ალექსანდრე მაკქუინი, რომელთაც ნამდვილი რევოლუცია მოახდინეს და სამუდამოდ შეცვალეს მოდის სამყარო.

– რაში ხარჯავთ ფულს სიამოვნებით?

– სიამოვნებით ნამდვილად არაფერში არ ვხარჯავ. მხოლოდ საინტერესო პროექტში არ მენანება ფულის ინვესტირება.

– როგორი კულინარი ხართ?

– ძალიან ცუდი. ყოველ შემთხვევაში ჩემმა შვილმა სწორედ ასე შემაფასა, დანარჩენებს კი, საერთოდ არ სჯერათ, რომ რაიმეს კარგად გაკეთება შემიძლია.

– რაზე ფიქრობთ ახლა?

– ვფიქრობ, როდის მოვა გაზაფხული.

– სპორტის საყვარელი სახეობა?

– სპორტით ნაკლებად ვარ გატაცებული, თუმცა ინტენსიურად დავრბივარ.

– ვის თვლით საუკეთესო მრჩევლად?

– მამას და დედას.

– თვისება, რომელიც ყველაზე მეტად გაღიზიანებთ და მოგწონთ ადამიანში?

– ძალიან მაღიზიანებს შური, არ მიყვარს ზარმაცი ადამიანები, თუმცა ძალიან მიყვარს შრომისმოყვარე, ნიჭიერი, მიზანდასახული და ერთგული ადამიანები.

– საუკეთესო ადგილი განტვირთვისთვის?

– სახლი.

– საჩუქარი, რომელიც ყველაზე მეტად გახარებთ?

– აბსოლუტურად ყველა საჩუქარი მახარებს.

– სამაგიდო წიგნი, რომელსაც ხშირად კითხულობთ?

– სამაგიდო წიგნი არ მაქვს, რადგან ძალიან ბევრი მომწონს. საყვარელ მწერლებად კი, ოსკარ უაილდს, ჯეინ ოსტინს და ერნესტ ჰემინგუეის ვთვლი.

– საყვარელი ფილმი და რეჟისორი?

– ძალიან რთულია ერთის არჩევა. მიყვარს ბერნარდო ბერტოლუჩი, რომან პოლანსკი და ბევრი სხვა.

– რას დახატავდით გადაცემაში “წარმატების ფორმულა”?

– მზეს.

– რა მთავარი თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?

– ვფიქრობ, მთავარი გარისკვის უნარია. მნიშვნელოვნად მიმაჩნია გამბედაობა, შეუპოვრობა და შრომისმოყვარეობა. ამასთანავე, ადამიანი ყოველთვის მზად უნდა იყოს დამარცხებისთვის, რადგან სხვაგვარად ვერასდროს დააფასებს წარმატებას.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები