LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარინა ენდელაძე: „ვიცი, რომ ჩემს შვილს ძალიან გაახარებდა ის, რასაც ახლა ვაკეთებთ…“

9848
endeladze marinaa

2017 წლის 28 მარტი – ეს არის ყველაზე მძიმე დღე ცნობილი ექიმის, მარინა ენდელაძის ცხოვრებაში. ამ დღეს მისი ერთადერთი შვილი, ირაკლი ძიმისტარიშვილი დაიღუპა. მანამდე მარინა ენდელაძეს საყვარელი დისშვილი ასევე მოულოდნელად, გულის პრობლემით გარდაეცვალა და როგორც თავად ამბობს, ამ დროიდან მოყოლებული მისი ვაჟი ხშირად ფიქრობდა სიკვდილზე… თავად ცუდი წინათგრძნობა არასდროს ჰქონია.

შვილის გარდაცვალებიდან სამი თვის შემდეგ მარინა ენდელაძე პირველად გავიდა სამსახურში… „პირველი პაციენტის მოსმენისას მივხვდი, რომ გონება მასზე გადაერთო და პირველად ამ სამი თვის განმავლობაში სხვა რამეზე ვფიქრობდი. ჩემმა საყვარელმა საქმემ გადამარჩინა“ , აღნიშნავს fortuna.ge–სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ცნობილი ექიმი, რომლის ცხოვრებას ეტაპებად ერთად გადავავლეთ თვალი.

თქვენი ბავშვობის ყველაზე ნათელი მოგონება რომელია?

(იღიმის) ძალიან ბედნიერი ბავშვობა მქონდა. განსაკუთრებული კაშკაშა მოგონებაა, როდესაც მეათე კლასში ფიზიკის ოლიმპიადაზე გავიმარჯვე. ეს ჩემი პირველი პირადი წარმატება იყო.  ბევრი კარგი მოსაგონარი მაქვს ბავშვობიდან. ოჯახმა დიდი როლი ითამაშა ჩემს პიროვნებად ჩამოყალიბებაში. ჩემი მშობლები იყვნენ ძალიან კეთილები, დამთმობები, გვქონდა უკონფლიქტო ოჯახი.

პროფესიული არჩევანის ბედი როგორ გადაწყდა?

ბავშვობიდან ძალიან მინდოდა ექიმობა, თუმცა როცა სამედიცინოზე ჩავაბარე, ჩემი ფიზიკა–მათემატიკის მასწავლებელი ძალიან გამიბრაზდა… არ უნდოდა, ჩემი ნიჭი დამეკარგა, მაგრამ სულითა და გულით მინდოდა ექიმობა. ოჯახში ექიმი არავინ ყოფილა. ბავშვობაში სულ ვთამაშობდი ექიმობანას, თოჯინებს ვსინჯავდი. ზოგადად, ბავშვები მიყვარდა ძალიან და პედიატრიული განხრით ჩავაბარე და დავამთავრე.

როდის მიხვდით, რომ ექიმად შედექით?

ინსტიტუტის დასრულების შემდეგ, პედიატრიაში ერთწლიანი ინტერნატურა გავიარე. უკვე იქიდან მოყოლებული მივხვდი, რომ ექიმი ვიყავი, რადგან აქტიური პრაქტიკა მქონდა. ყველაზე მეტად იცით, რა დამამახსოვრდა? ძალიან მძიმე ორ პაციენტს ვმკურნალობდი, ახალშობილ ტყუპებს, თანდაყოლილი პათოლოგიით. ბავშვები გარდაიცვალნენ… ეს იყო 1981 წელი. გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩემთან მოვიდნენ მშობლები და მომართვეს ფრანგული სუნამო. სხვანაირი განცდა იყო. მაშინ მივხვდი, რომ მიუხედავად ასეთი მძიმე შედეგისა, მაინც დამიფასეს ჩემი შრომა და ღვაწლი, სამწუხაროდ, სხვანაირი გამოსავალი ვერ იქნებოდა… მათ გადასარჩენად დიდხანს ვიბრძოდი და მშობლების დაფასება მნიშვნელოვანი იყო.

ტრაგიკულთან ერთად ექიმებს გვამახსოვრდება, როცა განსაკუთრებით მძიმე პაციენტი გამოჯანმრთელდება. ასეთი ერთ–ერთი პირველი შემთხვევა მახსოვს, მყავდა პაციენტი, რომელსაც ჰქონდა ძალიან სერიოზული დაავადება. მისი გვარი და სახელიც მახსოვს… რომ გამოვაჯანმრთელეთ ის 11 წლის ბიჭუნა, ძალიან ბედნიერი ვიყავი. ჩვენი პროფესია ძალიან რთულია, მაგრამ ექიმისთვის უდიდესი ბედნიერებაა პაციენტის გამოჯანმრთელება. შემდგომში ასეთი პაციენტი ძალიან ბევრი ყოფილა.

რაც შეეხება ინფექციურ დაავადებებს, აქ  იმდენად ბევრია, რომ ვერ გამოვყოფ. ზოგადად ვიტყვი, რომ ძალიან ბევრი კმაყოფილი პაციენტი მყავს.

ეჭვგარეშეა, რომ ასეა. ქალბატონო მარინა, ექიმებს ყველაზე მეტად რისი გეშინიათ?

(ფიქრობს) რა გითხრათ… ავადმყოფობების მიმართ შიში არ გვაქვს. ვერ გეტყვით, რისი მეშინია ყველაზე მეტად, თითქოს არაფრის, თუკი მედიცინასთან კავშირში მეკითხებით. არასდროს დამიხევია უკან არც ერთ მძიმე და გადამდებ პაციენტთან ურთიერთობაზე. საერთოდ, მშიშარა ადამიანი არ ვარ. ექიმებს უფრო მეტად გვეშინია პაციენტის გარდაცვალების. სხვისი სიკვდილის მეშინია, ჩემი სიკვდილის – არა. ეს თემა ჩემთვის ცოტა მძიმეა, ჩემი ოჯახური ტრაგედიის გამო. უფრო მეტად ვიბრძვი ადამიანის სიცოცხლისთვის ახლა…

თვისებები, რომლებსაც საკუთარ თავში აფასებთ, მოგწონთ ან არ მოგწონთ…

თითქოს ცოტა აფექტური ვარ, მაგრამ ძალიან არა. სიმართლის დამალვა ცოტა მიჭირს, პირდაპირი ადამიანი ვარ. რაც გულში მაქვს, პირდაპირ ვეუბნები ყველას (იღიმის). ძალიან მაღიზიანებს ტყუილი და წყობიდან ნამდვილად გამოვყავარ. შეიძლება, ასეთ დროს ვიყო აფექტური. კეთილი ტყუილი ალბათ ყველა ჩვენგანს უთქვამს, განსაკუთრებით პაციენტის დასამშვიდებლად, მაგრამ ზოგადად ტყუილი არ მიყვარს და სხვებისგანაც იმავეს ვითხოვ.

ძალიან რთულია საკუთარ დადებით თვისებებზე საუბარი, მაგრამ ერთს ვიტყვი – ალბათ, ბოროტი არ ვარ, არ მაღიზიანებს სხვისი ბედნიერება და ამანაც გადამატანინა ჩემი მძიმე ტრაგედია.

 

პროფესიაში თავდაჯერება დაგიკარგავთ?

შეიძლება, ყოფილა ასეთი მომენტიც. რაღაც ნაბიჯის გადადგმის შეგშინებია, მაგრამ ასეთს ბევრს ვერ ვიგონებ. შეიძლება, მძიმე ავადმყოფის შემთხვევაში გეშინოდა, რასაც აკეთებდი, მაგრამ ნაკლებად ყოფილა, რადგან რისკიანი ვარ. გამირისკავს და ყველა ჯერზე გამმართლებია. შეიძლება ითქვას, რომ პროფესიულად აზარტული ვარ. მიყვარს მძიმე ავადმყოფთან ურთიერთობა. როცა ვმკურნალობ და კარგად სრულდება, ეს არის სწორედ პროფესიული აზარტი. ახალგაზრდა ექიმი რომ ვიყავი, იქიდან მოყოლებული ვითხოვდი, მძიმე ავადმყოფთან მე შემიშვით–მეთქი.

პროფესიულ რჩევას ვის ეკითხებით ხოლმე ყველაზე ხშირად?

ექიმისთვის რჩევის კითხვა სირცხვილი არ არის. არა მხოლოდ ახლა, ზოგადად მძიმე ავადმყოფებს ექიმების გუნდთან ერთად განვიხილავთ ხოლმე. ორ ექიმთან მაინც განვიხილავთ ხოლმე, თუნდაც ეს ჩვეულებრივი პაციენტი იყოს, არა მძიმე, რომელსაც ჩვენს ზემდგომთან ერთად განვიხილავთ. ექიმობაში, ასე ვთქვათ, ეს „მოსულა“. პროფესორმა ეთერ ბოცვაძემ იცოდა ხოლმე თქმა, სტუდენტმაც რომ თქვას რაღაც, ისიც შეიძლება გაიზიაროო. ექიმებს შორის აზრების გაზიარებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენს კლინიკას ჰყავს სამედიცინო დირექტორი, ასევე გენერალური დირექტორი, ბატონი თენგიზ ცერცვაძე, რომელიც მსოფლიოში აღიარებული მეცნიერია. მასთან განიხილება ყველა მძიმე პაციენტი და გადაწყვეტილებას ვიღებთ მასთან შეთანხმებით.

ჩვენთან ახლა არის კოვიდინფექცია, მაგრამ მანამდე ხშირად გვქონია გაურკვეველი დიაგნოზებიც და ყველა ასეთ შემთხვევას ბატონ თენგიზთან განვიხილავთ. საბედნიეროდ, საბოლოოდ, ბევრისთვის დაგვისვამს დიაგნოზი. ზოგადად, გვყოლია რაოდენობრივად ბევრი პაციენტი, მაგრამ კოვიდი განსაკუთრებული შემთხვევაა, რადგან მაინც ჯერ კიდევ ჰქვია გაურკვეველი დაავადება და საკმაოდ სერიოზული, ვისთან როგორ დამძიმდება, ამისი პროგნოზირება რთულია. თუმცა ჩვენ შევიმუშავეთ გარკვეული ტაქტიკა. ჩვენთან რომ მოთავსდნენ, ამან დიდი როლი შეასრულა, რომ ბევრი პაციენტი არ დამძიმდა. წინასწარ ვაკეთებდით პროგნოზს, ვინ შეიძლებოდა დამძიმებულიყო და ვერეოდით სიმპტომატური მკურნალობით. ამან დიდი როლი ითამაშა, რომ არ გვყავს ბევრი მძიმე პაციენტი და ბევრი გარდაცვლილი, სხვა ქვეყნებთან შედარებით. აქ სახელმწიფოს როლიც ძალიან დიდია, რადგან თავიდანვე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ყველა კოვიდინფიცირებული კლინიკებში მოთავსებულიყო.

უკვე ახსენეთ პირადი ტრაგედია და მინდა გკითხოთ თქვენი ცხოვრების რთულ დღეზე…

ბევრი რთული დღე მქონია, მაგრამ ყველაზე მძიმე 2017 წლის 28 მარტი იყო, – უსაშველო დღე… ამ რთული მდგომარეობიდან თუ გამოვიდოდი, ვერავინ იფიქრებდა. ეს არის ჩემი შვილის გარდაცვალების დღე… ჩემი მეუღლე შვიდი წლით ადრე გარდაიცვალა და ეს იყო უმძიმესი დღე ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ შვილის გარდაცვალება ისეთი რამეა…

როცა ამბობენ, რომ დრო ყველაფრის მკურნალია, ამ ფრაზას როგორ უყურებთ?

დრო მკურნალი არ არის, უბრალოდ, ეჩვევი ასეთ სიმძიმეში ცხოვრებას. დროს მოაქვს ის, რომ სიმწარესთან ერთად იცხოვრო, შეასრულო შენი საქმე. შვილი ისეთია, მის გარდაცვალებას ვერ შეეგუები, მას ვერ დაივიწყებ, ამ შეგრძნებასთან ერთად სწავლობ ცხოვრებას, სხვა განზომილებაში გადადიხარ. ჩემი პროფესია რომ არა, ალბათ, ამას ვერ გადავიტანდი. ჩემი თანამშრომლები დამიდგნენ გვერდში და არ მომცეს საშუალება, შინ დიდხანს ვყოფილიყავი. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე. ვერ წარმოიდგენთ, შვილის გარდაცვალებიდან სამი თვის შემდეგ სამსახურში რომ გავედი და პირველი პაციენტი გავსინჯე, მის ანამნეზს რომ ვისმენდი, მივხვდი, რომ ჩემი გონება პირველად გადაერთო სხვა რამეზე. ვიყავი პაციენტთან…  იმ წუთებში ბედნიერი ვიყავი, რადგან სხვა რამეზე ვფიქრობდი. რაღაც მომენტში გაითიშა ტვინი…

სულ აქტიური ვიყავი, ყოველთვის გვიანობამდე ვმუშაობდი, მაგრამ ახლა პაციენტებთან ურთიერთობა ჩემთვის კარგი გამოსავალია, გადართული ვარ სხვა თემაზე. ძალიან დამეხმარა, რომ სხვა რამეზეც ვიფიქრო, თუმცა ჩემი შვილი სულ ჩემთან ერთად არის… ახლაც რომ გესაუბრებით, მეჩვენება, რომ მისმენს… ჩაცმის სტილიც კი შევიცვალე, მას როგორც უყვარდა, ისე ვიცვამ, დაბალქუსლიან ფეხსაცმელს, კედებს… მას როგორც მოეწონება, მინდა, ისე მოვიქცე. ერთადერთი, შავთან დაკავშირებით ვერ გადავწყვიტე… მიჭირს ძალიან შავების გახდა, თუმცა ჩემი შვილიშვილი სულ მეუბნება, რომ ირაკლის ეს არ მოეწონებოდა…

ერთი შვილიშვილი გყავთ? როგორი ურთიერთობა გაქვთ?

ცოტნე ჩემთან ცხოვრობს, 16 წლისაა. 14 წლის ასაკში ევროპაში პირველი და მსოფლიოში მესამე ჩოგბურთელი იყო, მამის გარეშე ვეღარ შეძლო, ირაკლი იყო მისი მენეჯერიც, ტრენერიც, ყველაფერი. სულ ირაკლის დაჰყავდა ტურნირებზე, საზღვარგარეთ მუდამ ერთად დადიოდნენ. ახლა ცოტნე ხატავს, სწავლობს… ის რომ არ მყავდეს, არ ვიცი… თანაც, მამამისის ასლია, კოპირებითაა გადაღებულიო, ასე ამბობენ (იღიმის). ხშირად მეშლება ხოლმე, ირაკლის ვეძახი. ერთხელაც მითხრა, შენ გინდა ცოტნე დამიძახე და გინდა ირაკლიო. ჩემთვის ცოტნე ყველაფერია ამქვეყნად, შვილიც და შვილიშვილიც. მას ბევრ რამეს ვუზიარებ. რჩევებს სულ შვილს ვეკითხებოდი, მის გარეშე არაფერს ვაკეთებდი. ახლა ცოტნეს ვეკითხები.

ქალბატონო მარინა, წინათგრძნობა გქონდათ ტრაგიკული შემთხვევის წინ?

მე არა, მაგრამ ირაკლის ჰქონდა. შვილის გარდაცვალებას ვერაფრით დავუშვებდი, წარმოუდგენელი იყო, რომ მას რამე მოსვლოდა, მით უმეტეს, ჯანმრთელი ადამიანი იყო. მანამდე დისშვილი გარდამეცვალა, ირაკლის ტოლი იყო, ერთად გაიზარდნენ, ჩემთვის უდიდესი ტრაგედია იყო მისი გარდაცვალება. გამოდის, რომ ორი შვილი მყავს გარდაცვლილი… ჩემს დისშვილს გულმა უმტყუნა უეცრად… მისი გარდაცვალების შემდეგ ჩემი შვილი ხშირად ამბობდა, მეც მალე წავალო. ამაზე ხშირად ვჩხუბობდით. ჩემი დისშვილის შემდეგ სიკვდილის შიში დამეუფლა, თუმცა შვილის სიკვდილს ვერ დავუშვებდი…

თუ გიფიქრიათ, რას ეტყოდით ირაკლის, ცოცხალი რომ იყოს?

ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი… პირველ რიგში, ვთხოვდი, რომ თავს გაფრთხილებოდა, თუმცა მისი ბრალი არ იყო… ძალიან მოულოდნელი იყო… ბევრი რამ მექნებოდა მისთვის მოსაყოლი. რასაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ, ჩემს შვილს ძალიან გაეხარდებოდა და ვიცი, რომ ბედნიერი იქნებოდა. ამას სიზმარშიც მაგრძნობინებს. ხშირად მესიზმრება.

სანანებელი გაქვთ რამე?

ალბათ, ისევ ისე ვიცხოვრებდი, როგორც მიცხოვრია აქამდე… მგონია, რომ ჩემი შვილისთვის ყველაფერი გავაკეთე. მისთვის არაფერზე მითქვამს უარი. ჩემს შვილიშვილს რომ ჩოგბურთში მოღვაწეობა შეძლებოდა, ბინებიც კი გავყიდე, მოგეხსენებათ, ეს ძალიან ძვირი სპორტია. ჩვენ საკმაოდ უზრუნველყოფილი ოჯახი გვქონდა, მაგრამ მერე და მერე არ იყო საკმარისი და არაფერზე მითქვამს უარი…

როგორი წარმოგიდგენიათ თქვენი თავი 10 წლის შემდეგ?

არ წარმომიდგენია საერთოდ. ჩემს შვილთან მინდა წავიდე. მთავარია, ჩემი შვილიშვილი ფეხზე დადგეს. იმ დროისთვის დიდი იქნება…

თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდ მიღწევად რას მიიჩნევთ?

პროფესიულად ასე თუ ისე წარმატებული ვარ. ხალხის სიყვარული და მადლიერი პაციენტები ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.

ფოტო: დათუნა აგასი

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g