“მარიუპოლში მასობრივი საფლავების მტკიცებულება იზრდება”, – ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისში აცხადებენ.
უკრაინაში გაეროს ადამიანის უფლებათა ჯგუფის ხელმძღვანელმა დღეს განაცხადა, რომ დამკვირვებლებმა მიიღეს ინფორმაცია ქალაქში მასობრივი საფლავების შესახებ, ერთ-ერთ მათგანში კი, დაახლოებით, 200 ცხედარი იყო.
მატილდა ბოგნერმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, რომ ზოგიერთ ადგილას ამის მტკიცებულებად სატელიტური სურათებიც გამოდგება.
შეგახსენებთ, ომის დაწყებიდან დღემდე, მარიუპოლი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილია. ქალაქი გარშემორტყმულია რუსი ჯარისკაცებით; ქალაქს არ მიეწოდება წყალი და ელექტროენერგია; მოსახლეობის დიდი ნაწილი საკვების გარეშეა დარჩენილი; ქალაქი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა.
ომის მიმდინარეობის განმავლობაში ქალაქში დაიბომბა – ბავშვთა საავადმყოფო, სამშობიარო, ქალაქის დრამატული თეატრი – რომელსაც 1 200 მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს.
დღეს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ 16 მარტს, თეატრის დაბომბვის შედეგად 300 ადამიანი დაიღუპა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში