LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარკ ცუკერბერგის საოცარი წერილი ახალშობილ ქალიშვილს

158

Facebook-ის დამაარსებელი მარკ ცუკერბერგი მილოცვებს იღებს – რამდენიმე დღის წინ მას ქალიშვილი შეეძინა, რომელსაც მეუღლესთან – პრისცილა ჩანთან ერთად მაქსი დაარქვა. შვილის შეძენა ბევრს აიძულებს სხვანაირად შეხედოს სამყაროს და დაფიქრდეს, რამდენად კეთილი და უსაფრთხოა ის. არც მარკი აღმოჩნდა გამონაკლისი. Facebook-ში მან ღია წერილი გამოაქვეყნა, რომელიც ახალშობილ ქალიშვილს შეჰპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებს რათა სამყარო ოდნავ მაინც შეცვალოს უკეთესისკენ და ეს მხოლოდ სიტყვები არაა, მარკი გეგმავს დროთა განმავლობაში შეელიოს Facebook-ის აქციების 99%-ს, თანხა კი, ქველმოქმედებაში დააბანდოს.

გთავაზობთ მარკ ცუკერბერგის ღია წერილს 

ძვირფასო მაქს!

მე და დედაშენს ჯერჯერობით არ გვყოფნის სიტყვები გადმოვცეთ ის იმედი, რომელიც შენი დაბადებით მოგვეცა. შენი სიცოცხლე სავსეა მოლოდინით, დიდი იმედი გვაქვს, რომ ჯანმრთელი და ბედნიერი გაიზრდები და ყველა შენი ჩანაფიქრის განხორციელებას შეძლებ.

როგორც ყველა მშობელი, ჩვენც დიდი სურვილი გვაქვს იცხოვრო უკეთეს სამყაროში. პრესაში მუდმივად იწერება, რომ ყველაფერი ძალიან ცუდადაა, თუმცა, სინამდვილეში სამყარო იცვლება, ადამიანების ჯანმრთელობა უმჯობესდება, სიღატაკე მცირდება, ცოდნა მატულობს, ადამიანები ერთიანდებიან, ტექნოლოგიური პროცესები კი, გვეხმარება გავამარტივოთ და გავაუმჯობესოთ ჩვენი ცხოვრება. თუმცა, ამ მომენტში მაინც არ ვაკეთებთ საკმარისს იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომლებსაც შენი თაობა მომავალში წააწყდება. ესაა:  

  • ავადმყოფობა – დღეს ადამიანები მეტწილად სიმსივნით და ინსულტით, გულის, ნეიროდეგენერატიული და ინფექციური დაავადებებით  იღუპებიან. ჩვენ კი, შეგვიძლია მივაღწიოთ უფრო სწრაფ პროგრესს მათ მკურნალობაში.
  • უთანასწორობა და გათიშულობა – შეგვიძლია თუ არა მოვსპოთ შიმშილი და სიღატაკე? შეგვიძლია თუ არა ვუზრუნველყოთ ყველა ადამიანი სამედიცინო მომსახურებით? შეგვიძლია თუ არა გავაკეთოთ ისე, რომ ადამიანებს შორის იყოს მხოლოდ სიკეთე და ურთიერთგაგება? შეგვიძლია თუ არა მივაღწიოთ მშვიდობას ხალხებს შორის? დიახ, ჩვენს თაობას შეუძლია ამის მიღწევა, საჭიროა მხოლოდ სურვილი და მონდომება.
  • სტანდარტული განათლება – ჩვენი თაობა ისეთ კლასებში გაიზარდა, სადაც ყველა ერთიდაიგივეს იზუთხავდა. მე არ მინდა, რომ თქვენმა თაობამ მიზნები, სამომავლო პროფესიაზე ფიქრით დაისახოს.  სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ ინდივიდუალური განათლება, მაშინაც კი, თუ ახლოს არაა კარგი სკოლა, მათ ამის გაკეთება ინტერნეტით შეუძლიათ. ჩვენ უკვე დავიწყეთ განათლების ამგვარი სისტემის განვითარება და პირველი შედეგები საკმოდ იმედისმომცემია.
  • ბავშვები, რომლებიც მძიმე პირობებში იზრდებიან – თავისთავად, ტექნოლოგეები ვერ წყვეტენ ყველა ჩვენს პრობლემას, საუკეთესო სამყარო ჯანსაღი საზოგადოების შენებით იწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ბავშვმა, მიუხედავად კანის ფერისა და ფინანსური მდგომარეობისა, უნდა ისწავლოს და იცხოვროს ბედნიერად. შენი დედა ექიმი და პედაგოგია და მისთვის ეს საკითხი ყველაზე მნიშვნელოვანია.
  • ჩვენ – მე და დედაშენმა გადავწყვიტეთ მივუძღვნათ ჩვენი ცხოვრება იმ პრობლემების გადაჭრას, რომლებსაც შენ და შენი თანატოლები მომავალში წააწყდებით. ვაპირებ კიდევ მრავალი წელი ვუხელმძღვანელო Facebook-ს, თუმცა, ყველა ეს საკითხი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია და არ ღირს მათი გადადება, ფიქრის დაწყება დაუყონებლივაა საჭირო. ამიტომ, ჩვენ საქველმოქმედო ფონდი Chan Zuckerberg Initiative დავაარსეთ. გვინდა იმ ადამიანების რიგებს შევუერთდეთ, ვინც ანვითარებს ადამიანურ პოტენციალს და ცდილობს, რომ პლანეტის ყველა ბავშვი ჯანმრთელი და ბედნიერი იყოს. ჩვენი ფონდის მთავარი მიზანია ინდივიდუალური განათლების განვითარება, ავადმყოფობების მკურნალობა, ადამიანების გაერთიანება და ძლიერი საზოგადოებების შექმნა.

ნელ-ნელა ჩვენ გავყიდით Facebook-ის აქციების 99%-ს, რომელიც ამ მომენტისთვის 45 მლრდ. დოლარს შეადგენს და თანხას ჩვენს საქველმოქმედო ფონდს გადავცემთ. ვიცით, რომ ეს არც ისე ბევრია იმ ადამიანების ცოდნასა და ნიჭთან შედარებით, ვინც უკვე იღწვის უკეთესი სამყაროს შესაქმნელად, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია.

მესმის, რომ ნებისმიერი, ვინც ახლა ჩემს წერილს კითხულობს, უამრავი კითხვა გაუჩნდება, რაზეც მე და პრისცილა ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ დეტალურად. მანამდე კი, სანამ გულს არ ვიჯერეთ ჩვენი პატარათი, სხვა არაფერზე ფიქრი არ შეგვიძლია.    

მაქს, ძალიან გვიყვარხარ. დარწმუნებული ვართ, რომ სამყაროს უკეთესად ქცევა შენთვის და შენი თაობისთვის – ჩვენი პასუხისმგებლობაა. გისურვებთ ისეთ ცხოვრებას, რომელშიც იმდენივე სიყვარული, იმედი და სიხარული იქნება, რამდენსაც შენ გვაძლევ ჩვენ.  ვოცნებობთ, ვნახოთ როგორი გაიზრდები და რას მოიტან ამ სამყაროში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები