უკრაინული დაზვერვის ცნობით, მარიუპოლის დაბომბვის ხელმძღვანელი, იგივე პირია ვინც რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმაში მონაწილეობდა.
რუსეთის კოსმოსური ძალების შორეული ავიაციის მეთაური, გენერალ ლეიტენანტი სერგეი კალიბაში წარმოშობით ოდესელია.
ინფორმაციაში, რომელსაც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახური ავრცელებს, ნათქვამია, რომ საერთაშორისო დამნაშავე, რომელიც საქართველოსა და სირიაში მშვიდობიან მოსახლეობას კლავდა, ისევ ერთგულად ემსახურება პუტინს, ამჯერად, მშობლიური მიწის განადგურებით.
ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ 2008 წლის აგვისტოში, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დროს, კალიბაში, როგორც 368-ე საავიაციო პოლკის მეთაური, როგორც მოიერიშე პილოტი, პირადადაც ბომბავდა ქართულ ქალაქებს. ერთ-ერთი დაბომბვისას ქართულმა ძალებმა მისი თვითმფრინავი ჩამოაგდეს, თუმცა კალიბაშმა კატაპულტირება მოასწრო.
“არ შემეძლო პირველი მე არ გავფრენილიყავი, რადგან ჩვენ, პილოტები, ასეთ ძლიერ წინააღმდეგობას მოწინააღმდეგისგან არათუ არ ველოდით, არამედ ასეთი რამ შეუძლებელიც იყო. ვიპოვეთ კოლონა, ცეცხლი გავუხსენით, ამ დროს ჩემს თვითმფრინავს დაარტყეს, მართვა დაკარგა. აღმოვჩნდი პირდაპირ ცხინვალის სამხრეთ საზღვართან. კატაპულტირება მოვახდინე, თვითმფრინავი კი აფეთქდა”, – იხსენებს ის ძველ ინტერვიუში.
მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის გამო პუტინმა მას რუსეთის გმირის წოდება მიანიჭა. კალიბაშისთან გადაღებული ფოტოები და მისი კომენტარები ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის არქივშიც ინახება.
