LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„13 წელი მოხმარებისთვის მოვიხადე, ახლა თავისუფალი ვარ, მაგრამ ისევ საკანში“ – რას ვაკეთებთ უთანასწორობის შესამცირებლად: ბიზნესის როლი თანასწორობის პრინციპების დამკვიდრებაში

5630
უთანასწორობის შემცირება
ილუსტრაცია: ანი ქავთარაძე/„ფორტუნა“

 

„თვალებს ფართოდ ვახელ: ისევ პატარა სარკმელი და მზის სხივი, ძლივს რომ იჭრება მძიმედ შესახედ ოთახში – ეს #21-ე საკანია. ვფიქრობ, ნეტავ მერამდენედ მიწევს ამ რუტინული დილის მზერა… მწარედ ვენარცხები აუტანელ სივრცეს და თვალს სასტიკ რეალობას ვუსწორებ.

ვიცი, კიდევ რამდენიმე წელი ვერაფერს დამაკლებს… საწოლიდან ვდგები და უკეთესი დღის მოლოდინში, რუტინას ვიწყებ.. ამ სიბნელეში 10 წელი „წამლის“ მოხმარებისთვის გავატარე!“, ეს ფრაგმენტია 57 წლის ლიანას მონათხრობიდან, რომელმაც ნარკოტიკის მოხმარებისთვის ჯამში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 13 წელი გაატარა.

გვითხრა, მას შემდეგ, რაც ჩემს ცხოვრებაში ნარკოტიკი გაჩნდა, ჩემი სოციუმი სრულიად შეიცვალაო და იქვე დაამატა: „ამ 13 წლის განმავლობაში რამდენიმე გარდამტეხი ეტაპის გავლა მომიხდა, ახლაც ბრძოლაში ვარ, სადმე შვება რომ ვიპოვო…“

„სულ მაკავებდნენ, ძირითად შემთხვევაში, პოლიცია ჩემი კუთვნილი დოზის ფლობის გამო მიჭერდა და არა რეალიზაციის, ეს არასწორი ნარკოპოლიტიკაა. 7-ჯერ ვარ ნასამართლევი… არაადეკვატური ხანგრძლივობის სასჯელებით“, – იხსენებს ლიანა.

სასჯელის მოხდის შემდეგ, ლიანამ, როგორც ამას თავად გვიამბობს, გარშემო მყოფი ყველა მხარდამჭერი დაკარგა. ნარკოტიკისადმი მისი დამოკიდებულების გამო კი, დღემდე სოციალიზაცია უჭირს.

„ნახევარი ცხოვრება ქირით ვიცხოვრე. ცალკე დასაქმების პრობლემა, მუდმივი უნდობლობა, გარიყვა…  ნახევარი წელია, რაც თავისუფლება მოვიპოვე, სამსახური კი სულ რამდენიმე თვეა, ისიც ჩემი მეგობრის წყალობით, მენდო და იმედი ჩამისახა, რომ ცხოვრება თავიდან დამეწყო.

ყველგან ვცადე, მაგრამ ისევ ეს ფორმალობები, ცნობა ნასამართლობის შესახებ, ცნობა ნარკოლოგიურიდან, რომ ისევ არ მოვიხმარ.. სად არის სამართალი?! მოკლედ, გარეთ ვარ, მაგრამ ისევ საკანში.“ – ამბობს ლიანა.

ეს 57 წლის ქალის რთული, ტრავმული წარსულის კვალია, რომელიც ცვლილებებს აწმყოშიც კი ვერ პოვებს.

2017 წლამდე ჩატარებული სხვადასხვა მონაცემებით, საქართველოში 52 000 ნარკომომხმარებელი იყო. სავარაუდოდ, რაოდენობა დღეს გაცილებით დიდია, ვინაიდან 6 წლის განახლებული მონაცემები, არ არსებობს.

ისევე, როგორც მინიმალურ ნიშნულზეა მათი სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრებში ჩართულობა, რომ აღარაფერი ვთქვათ, დამოკიდებულების მქონე ადამიანების რესოციალიზაციასა და დასაქმებაზე, რაც დღეს არსებულ ნარკოპოლიტიკასთან ერთად, ქვეყანაში, განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებთან მიმართებით შექმნილ უთანასწორო გარემოს, კიდევ უფრო მეტად ამწვავებს.

ამ ფონზე, ხაზგასასმელი გარემოებაა, რომ ჯერ კიდევ 2015 წელს, გაერომ მდგრადი განვითარების 17 მიზანი მიიღო, რომელსაც 2030 წლამდე უნდა მივაღწიოთ, რათა ერთიანი ძალისხმევით აღმოვფხვრათ სიღარიბე, უთანასწორობა და მივაღწიოთ ეკონომიკურ ზრდას.

 

 

აღსანიშნავია, რომ ამ მიზნებს შორის, მე-10 მიზანს სწორედ უთანასწორობა წარმოადგენს, რაც გულისხმობს იმას, რომ უნდა გაიზარდოს განსაკუთრებით დაუცველი ჯგუფების მხარდაჭერა, როგორც კანონმდებლობის, ისე პოლიტიკის დონეზე.

 

ხარვეზები კანონმდებლობაში – სამოქალაქო სექტორი ნარკოდამოკიდებული ადამიანების თანასწორობისთვის

 

ა/ო „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ ხელმძღვანელი, კახა კვაშილავა, რომელიც ამ სფეროში თითქმის 20 წელია საქმიანობს, ამბობს, რომ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით, სამოქალაქო სექტორის მრავალწლიანმა მუშაობამ, გარკვეული შედეგი გამოიღო, თუმცა ამას ძალიან დიდი დრო დასჭირდა.

„რეალურად, სამოქალაქო სექტორი ნარკოპოლიტიკის ცვლილების მიმართულებით 2002-2003 წლიდან მუშაობს, თუმცა, ფაქტია ერთია: ჩვენ ვხედავთ, რომ გარკვეულ ცვლილებებს 20 წელი დასჭირდა. ამდენად, განსაკუთრებული შედეგი სახელმწიფომ ვერ მიიღო“, – ამბობს კახა კვაშილავა.

მისი თქმით, მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანი ეფექტი სამართლებრივ ნაწილში არ მომხდარა, პირიქით კანონმდებლობა უფრო დამძიმდა, რადგან ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებაზე, სასჯელი გამკაცრდა.

„აქ უშუალოდ მოხმარებასაც ვერ მოვიაზრებთ, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 260-ე მუხლის პირველი ნაწილი მოხმარებას არ ითვალისწინებს, მაგრამ მომხმარებლის 70-80% ამ მუხლით სამართლდება, კანონმდებლობაში მეორე პრობლემა – ოდენობების მოუწესრიგებლობა ჩნდება.

კანონმდებლობა არ განსაზღვრავს ოდენობებს ისე, რომ ჩვეულებრივ, რიგით მომხმარებელს, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის კუთხით, პრობლემა არ შეექმნას, საშუალო მომხმარებლისთვის სულ მცირე ოდენობაც კი სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

შესაბამისად, 260-ე მუხლის პირველი ნაწილით ქვეყანაში მსჯავრდადებულთა რაოდენობამ მოიმატა, რაც გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ მომხმარებელთა მიმართ დევნამ მოიმატა“, – აღნიშნა „ზიანის შემცირების ქსელის“ ხელმძღვანელმა.

გარდა ამისა, როგორც კახა კვაშილავამ გვითხრა, მრავალი წელია საზოგადოება სამოქალაქო უფლებების ჩამორთმევის მიმართულებით იბრძვის, რადგან კანონი, რომელიც ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ არსებობს, ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდადებულ პირებს, სამოქალაქო უფლებებს ავტომატურ რეჟიმში ართმევს.

„ჯერ ერთი, რომ ეს მოსამართლის დისკრეციას ზღუდავს და უფლებების ჩამორთმევას ავტომატურ რეჟიმში აწესებს. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც ნარკოდანაშაულს სჩადის, მაგრამ არანაირი კავშირი არ აქვს ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან, ამ შემთხვევაში, მისთვის მართვის მოწმობის ჩამორთმევა, რელევანტური არ არის.

უკეთ რომ ავხსნათ: მაგალითად, თუ პირი სააფთიაქო მიმართულებით არ საქმიანობს, მას არ შეიძლება აფთიაქის დაფუძნების უფლება ჩამოერთვას. ან იგივე, ადამიანი პედაგოგი არ არის, მაგრამ ჩამოვართვათ პედაგოგიური საქმიანობის უფლება, ასეთ შემთხვევაში, ამ უფლებების შეზღუდვა, რელევანტური არ არის“, – ამბობს კახა კვაშილავა.

მისი მოსაზრებით, საბოლოო ჯამში, ეს ხარვეზი, დიდ სოციალურ პრობლემას ქმნის, რადგან რეალურად, ნარკოდანაშაულისთვის გასამართლებული ადამიანი, ვერსად ვერ დასაქმდება, ვერც სასჯელის მოხდის შემდეგ და ვერც სასჯელის მოხდისას, რადგან ყველა უფლება ჩამორთმეული აქვს, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში.

რაც შეეხება კერძო სექტორის ამ პროცესში ჩართულობას, როგორც კახა კვაშილავამ გვითხრა, არსებობს „ფილანტროპიის, ქველმოქმედებისა და პარტნიორობის შესახებ“ კანონი, თუმცა მისი რეგულაციები ბიზნესს აძლევს რა, შემოწირულების, გრანტების გაცემის შესაძლებლობას, მაგრამ არ აძლევს მომსახურების გაწევის უფლებას.

„სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციებისთვის, იქნება ეს დღის ცენტრები თუ სარეაბილიტაციო, ბიზნესს შეუძლია გრანტები გასცეს, თუმცა ეს ჩვენს ქვეყანაში, [სხვა ქვეყნებშიც], გაულღობელი ყინულია“, – თქვა კვაშილავამ.

მანვე აღნიშნა, რომ ზოგადად, ეს საკითხი არაპოპულარულია და შესაბამისად, ბიზნესი ასეთ მიმართულებაში ინვესტიციების ჩადებას, თავს არიდებს.

„ჩვენგან განსხვავებით, ევროპულ ქვეყნებში ერთჯერადი კონტრიბუციები მაინც ხდება, დავუშვათ სერვისის მიმწოდებლებისთვის რაღაც საჩუქრების გადაცემა და ა.შ, რაც ჯამში, სურათს მინიმალურად მაინც ცვლის.

ჩვენს შემთხვევაში კი, სერვისის გამცემი ორგანიზაციების ოფისის ქირასა და ადმინისტრაციულ ხარჯებს, ასევე ყველა იმ ფინანსებს, რასაც ზიანის შემცირების კუთხით ორგანიზაცია აკეთებს, მხოლოდ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები იხდიან.

ჩვენთან ბიზნესი არანაირ კონტრიბუციას ამაში არ დებს, თუმცა, ვიცით, რომ ის საკუთარ წესებს თავადვე ადგენს. ბიზნესის, გნებავთ კორპორაციული ერთობის მხრიდან იმ ადამიანების მიმღებლობა, სოლიდარობა, რომელთა დახმარებაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, ბუნებრივია მხარდაჭერილი საიმისოდ არ არის, რომ რაიმე სახით ინვესტიცია განახორციელონ“, – უთხრა „ფორტუნას“ კახა კვაშილავამ.

მისი მოსაზრებით, უკეთეს შემთხვევაში, ბიზნესჯგუფები დაინტერესებულნი უნდა იყვნენ, იცნობდნენ ამ პრობლემას, უნდა ჰქონდეთ სურვილი, რომ ამ მიმართულებით, რაიმე ტიპის ინვესტიცია განახორციელონ.

თუმცა ის ფაქტი, რომ თემა კრიმინალიზებულია და ის, რომ ნარკოპოლიტიკა არაპოპულარული საკითხია, ბუნებრივია, ბიზნესისთვის ეს გარემოებები შემბოჭველია.

„აქედან გამომდინარე, ისინი ამას თავს არიდებენ, თორემ რეალურად, ბიზნესმენი, რომელიც ამ თემის მიმართ სოლიდარულია, საკითხს სხვა კუთხით შეხედავს.

ვიცით, რომ ბევრი კერძო ორგანიზაცია დასაქმებისთვის ნარკოლოგიურიდან ნასამართლობის შესახებ ცნობას ითხოვს, ამას ხომ „სენსიტიურ“ მიდგომად ვერ ჩავთვლით და მხარდაჭერად ვერ მოვიაზრებთ, არა?!

ბიზნესის გადასაწყვეტია, ნარკოტიკის მომხმარებელი ეყოლება თუ არა დასაქმებული, მაგრამ რეალურად, ჩვენს ქვეყანაში სურათი ერთია. აი, ამ ფორმით კი განვსხვავდებით ევროპული ქვეყნებისგან, რადგან იქ მომხმარებლებს ასეთი ტიპის ბარიერები არ უდგათ“, – ამბობს კვაშილავა.

მისი თქმით, გარდა ამისა, აქ კიდევ სხვა ტიპის პრობლემა იჩენს თავს.

„მესმის, რომ ბიზნესი გარკვეულწილად საგანმანათლებლო, ჯანდაცვის სფეროში რაღაც დონეზე, ფრაგმენტულად ჩართულია, თუმცა თუ დავაკვირდებით, ყველა ეს ინტერვენცია გარკვეული სახით რეკლამის ხასიათს ატარებს.

შეგვიძლია გადავხედოთ შშმ პირებთან, ცე ჰეპატიტით დაავადებულ ადამიანებთან მიმართებით, რეალურად, რა კონტრიბუციაც ბიზნესმა ამ მიმართულებით განახორციელა, აბსოლუტურად ყველა, პირადი, კომერციული მიზნისთვის, რადგან გათვლაც ასეთი იყო.

ჩემი სუბიექტური აზრით, აქ ისევ კლიშეებია, რატომ დაეხმარება ბიზნესი ე.წ ნარკომანს, როცა დავუშვათ, დაავადებულ ბავშვებს შეიძლება დაეხმაროს. ბიზნესს ურჩევნია კომფორტულ გარემოში აკეთოს საქმე და ვფიქრობ, ეს პრობლემად ნამდვილად გვიდგას“. – გვითხრა კახა კვაშილავამ.

 

ბიზნესის როლი მოწყვლად ჯგუფებში უთანასწორობის შესამცირებლად

 

რეპუტაციის მართვის კომპანია „მაინდერის“ ხელმძღვანელი და სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტი, გიორგი კალატოზიშვილი ამბობს, რომ ეს თემა სტიგმატიზებული ყოველთვის იქნება, თუ დროთა განმავლობაში, საკითხი საინფორმაციო ასპექტში არ გადავიყვანეთ.

„ვფიქრობ, ეს არის ყოვლის მომცველი, ძალიან კომპლექსური სამუშაოს შედეგი, დაწყებული სასკოლო, დასრულებული უმაღლესი საგანმანათლებლო შემეცნებითი პროცესებით და რაც მთავარია, მენტალური თავისებურების შეცვლა საზოგადოებაში, სადაც მოხმარება, ჯერ კიდევ მორალური ასპექტიდან განიხილება და ბოროტებად აღიქმება“, – ამბობს გიორგი კალატოზიშვილი.

იგი ხაზს კანონმდებლობის ხარვეზებსაც უსვამს და ამბობს, თუ კანონში ამდენი წელია გვიწერია, რომ ეს არის დაავადება, აბსოლუტური ნონსენსია, როცა საკუთარ კანონმდებლობასთან კონტრასტში შედიხარ, რადგან ათასობით ადამიანმა წამალდამოკიდებულების გამო სასჯელი მოიხადა.

„ესაა ძალიან დიდი აცდენა რეალობასა და ფურცელზე არსებულ  კანონმდებლობას შორის“, – მიიჩნევს სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტი.

კალატოზიშვილის მოსაზრებით, როცა ამდენი რეპრესიული ადამიანი და მათი ოჯახები გვყავს, თუ ამ ოჯახებმა, ასევე, კონფლიქტში ჩართულმა ახლო წრემ ხმა არ ამოიღო, გარე საზოგადოებიდან მხარდაჭერაზე საუბარი, აბსოლუტური აბსტრაქციაა.

„სწორედ ეს სტიგმატიზებულები ადამიანები, რომლებიც საჯარო უწყებებში, კერძო სექტორში და ა.შ. მუშაობენ, ამავე სტიგმიდან გამომდინარე ნარკოსცენაზე არ ჩანან, ამიტომ ურჩევნიათ ჩუმად იყვნენ. ეს არის ზუსტად უხმო უმრავლესობა“, – აღნიშნავს გიორგი კალატოზიშვილი.

ამავე კონტექსტში მან ყურადღება საკომუნიკაციო კამპანიების წარმართვის საკითხზე გაამახვილა და თქვა, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნული წესების დაცვით განხორციელდეს, რათა კონკრეტული შედეგი მივიღოთ:

„სამიზნე ჯგუფები უამრავია – არის ნეიტრალურად განწყობილი, ვისაც უბრალოდ ინფორმაცია არ აქვს; უარყოფითად განწყობილი, მათ შორის არიან სასულიერო პირები, კონკრეტული ექიმები, არიან საჯარო უწყების წარმომადგენლები და ასევე, არის დადებითად განწყობილი ჯგუფები, როგორიცაა თემი, მომხმარებლები, მათი ოჯახები და ა.შ“, – თქვა ჩვენთან საუბრისას კალატოზიშვილმა და ამასთან, კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში, ბიზნესის შესაძლო ჩართულობაზე ისაუბრა.

სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტის მოსაზრებით, ბიზნესს ამ მიმართულებით აქტივობის შემთხვევაში, იმიჯისა და რეპუტაციის დიდი რისკი უდგას.

„როგორც წესი, ისეთი ორგანიზაცია, სადაც ნარკომომხმარებელი მუშაობს, შესაძლოა თითზე ჩამოსათვლელი იყოს, ამაზე თვალს დახუჭავენ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ადამიანთან პირადი ნაცნობობა აკავშირებთ.

თუ თქვენ ბუღალტერიაში ან სადისტრიბუციო კომპანიაში მუშაობთ, სადაც საჭესთან ხართ, ეს განსხვავებული პასუხისმგებლობა და რისკია როგორც დასაქმებულისთვის, ისე დამსაქმებლისთვის, რადგან რაღაც რომ მოხდეს, დავუშვათ ავტოსაგზაო შემთხვევა და სრულიად ემპათიურად ვისაუბროთ, ჩვენ კომპანიის პოზიციაშიც უნდა ჩავდგეთ, მისთვის ეს ძალიან მაღალი რისკის შემცველია.

მე, როგორც ბიზნესმა, კერძო სექტორმა, მინდა ვიცოდე, რამდენად მაღალი მაქვს რისკი, როდესაც შენ, ამ შემთხვევაში საჭესთან ხარ, ან მომსახურე პერსონალი ხარ, ან სულაც ფინანსური მიმართულებით მუშაობ.

როგორც ბიზნესს, მე მაინტერესებს ორი ასპექტი – ერთია ჯანმრთელობა და უსაფრთხოება და მეორე, რამდენად ვიზარალებ, რადგან ბიზნესმა აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ თუ დასაქმებულზე დელეგირებას აკეთებს, რამდენად მიდრეკილია ის დავუშვათ იგივე ზედოზირების მაღალი რისკისკენ“, – გვითხრა კალატოზიშვილმა.

ამდენად, როგორც მანვე აღნიშნა, კერძო სექტორის კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია ამას შევხედოთ არა ისე, რომ ისინი გულგრილნი არიან ან დისტანცირებას იჭერენ, არამედ სხვა სურათიდან.

კიდევ ერთი წინაღობა, რაზედაც კალატოზიშვილმა ნარკოდამოკიდებული ადამიანების რესოციალიზაციისა და მათი თანასწორუფლებიან გარემოში თანაარსებობის კუთხით ისაუბრა, იმ პლატფორმების არარსებობაა, რომელიც წესით და რიგით, აღნიშნულ მოწყვლად ჯგუფს ახალი ცხოვრების დაწყების შანსებს მისცემდა.

როგორც კომუნიკაციების სპეციალისტი ამბობს, საქართველოში მხოლოდ ორი სარეაბილიტაციო ცენტრი არსებობს და შესაბამისად, ეს რესურსი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ქვეყანაში „ყოფილი მომხმარებლების“ რეაბილიტაცია უზრუნველყოს.

„მით უმეტეს, თუ შევხედავთ ისე, რომ ციხეში მომხმარებლის ჩასმა კონტრპროდუქტიულია, რადგან სტატისტიკა აჩვენებს, რომ 11 თვის განმავლობაში 10-იდან 9 ადამიანი მოხმარებას უბრუნდება.

რატომ? იმიტომ, რომ არ არსებობს კონკრეტული პლატფორმები, სადაც ამ ადამიანებს ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის საშუალება ექნებათ. ამის შემდეგ კი ვსაუბრობთ დასაქმებაზე, მაგრამ ამ ადამიანების რესოციალიზაციას ვერ მოვახდენთ, თუ ნდობა არ გამოვუცხადეთ. ამიტომ, ნდობის მანდატია, როდესაც ჩვენ ამ ადამიანებს საკუთარ წიაღში ვასაქმებთ“, – ამბობს კალატოზიშვილი.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამის მეცნიერული დასტური არ არსებობს, საერთაშორისო პრაქტიკა გვეუბნება, რომ ასეთ შემთხვევაში, ხშირად ეს ადამიანები, უფრო პროდუქტიულები ხდებიან, რადგან იმდენად მადლიერები არიან იმ მეორე სუნთქვის, შანსის, რომელიც ნებისმიერმა კომპანიამ, ორგანიზაციამ, თუ საჯარო უწყებამ მისცა, რომ ისინი ცდილობენ, განვლილს აღარ დაუბრუნდნენ.

„ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა გვესმოდეს, „ყოფილი ნარკოდამოკიდებულის“ კონკრეტული ფსიქოლოგიური მედეგობის, რადგან ისინი მუდმივად თავშეკავების პროცესში იმყოფებიან. ეს ძალიან რთულია და ჩვენ ამას ხელი უნდა შევუწყოთ.

ბიზნესმა შეიძლება მიიღოს აქტიური თანამონაწილეობა და ამასთანავე, შეამციროს რისკები კონკრეტული, პირობითი დისტანცირებით, თუკი ხელს შეუწყობს შექმნას მსგავსი სარეაბილიტაციო ცენტრები, ანუ, დააფინანსებს ამ ნაწილში.

ჩვენ ვსაუბრობთ მსხვილ კომპანიებზე, მაგალითად ისეთებზე, რომლებიც კორპორაციული პასუხისმგებლობის ასეულში შედიან.

რაში მდგომარეობს მათთვის რისკების შემცირება? იმაში, რომ ისინი ამ ადამიანებს მათთან არ დაასაქმებენ, შესაბამისად, რაიმე რისკის შემთხვევაში პასუხისმგებლობას აიცილებენ, მაგრამ იდეის დონეზე ნებისმიერი კომპანიის საქმიანობა უმაღლეს მისიას უნდა ემსახურებოდეს და ეს არის საზოგადოების კეთილდღეობა.

ამდენად, სტრატეგიული ნაწილი და კომუნიკაცია უნდა მიემართებოდეს ამ ორგანიზაციების მხრიდან პრობლემის გადაჭრაში. ჩადონ ფული საზოგადოების კეთილდღეობაში, რადგან გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ ვამცირებთ არა მხოლოდ მომხმარებლების რაოდენობას, ვაუმჯობესებთ დასაქმებულთა კონკრეტულ ბაზარს, არამედ გავლენას ვახდენთ ჯანდაცვის კუთხითაც, რადგან ნაკლები მომხმარებელი ნიშნავს ნაკლებ ქრონიკულ დაავადებას. კონკრეტული ეპიდემიის გარდა კი, მათ შორის, ვახდენთ კრიმინალის შემცირებას“. – უთხრა „ფორტუნას“ გიორგი კალატოზიშვილმა.

 

არასამთავრობო სექტორი მოწყვლადი ჯგუფების მხარდამხარ

 

უკვე 23 წელია არასამთავრობო ორგანიზაცია „თანადგომა“ არსებობს და ზუსტად ამდენივე წელია ეს ორგანიზაცია ნარკოდამოკიდებული ადამიანების თანასწორი უფლებების შესაქმნელად იბრძვის.

2011 წლიდან „თანადგომამ“ დამოკიდებულების მქონე ჯგუფების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამებში ჩართვისთვის, პირველი ნაბიჯების გადადგმა, მუშაობა და დანერგვა დაიწყო, დღეს კი, ორგანიზაციას ორი სარეაბილიტაციო ცენტრი უკვე შექმნილი აქვს, რომელიც ნარკოდამოკიდებული ადამიანების მკურნალობაზე ზრუნავს.

ცენტრ „თანადგომის“ სარეაბილიტაციო პროგრამების მენეჯერი, ვაჟა კასრელიშვილი, რომელსაც ამ სფეროში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება აქვს, გვიყვება, რომ ორგანიზაციის აქტივობა ნარკოპოლიტიკის თვალსაზრისით, ორი მიმართულებით იყოფა:

ერთია, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გარკვეულ სერვისების უზრუნველყოფა, სხვადასხვა ზიანის შემცირების, სამკურნალო-სარეაბილიტაციო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მეორე – სამოქალაქო სექტორში ამ ადამიანების პატიმრობის ნაცვლად, გარკვეული ალტერნატივების შექმნის შეთავაზებაზე ზრუნვა.

„თუ იგივე ციხეებში სამკურნალო-სარეაბილიტაციო მომსახურებას როგორც ალტერნატივას, ისე შევთავაზებთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით სახელმწიფო დონეზეც მოვიკოჭლებთ, თუმცა, როდესაც არის შემთხვევები, კონკრეტული „ქეისები“, ჩვენ ამ ინდივიდუალური შემთხვევებისას, გარკვეულ აქტივობებს ვახორციელებთ.

კერძოდ, როდესაც ადამიანი ციხეშია, მივმართავთ სასამართლოს, რომ სასჯელის ნაცვლად, მისი სურვილისამებრ მკურნალობა-რეაბილიტაცია შევთავაზოთ.

რაც შეეხება მასშტაბურ აქტივობებს, ასეთი არის სტაციონარული რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია, უფრო ზუსტად კი, რეზიდენტული სარეაბილიტაციო ცენტრების არსებობა, რომელიც სახელმწიფოს მიერ არ ფინანსდება.

ჯერ კიდევ „კოვიდ 19“-ის პანდემიამდე, ჩვენ შევქმენით სტანდარტები, რაც როგორც ამბულატორიული, ისე რეზიდენტული რეაბილიტაციის ცენტრის შექმნას გულისხმობს. ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ამ სტანდარტების მიღების შემთხვევაში, უკვე შესაძლებლობა გვექნება, სახელმწიფოს მოვთხოვოთ, ამ მიმართულებით, გარკვეული ფინანსები გამოიყოს.

ისე, როგორც დავუშვათ, ზიანის შემცირების ფარგლებში, ჩანაცვლებითი თერაპიის „მეთადონის“ პროგრამის შემთხვევაში გამოიყო და ბენეფიციარებს, დღემდე, უფასო ხელმისაწვდომობა აქვთ“, – გვითხრა ვაჟა კასრელიშვილმა.

რაც შეეხება უშუალოდ „თანადგომის“ მიერ შექმნილ სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრებს, როგორც კასრელიშვილმა გვითხრა, დღის ცენტრი თბილისში ჯერ კიდევ 2016 წელს გაიხსნა, რომელმაც ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა.

ხოლო 1 რეზიდენტული ცენტრი კახეთის რეგიონში, კერძოდ კი გრემში, თუმცა, მისივე თქმით, ეს ცენტრი გარკვეული პერიოდულობით, ბენეფიციარის მიმართვის შემთხვევაში მუშაობს და ამასაც ობიექტური მიზეზები აქვს:

„გრემში არსებული რეზიდენტული სარეაბილიტაციო ცენტრი წლების განმავლობაში ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დონორობით ფუნქციონირებდა, თუმცა, იმის გამო, რომ ეს დაფინანსება შეწყდა, მოგვიხდა პერიოდულობით მუშაობაზე, საკუთარი დაფინანსებით გადანაცვლება“, – აღნიშნა ვაჟა კასრელიშვილმა.

„თანადგომის“ წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით, საბოლოო ჯამში, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, სრულიად საზოგადოების ინფორმირებულობის ნაკლებობაა.

მისი აზრით, გარდა ამისა, სტიგმა, რომელიც ამ დაავადებისა და დაავადებულების მიმართ არსებობს, ამ ადამიანების მკურნალობა-რეაბილიტაციის პროცესში ჩართვაზე, ასევე, მათ რესოციალიზაცია- დასაქმებაზე უარყოფითად აისახება.

„ეს გახლავთ ერთ-ერთი გამოწვევა, რომელიც ამ სფეროში მომუშავე სამოქალაქო სექტორის წინაშე დგას. ამ დაავადებისა და ადამიანების მიმართ სტიგმა ყოველთვის იქნება, თუმცა საჭიროა მეტი მუშაობა, რომ ეს მიდგომა შევამციროთ“. – გვითხრა ვაჟა კასრელიშვილმა.

 

ნარკომომხმარებლები CSR სტრატეგიების მიღმა 

 

CSR ექსპერტი, მარიკა მჭედლიძე ამ კუთხით, საკითხის მგრძნობიარობას უსვამს ხაზს და მიიჩნევს, რომ ამ თემას კერძო და ბიზნესსექტორი მეტი სიფრთხილით ეკიდებიან.

მარიკა მჭედლიძის თქმით, ძირითადი მიზეზი ამ საკითხისადმი საზოგადოების დამოკიდებულებაა და შესაბამისად, CSR სტრატეგიების შემუშავების დროს, ბიზნესიც ამავე განწყობას ასახავს.

„საზოგადოების გარკვეული ნაწილი ამ ჯგუფებს სტიგმატიზებულად ეკიდება. ბიზნესი კი საზოგადოებისგან იღებს დაკვეთებს, რაც შემდეგ CSR სტრატეგიებზეც აისახება ხოლმე.

ვფიქრობ, ამ მიმართულებით საქართველოში ბიზნესს წახალისება სჭირდება. ყოველ წელს, კორპორაციული მდგრადობის მიმართულებით კონკურსები ტარდება, სრულიად შესაძლებელია მოწყვლადი ჯგუფების მხარდასაჭერად განსაკუთრებული ნომინაცია შეიქმნას, რათა ბიზნესს უფრო მეტი მოტივაცია გაუჩნდეს“, – გვითხრა მარიკა მჭედლიძემ.

CSR ექსპერტი სახელმწიფოს როლზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ბიზნესის წახალისების მექანიზმის ამოქმედება მთავრობასაც შეუძლია.

„შეიძლება მთავრობამ ბიზნესთან თანამშრომლობით, კონკრეტული პროექტი წამოიწყოს და ამ მხრივ, ბიზნესის ჩართულობა უზრუნველყოს“, – გვითხრა მარიკა მჭედლიძემ და დასძინა, რომ პროექტები, რომლებიც არსებობს, მხოლოდ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხრიდან ფინანსდება და უშუალო განმახორციელებელი სამოქალაქო ორგანიზაციები არიან.

მისი მოსაზრებით, არსებობს კიდევ სხვა ტიპის ბარიერი: შესაძლოა ბიზნესს ამ კუთხით აქტიურობა სურდეს, თუმცა ცოდნისა და გამოცდილების ნაკლებობის გამო ვერ ახერხებდეს, რადგან საკითხს საფრთხილო და მგრძნობიარე თემად მიიჩნევდეს.

„რას ვგულისხმობ: მოწყვლად ჯგუფებთან მუშაობა სპეციფიკურ ცოდნას მოითხოვს, ბიზნესს კი შეიძლება ისეთი გამოცდილება არ ჰქონდეს, როგორიც სამოქალაქო ორგანიზაციებს აქვს.

სწორედ ამიტომ, საწყის ეტაპზე მნიშვნელოვანია თანამშრომლობა, რაც შესაძლოა თუნდაც ამ ფორმით აისახოს: ბიზნესმა დააფინანსოს, სამოქალაქო სექტორმა კი განახორციელოს.

ზოგადად, მდგრადი განვითარების მიზნის მისაღწევად, საჭიროა ყველა დაინტერესებული მხარე იყოს ჩართული და ამაში მოიაზრება როგორც სახელმწიფო, ისე უშუალოდ თემის წარმომადგენლები, სამოქალაქო სექტორი და ცხადია, ბიზნესი.

როცა ყველას თავისი წვლილი შეაქვს, შედეგიც უფრო ხელშესახებია და მოწყვლადი ჯგუფებიც უფრო მოგებიან სიტუაციაში არიან, ბიზნესი კი რეპუტაციულად ამაღლებულია.

„ვიცით, რომ CSR არ არის ალტრუიზმი, ეს პირველ რიგში რეპუტაციაა, რაც შეიძლება „ბენეფიტად“ ჩაითვალოს. სახელმწიფოს „ბენეფიტი“ კი იქნება ის, რომ მარტო თვითონ კი არ იზრუნა სოციალური პრობლემის მოგვარებაზე, არამედ ორ სხვადასხვა სექტორთან ერთად.

რაც შეეხება საზოგადოებას, მას გაუჩნდება განცდა, რომ ეს ადამიანები ჩვენი სრულფასოვანი წევრები გახდნენ და შესაბამისად, მათ სოციალურ პრობლემაზე მუშაობას ბიძგი მიეცა“, – გვითხრა მარიკა მჭედლიძემ.

რაც შეეხება კონკრეტულად ბიზნესის ჩართულობის საჭიროებას, CSR ექსპერტის მოსაზრებით, მთავარი ინიციატორი სახელმწიფო უნდა იყოს.

„პირველ რიგში, ამ სოციალურ პრობლემაზე ზრუნვას საზოგადოება სახელმწიფოსგან ითხოვს ხოლმე. ვფიქრობ, ბიზნესიდან არც შეიძლება ეს ინიციატივები წამოვიდეს, რადგან ეს ძალიან მგრძნობიარე, სერიოზული პრობლემებია“. – დასძენს CSR ექსპერტი მარიკა მჭედლიძე.

 

თემის თვალით დანახული რეალობა 

 

თემო ხატიაშვილი, რომელიც 12 წელია ნარკოპოლიტიკის თემებზე მუშაობს, ამჟამად ნარკოტიკების მომხმარებელთა სათემო ორგანიზაციის – „მანდალას“ ხელმძღვანელია.

გვითხრა, რომ ორგანიზაცია 2018 წელს დაფუძნდა და მისი შექმნის საჭიროება სხვადასხვა გარემოებიდან გამომდინარე გამოვლინდა.

„რამ განაპირობა ამ ორგანიზაციის საჭიროება? – შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი ნარკოტიკების მომხმარებელი ადამიანია, რომელიც საერთოდ მოცული არ არის იმ ზიანის შემცირების სერვისებით, რომელიც ქვეყანაში 10-12 წლის განმავლობაში დაინერგა.

დღეს ნარკომომხმარებელთა რიცხვი 46 ათასიდან 56 ათასამდე მერყეობს. ბოლო კვლევა 6-7 წლის წინ ჩატარდა, თუმცა, ჩემი აზრით, ამ მონაცემს, არც ახალი კვლევა შეცვლის.

თანაც, აქ ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაა, ეს რიცხვი ასახავს მხოლოდ ინიექციური ნარკოტიკების მომხმარებლებს, ვისაც ადიქციის (დამოკიდებულების) გამოცდილება აქვს“, – უთხრა „ფორტუნას“ თემო ხატიაშვილმა.

მისი ინფორმაციით, ამ მონაცემში ნაჩვენები არ არიან არც ეპიზოდური მომხმარებლები და არც ისინი, რომელთაც ე.წ კლუბურ ნარკოტიკებზე დამოკიდებულების პრობლემა აქვს.

„სხვათა შორის, ამ სტატისტიკით, საქართველო მსოფლიოს უარყოფით რეიტინგში, ბოლოდან მესამე ადგილზეა. ჩვენ წინაა რუსეთი, რომელსაც მოსახლეობის მასშტაბის თვალსაზრისით, ყველაზე მეტი პრობლემური მომხმარებელი ჰყავს.

შემდეგ მოდის აზიური ქვეყანა, ტაილანდი და მესამე ადგილზე ვართ ჩვენ. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, ეს ციფრი მხოლოდ ერთ სეგმენტს ასახავს, სინამდვილეში კი ბევრად დიდი რიცხვია.

მაგალითად, იგივე, კლუბური  ნარკოტიკების მომხმარებლები, ისინი, ვინც ინიექციურ ნარკოტიკს საერთოდ არ მოიხმარენ, მაგრამ პრობლემური მოხმარების გამოცდილება აქვთ, განიცდიან დამოკიდებულებას და ა.შ.“, – აღნიშნავს თემო ხატიაშვილი.

„მანდალას“ ხელმძღვანელი განვლილ გზაზე საუბრობს და გვიყვება, რატომ დადგა სათემო ორგანიზაციის შექმნის აუცილებლობა. ამასთან, რა დამატებითი პრობლემები გაჩნდა მთელი ამ დროის მანძილზე ნარკოსცენაზე:

„ყველა ის აქტივობა, რომელზედაც სხვადასხვა ორგანიზაციის ფარგლებში ვმუშაობდი, იქნებოდა ეს ცნობიერების ამაღლების კამპანიები თუ დეკრიმინალიზაციის, რაღაცნაირად მაინც პრობლემურ და მძიმე ნარკოტიკების მომხმარებლებს მოიცავდა.

ეს კი ის წლები იყო, როდესაც ქვეყანაში კლუბური ცხოვრება ნელ-ნელა ფეხს იკიდებდა. კარგად გვახსოვს მუსიკალურ ფესტივალებზე მომხდარი ზედოზირების შემთხვევები“, – ამბობს თემო ხატიაშვილი.

რაც შეეხება „მანდალას“ აქტივობებსა და სერვისს, როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი გვეუბნება, ზიანის შემცირების კუთხით, მათი მომსახურება ორ ნაწილად იყოფა.

„თავიდან მომართულები ვიყავით იმისკენ, რომ ჩვენი მომსახურება ელექტრონული მუსიკის ფესტივალებზე ყოფილიყო წარმოდგენილი, რაც ნიშნავს მეგობრულ და უსაფრთხო სივრცეს, კარავს, სადაც ადამიანები მოვიდოდნენ და ნარკოტიკების მოხმარების შესახებ ნებისმიერ საკითხზე, ობიექტურ ინფორმაციას მიიღებდნენ.

ობიექტურ ინფორმაციაში ვგულისხმობ ეფექტებს და შესაძლო რისკებს, შესაბამისად, ჩვენი მიზანია, ადამიანებს მივაწოდოთ ინფორმაცია ნივთიერების დადებით და უარყოფით მხარეებზე, რათა მათ ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით, გაცნობიერებული გადაწყვეტილება მიიღონ.

გარდა ამისა, უკვე დანერგილი გვაქვს ნარკოტიკების ტესტირების სერვისი, რომლითაც სახელი ყველაზე მეტად გავითქვით, რადგან რატომღაც ეს ცარიელად დატოვებული ნიშა იყო, რომელიც შევავსეთ.

ნარკოტესტირების სერვისი გულისხმობს, მომხმარებელმა გაიგოს, არის თუ არა რეალურად ის ნივთიერება, რაც მოაქვს, ან შეიცავს თუ არა სიცოცხლისთვის საშიშ ეფექტს. ეს ყველაფერი კი შეუძლიათ სახლშიც, კლუბურ გარემოშიც და ჩვენთან, ოფისშიც გააკეთონ.

კიდევ ერთი ეს სერვისი, სტერილური საინიექციო მასალისა და „ნალოქსონის“ [ე.წ ნარკანი] დარიგებას გულისხმობს, ასევე,  სტერილური შესაყნოსი მილებისა და სხვადასხვა საკვები დანამატების გაცემას, რაც ნარკოტიკების მიღების შემდეგ მნიშვნელოვანია.

სერვისის მეორე ნაწილში კი იგულისხმება, გადამზადებული თემის წარმომადგენლების კონსულტაცია, (რომელთაც ეს თავიანთ თავზე გამოცადეს) რათა ზედოზირების რისკები მინიმუმადე იყოს დაყვანილი.

პირველი ორი წლის განმავლობაში უშუალოდ ფესტივალების ორგანიზატორებთან გვიწევდა კომუნიკაცია და ჩვენს სანდოობაში დარწმუნება.

ყოფილა შემთხვევა უარიც მიგვიღია, თუმცა ბოლო 2 წლის განმავლობაში ეს როლები შეიცვალა და ახლა ისინი თავად გვთხოვენ ჩვენი სერვისების მათ სივრცეში განთავსებას“, – ამბობს თემის წარმომადგენელი.

რაც შეეხება ამ მომსახურების გასაწევად საჭირო ფინანსებს, როგორც „მანდალას“ ხელმძღვანელმა აღნიშნა, ორგანიზაცია თანხებს ისევე იძიებს, როგორც ყველა NGO – მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო, დონორი ორგანიზაციებიდან. პროექტებს კი სხვადასხვა გრანტებით მოპოვებული ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებენ.

„კერძო სექტორთან აქტიურობისა და მხარდაჭერის გზის გავლას ახლა ვაპირებთ, რადგან სულ გრანტებზე ვერ ვიქნებით და საჭიროა სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდა. კარგი კი ის შემიძლია გითხრათ, რომ 4-5 კომპანია თავისი სურვილით გამოვიდა კონტაქტზე და შესაბამისად, სურვილი გამოითქვა, მხარი დაგვიჭირონ.

რაც შეეხება სახელმწიფოს, ფინანსურ მხარდაჭერაზე, საუბარი საერთოდ ზედმეტია, ჩვენი ადვოკაციის მიზანია, ის სერვისები, რომელსაც ჩვენ გავცემთ და მივიჩნევთ, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ადამიანების გადარჩენას ემსახურება, გავაგრძელოთ. ეს არ არის არავითარი მავნე ცხოვრების პროპაგანდა და ა.შ, ჩვენ ის ხალხი ვართ, რომელიც ქვეყანას სჭირდება“, – აღნიშნავს თემო ხატიაშვილი.

რაც შეეხება მის მოსაზრებას, ნარკოდამოკიდებული ადამიანებისთვის ზიანის შემცირების სერვისებზე ხელმისაწვდომობასა და შემდეგ მათ რესოციალიზაცია-დასაქმების საკითხზე, ამ ნაწილში ხატიაშვილი რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზე საუბრობს:

„ამ კუთხით საერთაშორისო კვლევას მოვიშველიებდი, რომელიც ამბობს, რომ ხარჯთაღრიცხვის თვალსაზრისით, ბევრად უფრო ეფექტურია ქვეყნისთვის დააფინანსოს ზიანის შემცირება, ვიდრე მეორე შემთხვევაში არდაფინანსებით რა პრობლემებიც წამოვა, მაგალითად ისეთი პრობლემები, როგორიცაა: აივ/შიდსი; ზედოზირების რისკი; პრობლემური მოხმარების რიცხვის ზრდა, უხარისხო ნარკოტიკების მოხმარების რიცხვი.

10 წლის პერსპექტივაში კი გამოვა, რომ იმ ქვეყანამ, რომელმაც ზიანის შემცირება დააფინანსა, 10-ჯერ უფრო ხარჯთეფექტურად გაიარა ეს გზა, ვიდრე იმან, რომელმაც ზიანის შემცირება არ დააფინანსა.

ადამიანის უფლებებს, სამართლიანობასა და თანასწორობას რომ თავი დავანებოთ, ჩვენ იმდენად ღარიბი ქვეყანა ვართ, რომ ფუფუნება არ გვაქვს, ზიანის შემცირება არ დავაფინანსოთ, რადგან დღეს არდაფინანსებული ზიანის შემცირება ნიშნავს ხვალ ჩვენს სანაცნობოში 5 აივ/შიდსით დაავადებულ ადამიანს, ნიშნავს 3 ზედოზირებით გარდაცვლილ ადამიანს“. – გვითხრა სათემო ორგანიზაცია „მანდალას“ ხელმძღვანელმა, თემო ხატიაშვილმა.

ამრიგად, ფაქტია, რომ ნარკოდამოკიდებული ადამიანები ჯერ კიდევ „უხმო უმრავლესობად“ რჩებიან, საზოგადოებას კი მათ მიმართ, ნდობის მანდატი აქვს გამოსაცხადებელი, რათა ერთიანი ძალისხმევით ერთხელ მაინც დაიძრას „გაულღობელი ყინული“ და როგორც თემი თავად ამბობს, „ეს ის ხალხია, რომელიც ქვეყანას სჭირდება“.

ამ სურათზე მიუთითებს, როგორც სფეროში მომუშავე ექსპერტების, ისე იურისტების, კომუნიკაციების სპეციალისტებისა და უშუალოდ თემის წარმომადგენლების განწყობა, რომლებიც ცალსახად ამბობენ, რომ დღეს, ქვეყანაში, ნარკოდამოკიდებულების მქონე მოქალაქეები კვლავ ყველაზე გარიყულ და სტიგმატიზებულ ჯგუფად მიიჩნევიან, რაკიღა მათთვის როგორც პოლიტიკა, ისე კანონმდებლობა ისევ სადამსჯელოა და არა მზრუნველობითი, რაც ვერ და არ შეიძლება თანასწორ გარემოდ განვიხილოთ.

ამ ფონზე კი, მდგრადი განვითარების მიზნის მისაღწევად, რომელიც თავის მხრივ, მრავალმხრივ, გრძელვადიან შედეგზე გათვლილი პროცესია, ბიზნესის როლი უმნიშვნელოვანესია, რაც სექტორის მხრიდან, განსაკუთრებით დაუცველი, მოწყვლადი ჯგუფების სოლიდარობასა და მხარდაჭერაში უნდა გამოიხატებოდეს და რაც ბიზნესის მხრიდან, თანასწორობის პრინციპების დასამკვიდრებლად ახალი და ეფექტური შესაძლებლობების დამკვიდრებას გულისხმობს.

 

 

პოპულალურები