LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ ჯოლოგუა: „თავისუფალი თეატრიდან“ წამოსვლის შემდეგ ბევრს ეგონა, რომ მსახიობობა აღარ მინდოდა… მაქვს საშუალება ჩემი წვლილი შევიტანო  მომავლის, ანუ ბავშვების განვითარებაში…“

421
მარიამ ჯოლოგუა (1)

რადიო „ფორტუნას“ და გადაცემას „არტ-FM“ თეატრისა და კინოს მსახიობი, სტუდია Et Cetera-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი – მარიამ ჯოლოგუა სტუმრობდა, რომელმაც სტუდიის საქმიანობასა და ივნისის თვეში დაგეგმილ სპექტაკლებზე ისაუბრა.

მარიამ ჯოლოგუა:

პირველ რიგში, 1-ელ ივნისს – ბავშვთა დაცვის დღეს ვულოცავ ბავშვებსა და მათ მშობლებს. ძალიან გამიმართლა, რადგან ახლო ურთიერთობა მაქვს ბავშვებთან და ყოველთვის შემიძლია დღესასწაულის არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით მილოცვა. ტრადიციულად, ჩვენი სტუდია ყოველი წლის 1-ელ ივნისს აქვეყნებს ზაფხულის სპექტაკლების განრიგს, რომელთაც ჩვენი ბავშვები შესთავაზებენ თანატოლებს.

თებერვლის თვეში Et Cetera-ს მეორე ფილიალი ამუშავდა და ახლა ოთხი ჯგუფი გვყავს. ძალიან გვაინტერესებდა, როგორ გავართმევდით თავს დაკისრებულ მისიას და გამოწვევების მიუხედავად, მაინც მოვახერხეთ ოთხივე ჯგუფისთვის სპექტაკლების დადგმა.  

ჩვენს სპექტაკლებში ბავშვებთან ერთად მოწვეული მსახიობებიც სისტემატურად მონაწილეობენ. ტრადიციულად იმ მსახიობებს ვირჩევთ, ვისი ნახვა ყოველთვის უხარიათ ბავშვებს. საბედნიეროდ, უამრავ ნიჭიერ მსახიობთან შევძელით თანამშრომლობა, ვინც სიამოვნებით დათანხმდა ჩვენს შეთავაზებას. რა თქმა უნდა, ცნობილი მსახიობების მონაწილეობით ჩვენი სპექტაკლები უფრო შთამბეჭდავია,  თუმცა, უმთავრესი მაინც მათი ურთიერთობაა ბავშვებთან, რადგან პატარები საკუთარ კერპებს ხვდებიან, მათთან გასაუბრების და ურთიერთობის საშუალება ეძლევათ, რაც ერთი მხრივ, გამოცდილების შეძენაში ეხმარებათ, მეორე მხრივ, სასიკეთოდ აისახება მათ ფსიქიკაზე.

მართალია, წელს ნამდვილი ვარსკვლავები მოვიწვიეთ, მაგრამ დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ. მსახიობები აქტიურად ჩაებნენ მუშაობაში და გადიან რეპეტიციებს ბავშვებთან ერთად. დარწმუნებული ვარ, მაყურებელსაც ისევე გაუხარდება ჩვენი ვარსკვლავების ხილვა, როგორც ბავშვებს გაუხარდათ.

სეზონი 7-8 ივნისს გაიხსნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრში, სადაც  Et Cetera-ს მეორე ფილიალის ბავშვების მონაწილეობით დაიდგმება სპექტაკლი. 14-15 ივნისს მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე წარვადგენთ მორის მეტერლინკის „ლურჯ ფრინველს“, 18-20 ივნისს კი, თეატრ-სახელოსნოში დავდგამთ ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის „პატარა პრინცს“. ეს რაც შეეხება საბავშვო სპექტაკლებს, ცალკე პროგრამა გვაქვს მოზარდებისთვის, რომელიც სტარტს თვის ბოლოს აიღებს სამეფო უბნის თეატრში.

მართალია, ხშირად მაქვს სპექტაკლებში მონაწილეობის სურვილი, მაგრამ ჯერ არ გამომდის პედაგოგობის მსახიობობასთან შეთავსება. სცენაზე გასვლა მობილიზაციას, საკუთარ თავზე კონცენტრირებას მოითხოვს, რისი ფუფუნებაც ნაკლებად მაქვს, რადგან სრულად ვარ ბავშვებზე კონცენტრირებული.

ძალიან რთული პერიოდი გვქონდა გასული წლის ზამთარში, თუმცა კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რამდენად საჭირო და მნიშვნელოვანია მომავლისთვის ბრძოლა. ბედის მადლიერი ვარ, რადგან მეც მაქვს საშუალება ჩემი წვლილი შევიტანო  მომავლის, ანუ ბავშვების განვითარებაში.

„თავისუფალი თეატრიდან“ წამოსვლის შემდეგ ბევრს ეგონა, რომ მსახიობობა აღარ მინდოდა, ამიტომ ხშირად მისვამდნენ მსგავს შეკითხვას. რა თქმა უნდა, მსახიობობა მინდა, რადგან სწორედ ესაა ჩემი პროფესია. ძალიან საინტერესო პროექტზე ვმუშაობთ თეატრ-სახელოსნოში, თუმცა, დეტალების დაკონკრეტებისგან ჯერ თავს შევიკავებ. გარდა ამისა, შემოდგომაზე ახალი ფილმის გამოსვლა იგეგმება, რომელიც ორ წლის წინ გადავიღეთ.

მსახიობია ჩემი უფროსი შვილიც. მე მგონი, ყველა კარგად იცნობს ბუკა თოლორდავას, რომელიც უმცროს ძმასთან – 12 წლის ნიკოლოსთან ერთად ჩემი მთავარი თანამოაზრე და მეგობარი, შემფასებელი და მაყურებელია, ყოველთვის ვინტერესდები მათი აზრით, რადგან ყოველთვის ობიექტურები არიან. ბუკა Et Cetera-ს ერთ-ერთ პირველ ჯგუფში იყო, ახლა კი, აქტიურად მეხმარება სტუდიაში, ნიკოლა სიამოვნებით მონაწილეობს ჩვენს სპექტაკლებში და ყოველთვის ძალიან საინტერესო რჩევებს მაძლევს.

სიმართლე ვთქვა, ძალიან არ მინდოდა, რომ ბუკა მსახიობი გამხდარიყო, სტუდიის მოსწავლეებსაც იმავეს ვეუბნები, სპექტაკლებში მონაწილეობა არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მსახიობები უნდა გახდნენ. ჩვენი მთავარი მიზანი ბავშვების კომპლექსებისგან გათავისუფლებაა, რათა უფრო ლაღები და თავდაჯერებულები იყვნენ.

მართალია, ჯერ ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი დავამთავრე, მერე კინო-ტელერეჟისურის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, მაგრამ არცერთი პროფესიით არ მიმუშავია, რადგან სწავლის პერიოდშიც მსახიობობაზე ვფიქრობდი. საბოლოოდ, ოცნება ავისრულე და არასდროს მიფიქრია მისი შეცვლა. წარმოუდგენელი სიხარული მეუფლება ყოველი პრემიერის წინ, არაჩვეულებრივი განცდაა და ნამდვილად არ მინდა სხვა რამეზე გაცვლა.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g