LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარინა კახიანი ტრისტან სარალიძეს იხსენებს: „მუდმივად ვკამათობდით, ორივე საკუთარ თავს ლიდერად მივიჩნევდით…“

867
მარინა-კახიანი

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მსახიობი, მარინა კახიანი.

მარინა, პირველ რიგში, ვიზიარებ მწუხარებას თქვენი მეგობრის, ტრისტან სარალიძის გარდაცვალების გამო. როგორ დაიწყო თქვენი მეგობრობა?

ბევრი დიდი არტისტი მიდის, თუმცა ზოგჯერ დიდი არტისტები ასეთ საყოველთაო სიყვარულს ვერ მოიპოვებენ ხოლმე და ტრისტანმა ეს მოახერხა. ტრისტანი უყვარდა ყველას. ეს უკვე ადამიანური თვისებების გამო. მე პირველ კურსზე ვიყავი, სექტემბერი იყო, ვათვალიერებდი თეატრალური ინსტიტუტის შენობას, დავდიოდი დარბაზებში, უეცრად ფორტეპიანოზე დაკვრის ხმა მომესმა, შევაღე კარი, დავინახე გრძელი შავი წვერით ახალგაზრდა გამხდარი ყმაწვილი, რომ დამინახა, შემომიპატიჟა. აი, ასე გავიცანით ერთმანეთი. ჩვენ ძალიან ახლო მეგობრები გავხდით. ის ჩემი მეუღლის ახლო მეგობარიც იყო, მის ფილმებში ხშირად თამაშობდა. მრავალსახოვანი მსახიობი გახლდათ, მასში იყო იუმორი და სევდა მონაცვლეობით, ჰქონდა საოცრად გამოხატული ინდივიდუალიზმი. ის იყო არაჩვეულებრივი მეუღლეც. სხვათა შორის, არაერთხელ იყო შეყვარებული, ერთხელ დამირეკა და მითხრა, მე ერთი გოგო ძალიან მომწონსო, მე მგონი, შეყვარებულიც ვარო, მინდა, ის შენ და გიას გაგაცნოთო, მოიყვანა ია და გაგვაცნო. ისინი საოცრად ბედნიერები იყვნენ. ჩვენ სულ ერთად ვიყავით, დაგვატარებდა სხვადასხვა ადგილას, უბედნიერესი ვარ, რომ ტრისტანი ჩემს ცხოვრებაში არსებობდა. ის მამის გარეშე გაიზარდა, დედამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მას არაფერი მოჰკლებოდა.

მას ერთად რაიმე მხიარული შემთხვევა ხომ არ გადაგხდენიათ?

გასტროლებზე ვიყავით ნიუ-იორკში, „მეფე ლირით“, 90-იანი წლები იყო. დილიდან ღამემდე რეპეტიციები გვქონდა. მანჰეტენზე ვცხოვრობდით. რეპეტიციების შემდეგ ერთად ვსეირნობდით ხოლმე. საღამოს „ბროდვეის“ სპექტაკლზე უნდა წავსულიყავით, გვეჩქარებოდა. მე და ტრისტანს მუდამ კამათი გვქონდა ხოლმე, ორივე საკუთარ თავს ლიდერად ვთვლიდით, რომელსაც ბრწყინვალე ინტუიცია ჰქონდა. მე დავიჩემე, რომ მეტროში უნდა ჩავმსხდარიყავით, მარჯვენა მხარეს, ტრისტანი კი საპირისპიროს ირწმუნებოდა. ძალიან ბევრი ვიკამათეთ, ბოლოს გავბრაზდი, ხელი დავავლე დარეჯან ხარშილაძეს და მარტოები მარჯვენა მხარეს ჩავსხედით. თავი გამარჯვებული მეგონა, ბოლოს კი აღმოვაჩინეთ, რომ სხვაგან გადავუხვიეთ და თავი ჰარლემში ამოვყავით. დარეჯანს ცრემლები მოადგა, ნეტავ, ტრისტანისთვის დაგვეჯერებინაო.

როგორი იყო ტრისტან სარალიძის ბრძოლა მძიმე დაავადებასთან?

სუნთქვის გაძნელების შემდეგ, ექიმთან მივიდა და სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, თურქეთშიც გადაფრინდა. იქიდან დამირეკა, ისეთი შემართებით იყო, კარგად ვარო… პირველი ქიმიოთერაპიის შემდეგ თეატრშიც ვნახე, შემდეგ კი ძალიან მალე განვითარდა ყველაფერი. ერთი თვით ადრე ცრუ ინფორმაცია გავრცელდა მისი გარდაცვალების შესახებ. მაგ დროს მკურნალობდა, რომ დამირეკეს, შოკი მქონდა, თუმცა რატომღაც არ დავიჯერე ეს ამბავი. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში არ მონახავს, ვერ წავედი, სულ ვამბობდი, მერე, ცოტა მოგვიანებით მოვინახულებ-მეთქი. ეს იყო საკუთარი თავის დაზოგვა.

ახლა თქვენზე ვისაუბროთ, შესანიშნავი ვოკალური მონაცემები გქონიათ, ყოველივე ეს – ხმა, პლასტიკა სცენაზე, პროექტში „ვინ ვინ არის“ შესანიშნავად გამოჩნდა…

მამა დირიჟორი იყო, მას დრამატული სოპრანო ჰქონდა. მშობლებს სურდათ, რომ მომღერალი გამოვსულიყავი. მიმიყვანეს კიდეც დიზი ხელაშვილთან, რომელიც პაატა ბურჭულაძის მასწავლებელი გახლდათ, მან მითხრა, რომ მეცოსოპრანო მქონდა, მაგრამ, ვერ დამითანხმეს. ასაკში რომ შევედი, მერე ვინანე, რატომ ვიყავი ასეთი კატეგორიული. ბალეტზეც დავდიოდი, თუმცა ამაზეც უარი ვთქვი, დრამატული თეატრი მინდოდა. რაც შეეხება პროექტს, დუტას ვეუბნებოდი, სპეციფიკური ხმა მაქვს და მიცნობენ-მეთქი. ბოლოს გადავწყვიტე, ანჟელიკა ვარუმის მსგავსად, წვრილი ხმით მემღერა, მეორე ჩანაწერში კი საერთოდაც კაცის ხმით ვიმღერე, იქ უფრო ვერ მიცნობდნენ. ძალიან აზარტული იყო, არის ამ პროექტში დიდი ხიბლი, ძალიან კარგი პროექტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები