LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარადონა მოკვდა: გოგო, რომელსაც სხვებივით ცხოვრების მორიდებული სურვილი ჰქონდა

227
127636473-10215105198182791-5126596429868659837-n

„მას შავი თვალები, ნაჩუქარი ჩექმები, ფეხბურთის გამო შერქმეული ბიჭური სახელი და უფრო მეტის ცოდნის, სხვებივით ცხოვრების მორიდებული სურვილი ჰქონდა“.

თქვენ იცნობდით ქართველ მარადონას? შავთვალა ყოფილა, ლაღი, გრძელთმიანი გოგო, დიახ, გოგო!

დიეგო მარადონას გარდაცვალებას ქართველი ქომაგებიც გამოეხმაურნენ, ერთ-ერთი საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა ფეისბუქმომხმარებელმა Zura StepHania-მ, რომლის მიერ მოთხრობილი სევდიანი ამბავი ქართველ გოგო “მარადონაზე” სოციალურ ქსელში ვრცელდება:

 

„ძალიან დიდი ხნის წინ, ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, მაღაზიაში ვმუშაობდი. ზაფხული იყო და ხშირად შემოდიოდნენ ბოშა ბავშვები, ხან წყალი უნდოდათ, ხან ათვალიერებდნენ, ერთობოდნენ.. როგორც ხდება ხოლმე, ხმაურით, მოურიდებლად. აზრიც არ ჰქონდა შეწინააღმდეგებას, ეს, ძირითადად, უარესს იწვევდა.

საერთოდ, ყოველთვის ვერიდები კონფლიქტურ სიტუაციებს, არ მიყვარს, ვის უყვარს.. ხოდა, ვცადე საერთო ენის გამონახვა. უბრალოდ წყალი შევთავაზე, სანამ შემოვიდოდნენ, დავასწარი, შემოდით დალიეთ-მეთქი. იმოქმედა, არ ველოდი.

ერთი შავთვალა გოგო იყო, ლაღი, გრძელი თმებით. აშკარად ჯგუფის უფროსი ან ისეთი, სიტყვა რომ ეთქმის. როგორც კი ყველამ გული იჯერა დისპენსერთან ურთიერთობით, თავის ენაზე ხმამაღლა რაღაც ბრძანება გასცა, აქ ჭკვიანად იყავით, აღარ შემოხვიდეთო.. მე ასე გავიგე, რადგან ამის შემდეგ მართლა აღარ “გვაწუხებდნენ”… სხვები გარეთ ელოდებოდნენ, მარტო თვითონ შემოდიოდა, დაჯდებოდა სკამზე და ასე, დისტანციიდან, მორიდებით აკვირდებოდა ყველას და ყველაფერს, კომპიუტერს, მაგიდას, ქაღალდებს…

მახსოვს, ვიღაც პედაგოგ ქალზე მელაპარაკა, რომელიც თურმე ტანსაცმელს ჩუქნის ხოლმე, ეს ჩექმებიც მან მისცა და ქართულად კითხვაც უნდა ასწავლოს.. თან სულ თავის ჩექმებს უყურებს, უნდა რომ სხვებმაც შეამჩნიონ, რა კარგი ჩექმები აცვია, მასაც რომ კარგად აცვია.

ნამდვილი სახელი რა ერქვა ამ ბავშვს არც ვიცი. მარადონათი გამეცნო. გოგო და მარადონა? ხო, ფეხბურთის თამაში უყვარს.. ყველა მარადონას ეძახის და ეს მოსწონს. მარადონა, რატომაც არა. მარადონა..

მერე გავიდა ერთი წელი, უკვე ისანში მომიწია ყოფნა.. იქაც შემოვარდნენ ბავშვები, „წყალი გვინდას“ ყვირილით, ხმაურით, მინის კარზე ხელების ფათურით.. რამდენიმე ვიცანი და მარადონა მოვიკითხე, სადაა მეთქი?

– მარადონა მოკვდა – ისე მიპასუხა ერთმა პატარა გოგომ, როგორც დღეს გადავძახეთ ერთმანეთს: მარადონა მოკვდა.

– რაა? რას ჰქვია მოკვდა? – ვერ დავიჯერე. რას უნდა მოეკლა. იქნებ ხუმრობს.

– მანქანა დაეჯახა მარადონას. შენ იცნობდი მარადონას? – მკითხა და პლასტმასის სავსე ჭიქით გარეთ გავარდა.

პასუხს არ დაელოდა, მაგრამ ალბათ ვეტყოდი, რომ ვიცნობდი. რომ მას შავი თვალები, ნაჩუქარი ჩექმები, ფეხბურთის გამო შერქმეული ბიჭური სახელი და უფრო მეტის ცოდნის, სხვებივით ცხოვრების მორიდებული სურვილი ჰქონდა”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g