LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიკა ბაკურაძის სელფები ტომ კრუზთან, ჯონი დეპთან და ბრედ პიტთან – რით გააკვირვა ლეონარდო დიკაპრიომ: „ერთი კადრისთვის უღირთ ყველაფერი…“

11842
bakuradze

„იმედის დღის“ წამყვანი, ტელეჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე მცირე ხნის წინ კანის კინოფესტივალიდან დაბრუნდა, სადაც ვარსკვლავების პრესკონფერენციებსა და ფილმის პრემიერებზე დასწრების შესაძლებლობა ჰქონდა. ის ერთადერთი იყო ჟურნალისტებს შორის, ვინც ტომ კრუზთან სელფის გადაღება მოახერხა. მარიკას არქივში იმ შვიდი წლის განმავლობაში, რაც კანის კინოფესტივალზე დადის, უამრავ ცნობილ ადამიანთან ერთად გადაღებული სელფი ინახება. ამბობს, რომ საპრესკონფერენციო დარბაზში შემოსულ ვარსკვლავებს კარგად ეტყობათ ხასიათი და დამოკიდებულება ადამიანების მიმართ და ასახელებს იმ ვარსკვლავებს, რომლებმაც ამ მხრივ მისი სასიამოვნოდ გაოცება შეძლეს, ასევე მათ, ვინც ნაკლებად ზრუნავს გარშემო მყოფებისთვის თავის მოწონებაზე.

მარიკა, შენ და კანის კინოფესტივალი განუყრელი მეგობრები ხართ – ყოველ წელს მოიკიდებ ზურგჩანთას, კამერას და ალბათ, ბევრმა არ იცის, მაგრამ მარტო, ოპერატორის გარეშე დადიხარ რეპორტაჟების მოსამზადებლად… უფრო ტანჯვაა, უფრო სიამოვნება, თუ ორივე ერთად?

(იღიმის) მეშვიდე წელი გახდა, რაც კანში დავდივარ და ექვსი წელი – რაც ბერლინალეზე. ამ შვიდი წლის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ მყავდა ოპერატორი. კი, რთულია მარტო სიარული, მაგრამ ჩემს თავთან იმდენად კომფორტულად მაქვს დალაგებული ყველაფერი, საკუთარის თავის გადაღებიდან დაწყებული, რომ სიმართლე გითხრა, რამდენადაც რთულია, იმდენად კომფორტულია.

სირთულეს რაც შეეხება, თავად ფესტივალის ტემპი ისეთია, რომ დაეწიო და ყველაფერი მოიცვა, მართლა ძალიან ბევრი დრო გჭირდება. მაღიზიანებს ხოლმე გამოთქმა, „რა გენაღვლება, კანში ხარ“, მართლა რა მენაღვლება, ასეთ შესანიშნავ ღონისძიებაზე რომ ვარ, მაგრამ ჩათვალეთ, რომ დასვენების დრო არ არსებობს. არ აქვს მნიშვნელობა, სად ჩატარდება ფესტივალი, კანში თუ ბერლინში, რადგან სეირნობისა და ქალაქის დათვალიერების დრო მხოლოდ ერთი დღე შეიძლება იყოს. ძალიან დიდი კონკურენციაა. ამ ფესტივალზე დადის ჟურნალისტებისა და კრიტიკოსების არმია და ყველა მათგანის მიზანი ერთია – ჩაწეროს ვარსკვლავი, ჰქონდეს ექსკლუზიური რეპორტაჟი, მიუახლოვდეს ვარსკვლავს. რაც ამ ფესტივალებზე სიარული დავიწყე, სულ სხვა მასშტაბში დავინახე კონკურენცია – ეს არ არის შენს გემოზე რეპორტაჟის მომზადება, ყველა ერთად ჩარჩოში ხართ, ერთი მოცემულობა გაქვთ და იმ ერთ მოცემულობაში უნდა გააკეთო შენი მაქსიმუმი. ამას სჭირდება დაუზარლობა, საათობით რიგში დგომა, უფრო ადრე უნდა მიხვიდე სადღაც, რომ უფრო წინ დაჯდე. თავიდან ცოტა მერიდებოდა და სულ არ მქონდა სითამამე, რაც იქ არის საჭირო. თავიდან, ვარსკვლავი რომ შემოვიდოდა და ვთქვათ,  ჯულია რობერტსისთვის, ჯულია-მეთქი, დამეძახა, მერიდებოდა. მერე მივხვდი, იქ დადის ხალხი, ფოტოგრაფები, რომლებიც ისე კივიან, ერთი კადრისთვის უღირთ ყველაფერი. გავათვითცნობიერე, რომ ეს ასე უნდა იყოს. ჩემს თავზე ცოტა მუშაობა დამჭირდა, რომ ეს მომენტი კარგად გამეთავისებინა.

ტომ კრუზთან სელფი ერთადერთი გამოდგა ხომ? მეტი ვერავინ მოახერხა…

ტომ კრუზთან, ბრედ პიტთან და ჯონი დეპთან, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ საქართველოდან მხოლოდ მე მაქვს გადაღებული სელფი. თავიდან გაქვს მოლოდინის ეტაპი, როცა ვარსკვლავი შემოდის, იწყება წივილ-კივილი, ბრძოლა, ხალხის ტალღაში ჰყვები, თუ გამოვიდა სელფი, ძალიან ანერვიულებული ხარ, მართლა გადაიღე კადრი, მართლა ჩაწერე, რაც გინდოდა? გამოგივიდა? და შემდეგ მოდის სიამაყის შეგრძნება.

 

წარმოიდგინეთ, საპრესკონფერენციო დარბაზში საშინელ ხმაურში ისეთი ამბავი იწყება ხოლმე.. საოცარი მოვლენა იყო, როცა კანში სამი წლის წინ ჩავიდნენ კვენტინ ტარანტინო, ლეონარდო დიკაპრიო და ბრედ პიტი, არასდროს მინახავს ასეთი სავსე დარბაზი, უბრალოდ, სუნთქვა იყო შეუძლებელი. ეს ამდენი ხალხი გარინდული ელოდებოდა ამ სამეულის გამოჩენას. ხომ ნანახი გაქვთ, ცხოველების ნადირობის პროცესი? ვარსკვლავი რომ გამოჩნდება და იხუვლებს ხოლმე ხალხი… შესაძლებლობა რომ მქონდეს, ამ მომენტს ცალკე გადავიღებდი და დავაკვირდებოდი. ძალიან სასაცილოები ვართ ყველა, ვინც ამას ვაკეთებთ, მაგრამ ისიც ზუსტად ვიცი, რომ იმ წამის გამოტოვება არ ღირს, რადგან ჩათვალეთ, ყველაფერი გამოტოვეთ. მახსოვს, ჯულია რობერტსი წითელ ხალიჩაზე პირველად რომ ვნახე, ათასი ფოტოგრაფი მის სახელს რომ ყვიროდა, მივხვდი, როგორი სტრესის ქვეშ ცხოვრობენ ვარსკვლავები. კი, მათ ყველაფერი აქვთ, მაგრამ შეიძლება, ასეთი სტრესი ადამიანმა ვერ გადახარშოს. ძალიან ძნელია ყოველდღიურად ამ რეჟიმში ცხოვრება და სწორედ ამიტომაც არის უმეტესობა ანტიდეპრესანტების ქვეშ ხშირად.

„ფეისბუქზე“ დაწერე, რომ დარბაზში ჩანს ყველაზე მეტად მსახიობების ხასიათი, როგორ იქცევიან ისინი ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს. ვინ გაგაკვირვა დადებითად და უარყოფითად?

ჩემი შვილიდან დაწყებული, ყველა ჩამქოლავს ხოლმე, ამას რომ ვამბობ, მაგრამ უნდა ვთქვა – უარყოფითად გამაკვირვა ლეონარდო დიკაპრიომ, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნვითაა დაკავებული, აბა, ისე ზის თუ არა, როგორც უნდა იჯდეს, ქოჩორი სწორად დგას თუ არა. ასევე არის მონიკა ბელუჩიც. მიუხედავად იმისა, რომ საოცარი სილამაზის ქალია, სულ აკონტროლებს ყველა მიხვრა-მოხვრას, მიმიკას, რეაქციებსა და ღიმილს. ჟულიეტ ბინოში ცოტა უხასიათოა. შესაძლოა, ეს სიტუაცია ყელში აქვთ ამოსული და აკომპლექსებთ, თუმცა ფრანგები ზოგადად ასე არიან. მარიონ კოტიარს მივაწოდე კარიკატურა და ხელი არ მომიწერა… ფანტასტიკურია ტილდა სვინტონი, ასევე ემა ტომპსონი, უსაყვარლესია ბილ მიურეი, ჯონი დეპი მართლა ძალიან თბილია. ასევე გადასარევია ბანდერასი, რასაც ხავიერ ბარდემზე ვერ ვიტყვი, არ არის ასეთივე თბილი. ძალიან საყვარელია უილ სმიტი.

წითელი ხალიჩის შემდეგ საქართველოში დაბრუნება და ადგილობრივ თემებზე მუშაობა… როგორ გადმოერთვები ხოლმე?

მენატრება და დიდხანს გამომყვება ხოლმე, თუ ადრე ჩამოვედი და ფესტივალი მიმდინარეობს, სულ ვუყურებ ლაივებს. ჩვენი პროფესიის მთავარი ჯადოსნობა ისაა, რომ ყველა ამბავი თანაბრად უნდა გაინტერესებდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საინტერესოდ ვერ გადმოსცემ და მაყურებელსაც აღარ დააინტერესებს. ჩემს არქივში არაჩვეულებრივი რეპორტაჟებია, რომლებიც რაიონებში მიკეთებია, „იმედის გმირებით“ მთელი საქართველო მომივლია, არ მგონია, ჩემი პროფესიული ამბები მხოლოდ კანის და ბერლინის კინოფესტივალების გაშუქებით იზომებოდეს. ეს მეშვიდე წელია, რაც ხდება,  ჩემი პროფესიული საქმიანობა კი 21 წელს ითვლის, თითოეულ სოფელში რომ ჩემი პერსონაჟი მეგულება, ძალიან სასიამოვნო და ფასეულია. საფესტივალო ცხოვრება ძალიან მომხიბვლელია, თორემ ინტერესი თანაბარია.

 

 

 

ინტერვიუ: ნინო მურღულია 

ფოტო: დათუნა აგასი

პოპულალურები