LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ როინიშვილი: „თამრიკომ მითხრა, არ გეგონოს, რომ რადგან სცენაზე დგახარ, შენ ვინმეზე მეტი ხარო…“

29
მარიამ-როინიშვილი

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მსახიობი და მომღერალი, მარიამ როინიშვილი.

დავიწყოთ ყველაფერი თავიდან, შენ ხელოვანების ოჯახში გაიზარდე, როგორი ბავშვობა გქონდა?

გვერდიდან ვერ ვუყურებ ჩემს ოჯახს, მონაწილე ვარ ამ ყველაფრის და  ერთი ჩვეულებრივი, მოკრძალებული ოჯახის შვილი ვარ. ჩემი ოჯახის წევრები თავს არ ზოგავდნენ, საუკეთესო მაგალითი მოეცათ ჩვენთვის. მათგან ძალიან ბევრ რაიმეს ვსწავლობდი. მაშინ სუფრა სუფრა იყო, ძალიან საინტერესო ურთიერთობების მომსწრე ვიყავით, იუმორი, სიმღერა… ის ყველაფერი დღევანდელისგან რადიკალურად განსხვავდება. მიუხედავად რთული პერიოდებისა, მშობლები არასდროს გვაგრძნობინებდნენ ამას. მე მადლიერი ვარ მათი. მიუხედავად ასეთი გარემოცვისა, ამით არასდროს გვისარგებლია მე და კოკოს სკოლის პერიოდში. თამრიკომ მითხრა, არ გეგონოს, რომ რადგან სცენაზე დგახარ, შენ ვინმეზე მეტი ხარო. შენ გარშემო ძალიან ბევრი ნიჭიერი ბავშვიაო. ასევე გაიზარდა თამრიკოც.

მკაცრები იყვნენ შენი მშობლები აღზრდის პროცესში?

თამრიკო მომთხოვნი იყო, გია – არა. ყველაფრის ხელმძღვანელი თამრიკო იყო. მეც და კოკოც ზოგჯერ წავიზარმაცებდით ხოლმე. მიუხედავად ამისა, დამთმობებიც იყვნენ. რომ გავიზარდეთ, მერე უფრო საინტერესო გახდა ჩვენი ურთიერთობები. სხვათა შორის, ვფიქრობ ხოლმე, დიდი შეცდომა დავუშვი, რომ არ გავხდი ექიმი. ჩემი კონსერვატორიაში ჩაბარება უცბად გადაწყდა. მიუხედავად იმისა, რომ არაჩვეულებრივი პედაგოგები მყავდა, ფრაზის აღქმა და განცდა თამრიკომ მასწავლა. შენიშვნებს ახლაც ყოველთვის იძლევა ხოლმე. განსაკუთრებით მიყვარს კლასიკური მუსიკა, სულ მინდოდა თან მსახიობი ვყოფილიყავი, თან მუსიკოსი, შემდეგ გავთამამდი და გადავწყვიტე ცეკვაც მეცადა სცენაზე. 33 წლის ვარ და მუდამ ვცდილობ, რაიმე ახალი ვიპოვო საკუთარ თავში და არ გავიყინო ერთ ადგილზე.

შენ გყავს პატარა ქალიშვილი ელენე, რომელსაც აქვს სიმღერის ნიჭი…

მას აქვს სიმღერის ნიჭი, თუმცა ცეკვა უფრო უყვარს. ჯერჯერობით ასეა, შემდეგ, როგორ განავითარებს საკუთარ ნიჭს, ვნახოთ, ძალიან საინტერესო ადამიანია. როცა ერთად ვართ, ეს ოქროს წუთებია ჩემთვის, ბედნიერების უშრეტი წყაროა.

და ბოლოს, ვისაუბროთ მიუზიკლ „ჩიკაგოზე“, რომელმაც დიდი წარმატება მოგიტანა…

სულ მქონდა ოცნება, რომ მიუზიკლში გამოვსულიყავი, და აი, დადგა დრო და დამირეკეს. მოხდა როლების გადანაწილება, ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ზუსტად ის როლი მერგო, რაზედაც ვოცნებობდი. ჩემთვის დიდი პატივია ასეთ მსახიობებთან  სცენაზე დგომა. ის დილა, როცა „ჩიკაგოს“ დღეა, ბედნიერად თენდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები