დედაქალაქებში ტურიზმის ტრადიციული ფორმები სულ უფრო მეტად იცვლება ალტერნატიული, სპეციფიკურ ინტერესებზე მორგებული მარშრუტებით. ამ ტენდენციის ფარგლებში, რომში ახალი სპორტულ-შემეცნებითი ტური ამოქმედდა რომელიც ტურისტებსა და ადგილობრივებს იტალიის დედაქალაქის ისტორიული ძეგლების დათვალიერებას იქ მობინადრე კატების გაცნობასთან ერთად სთავაზობს.
ტურის ინიციატორია „ArcheoRunning“, რომელიც 2016 წლიდან სთავაზობს მოგზაურებს, გიდის თანხლებით, სარბენ ტურებს მარადიულ ქალაქში. აღნიშნული კომპანიის ახალი პროექტი აერთიანებს ჯანსაღი ცხოვრების წესს, კულტურულ მემკვიდრეობასა და ფელინოლოგიურ ტურიზმს – მიმართულებას, რომლითაც მსოფლიოში ისეთი ქალაქებია ცნობილი, როგორებიცაა სტამბოლი და კოტორი.
ტურს უძღვება ხელოვნებათმცოდნე და „ArcheoRunning“-ის დამფუძნებელი იზაბელა კალიდონა.
მარშრუტის სიგრძე ექვს კილომეტრს შეადგენს. ტური დილის 06:00 საათიდან 07:00 საათამდე შუალედში იწყება – მანამ, სანამ ქალაქი გამოიღვიძებს, რათა მონაწილეებმა აუჩქარებლად შეძლონ ქალაქის აღქმა.
მარშრუტი სიმბოლურად მარსის ველზე (Campo Marzio), ისიდასა და სერაპისის ანტიკური ტაძრის ნანგრევებიდან იწყება, ვინაიდან ძველ ეგვიპტეში კატა წმინდა არსებად მიიჩნეოდა. საექსკურსიო გეგმა მოიცავს რამდენიმე საკვანძო ლოკაციას:
- ლარგო არგენტინას წმინდა ზონა (Area Sacra) – ანტიკური მოედანი, სადაც ამჟამად კატების ცნობილი თავშესაფარი და ისტორიული კოლონია ფუნქციონირებს.
- კაპიტოლიუმის ბორცვი და კოლოსეუმი – პანორამული ხედებისა და არქიტექტურული ძეგლების დათვალიერება.
- ცესტიუსის პირამიდა – ტურის საფინალო წერტილი, რომელიც ასევე გამოირჩევა კატების მაღალი პოპულაციით.
ტურის ღირებულება იწყება 50 ევროდან ერთ პერსონაზე, იმ პირობით, თუ ტურში მინიმუმ ხუთი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.
