LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ ქვრივიშვილმა ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს საქართველოს ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორებში არსებული ვითარება გააცნო

127
მარიამი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს საქართველოს ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორებში არსებული ვითარება გააცნო.

მან ტურიზმის სექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 2023 წლის სამ კვარტალში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა და რეკორდული რაოდენობა – 3.3 მილიარდი აშშ დოლარი დაფიქსირდა. მიმდინარე წლის პირველი სამი კვარტლის მდგომარეობით კი ქვეყანამ 5.6 მილიონ საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლა, რაც 2019 წლის მონაცემების 76.9%-იანი აღდგენაა.

მარიამ ქვრივიშვილმა ასევე ისაუბრა იმ საერთაშორისო შეჯიბრების შესახებ, რომლებიც ქვეყნის ზამთრის კურორტებზე – გუდაურში, ბაკურიანსა და თეთნულდზე გაიმართება. მისი თქმით, 2023 წელს ბაკურიანში წარმატებულად ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, გუდაური და ბაკურიანი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მუდმივ კალენდარში მოხვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო მსოფლიო თასის ეტაპებს ყოველწლიურად უმასპინძლებს.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო ავიაციის აღდგენის პროცესზეც. მაგალითად, 2023 წლის საპროგნოზო მონაცემების თანახმად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2023 წელს მგზავრების რეკორდულ რაოდენობას – 1.5 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურება. ასევე მოსალოდნელია, რომ 2023 წლის განმავლობაში რეკორდულად ბევრ მგზავრს მოემსახურება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიც, რომლის მგზავრთნაკადის ოდენობა 650 000-ს მიაღწევს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, კერძოდ, 2024 წლიდან თბილისის ახალი აეროპორტის პროექტის განხორციელება დაიწყება, შედეგად, ქვეყანა მიიღებს რეგიონში საუკეთესო, საერთაშორისო კლასის აეროპორტს, რომელიც იქნება ტრანზიტულ-ლოგისტიკური ცენტრი მაღალი დონის სამგზავრო და სატვირთო ტერმინალებით. მარიამ ქვრივიშვილმა ასევე ისაუბრა ქუთაისისა და თელავის აეროპორტების რეკონსტრუქციაზეც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები