ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის მონასტერში ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღავლინა.
მოგვიანებით კი ჟურნალისტებთან მიმდინარე პოლიტიკურ ამბებზე კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, გაუგებარია, რატომ მიიჩნევენ ყოფილ პრემიერს გიორგი გახარიას, ივანიშვილის პროექტად.
„რატომ ლაპარაკობენ, რომ გახარია ივანიშვილის პროექტია, ჩემთვის გაუგებარია. მე ველოდებოდი, ვის წარადგენდა თავის გუნდში და ადეიშვილის კადრები ვნახე იქ, მერაბიშვილის, ასევე კეზერაშვილის. ანუ „ნაციონალური მოძრაობის“ რაღაც ნაწილი იყო იქ“, – აცხადებს მეუფე იაკობი.
მეუფე იაკობის თქმით, მელიას საქმე გახარიას გადადგომასთან კავშირში არ არის და მისი თანამდებობიდან გადადგომა ისედაც იგეგმებოდა, თუმცა პანდემიის გამო გადავადდა.
„საკმაოდ დიდი პერიოდი გიორგი გახარია იყო აღმასრულებელ ხელისუფლებაში, როგორც ეკონომიკის მინისტრი, ისე ვიცე-პრემიერი და შემდეგ პრემიერი. პრემიერობამდეც მოქმედ პრემიერზე მეტი ძალა ჰქონდა და მერე თვითონ გახდა პრემიერი. პანდემია რომ არ მოსწრებოდა, იყო საუბრები, რომ უნდა წასულიყო თანამდებობიდან. ახლაც მიდიოდა საუბრები, რომ ცოტა ხანში წავიდოდა, მელიას საქმეს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა.
ვფიქრობ, რომ დაასწრო მოვლენებს. იცით, რომ ინფორმაცია მეც მაქვს იქედან. გახარიამ მუშტების ბრახუნითაც დაარწმუნა პარლამენტის ზოგიერთი წევრი, რომ მელიასთვის იმუნიტეტის შეწყვეტა იყო აუცილებელი. ყველაფერი გააკეთა, რომ ესკალაცია მომხდარიყო და თითქოს დიდი საქციელი ჩაიდინა.
ცოტა ხანში გამოდის და ამბობს, ამას რას აკეთებთო. რატომ ლაპარაკობენ, რომ ივანიშვილის პროექტია, ჩემთვის გაუგებარია“. – განაცხადა მეუფე იაკობმა.