რუსმა სამხედროებმა მარიუპოლის თეატრის შენობა დაბომბეს, სადაც 1 200-მდე მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს.
ინფორმაციას „ბიბისი“ მარიუპოლის მერის მოადგილეზე, სერჰი ორლოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
დაბომბვის შედეგად, დაინგრა დრამატული თეატრის ცენტრალური ნაწილი, ხოლო ნანგრევებით დაიფარა შენობაში არსებული ბომბსაფარის შესასვლელი. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
„დღეს რუსულმა ჯარებმა მიზანმიმართულად და ცინიკურად გაანადგურეს დრამატული თეატრი, რომელიც უშუალოდ ქალაქის ცენტრში მდებარეობს. თვითმფრინავმა დაბომბა შენობა, სადაც ასობით მშვიდობიანი ადამიანი აფარებდა თავს. ამ საშინელი და არაადამიანური საქციელის შეფასება ჯერ შეუძლებელია, რადგან ქალაქში საცხოვრებელი კვარტლების დაბომბვა გრძელდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე