ექიმი ნარკოლოგი, ზურა სიხარულიძე „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც ნარკოპოლიტიკას ეხება, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ექიმს მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით შეკითხვები აქვს და ამავე დროს, საზოგადოებას მის პროგნოზს უზიარებს:
„ლიბერალური ნარკოპოლიტიკა უნდა დასრულდესო ქვეყანაში” – რომელ ლიბერალურ ნარკოპოლიტიკაზე საუბრობენ? იქნებ ვინმემ ამიხსნას? და იმავდროულად ამბობენ: „ის, რაც გვაქვს, უნდა გავამკაცროთ“
მაქვს რამდენიმე კითხვა, რომელზეც კონკრეტული პასუხი მაინტერესებს :
1. ლიბერალური ნარკოპოლიტიკა რომელ ნაწილში იყო?
2. მცირე ოდენობის ცნება ქრება? ანუ სიებს ვაუქმებთ?
3. DarkNet-ს რას უშვრებით, სადაც კონკრეტული გამყიდველი არ არის?
4. „დამდები” გამყიდველია თუ გამსაღებელი?
„განისაზღვრება ნარკოვაჭრობისა და ნარკომოვაჭრის ცნება. ასევე, ვინ შეიძლება იყოს ნარკომოვაჭრის ოჯახის წევრი, ახლო ნათესავი და დაკავშირებული პირი“ – ნარკოტიკებთან, მათ შორის, მცენარე კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის მკაცრდება
პარლამენტში წარდგენილია რვა კანონპროექტი, მათ შორისაა ცვლილებები „სისხლის სამართლის კოდექსში“, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა“ და „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ კანონებში.
5. მოქალაქე, რომელსაც აჩერებენ და ექსპერტიზაზე გადაჰყავთ, რას დაუდგენენ – მოხმარების ფაქტს დამოკიდებულების არსებობას თუ შარდში ნარკოტიკის კვალს? ზოგი ნარკოტიკი ორგანიზმში თვეზე მეტხანს ნარჩუნდება (მაგალითად, მარიხუანა), ზოგი 24 საათი, ზოგიც 3 საათი. ვინ დაადგენს ამას? ისევ ექსპერტები, რომლებსაც არც შესაბამისი განათლება აქვთ და არც კომპეტენცია?
6. რა მატერიალური რესურსი დაიხარჯება ამაზე და რა შედეგი ექნება ამას?
7. ექიმის მიერ დანიშნული ნარკოტიკული საშუალების შემთხვევაში რა ბედი ელის მოქალაქეს?
8. დაჯარიმების შემთხვევაში რა ეფექტს ველით? შეეშინდება და აღარ მოიხმარს?
9. უმუშევარი ადამიანი როგორ უნდა გადაიხდის ჯარიმას? ანუ ისევ ოჯახს აწვება ტვირთი მის გადახდაზე?
10. ფლობა, მოხმარება, გასაღება და ვაჭრობა ერთ კატეგორიაში გადის?
11. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს ვაუქმებთ მარიხუანასთან დაკავშირებით?
12. პირს, რომელსაც ამ ღონისძიებების შედეგად სამედიცინო დახმარება დაჭირდება, რას სთავაზობს სახელმწიფო?
ჩემი პროგნოზი – რისი მოლოდინი უნდა გვქონდეს:
1. იაფფასიანი ნარკოტიკების გაჩენა და სააფთიაქო ნარკოტიკის გააქტიურება
2. DarkNet-ის კიდევ უფრო გააქტიურება და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემოსვლა, რომელთა აღმოჩენა რთულია.
3. მოქალაქეები, რომლებსაც ჩამორთმეული ექნებათ უამრავი უფლება.
4. „ფენტანილის“ ქვეყნის ბაზარზე შემოსვლის და მისი გავრცელების მაღალი რისკი.
5. ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკისგან მიღებული ყველა სხვა ნეგატიური შედეგი.
თუ ვინმე იწყებს ანტინარკოტიკულ კამპანიას და ამკაცრებს კანონებს, პარალელურად უნდა შექმნას ძლიერი მექანიზმი ზიანის შემცირებისთვის, მკურნალობის, სარეაბილიტაციო სერვისების, პრევენციის გაძლიერებისთვის. მხოლოდ რეპრესიული მიდგომა უკუშედეგს გამოიწვევს – იაფფასიანი, უკონტროლო ნარკოტიკების გაჩენას, შავი ბაზრის გაფართოებას, სტიგმის გაღრმავებას და ნარკოპოლიტიკის გამოყენებას პოლიტიკური იარაღის სახით.
“ლიბერალური ნარკოპოლიტიკა უნდა დასრულდესო ქვეყანაში”—რომელ ლიბერალურ ნარკოპოლიტიკაზე საუბრობენ? იქნებ ვინმემ ამიხსნას?…
Posted by Zura Sikharulidze on Monday 10 March 2025