LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარკეტინგი ძალიან ჰგავს რეჟისურას, რადგან ამ შემთხვევაშიც კულისებში ხარ, შორიდან აკვირდები და აფასებ მოვლენებს – ნინო სურმავას ,,წარმატების ფორმულა”

15
surmavanino

გადაცემის ლაივი LIVE

25 ოქტომბერს რადიო ,,ფორტუნას” და გვანცა ლაღიძის გადაცემას “წარმატების ფორმულა” ბაზრის განვითარების დეპარტამენტის Anadolu Efes-ის საერთაშორისო მარკეტინგის სუპერვაიზერი ნინო სურმავა სტუმრობდა, რომელმაც ახლად მიღებულ თანამდებობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

– ნინო, სულ რამდენიმე თვის წინ გახდით Efes-ის საერთაშორისო მარკეტინგის სუპერვაიზერი. რას გულისხმობს ახალი პოსტი და რა ვალდებულებებს ითვალისწინებს?

– რამდენიმეწლიანი განვითარების შემდეგ დეპარტამენტში გარკვეული მარკეტინგული ღონისძიებების ჩატარება გახდა საჭირო. სწორედ მაშინ ჩამოყალიბდა ჩვენი საერთაშორისო გუნდი, რომელმაც ქართული ბრენდების მსოფლიო მასშტაბით განვითარებაზე აიღო  პასუხისმგებლობა, მით უფრო, რომ დღეს ჩვენი ბრენდები მსოფლიოს 200 ქვეყანაშია წარმოდგენილი.

– რა პროფესიის არჩევაზე ოცნებობდით ბავშვობაში და რამდენად აისრულეთ ოცნება?

– ბავშვობაში რეჟისორობაზე ვოცნებობდი, რადგან მიმაჩნდა, რომ ამ პროფესიით ყველაზე კარგად შეიძლებოდა სათქმელის თქმა საკუთარი პერსონის დემონსტრირების გარეშე. სხვათა შორის, მარკეტინგი ძალიან ჰგავს რეჟისურას, რადგან ამ შემთხვევაშიც კულისებში ხარ, შორიდან აკვირდები და აფასებ მოვლენებს, ტრენდებს, მერე კი, სრულიად განსხვავებულ პროდუქტს  სთავაზობ მომხმარებელს და საკუთარი შექმნილით ტკბები, ან პირიქით წარუმატებლობას განიცდი და ცდილობ სწორედ მარცხით მიღებული გამოცდილებით გააუმჯობესო შენი მუშაობა.

– რამდენად ხშირად ტკბებით შედეგით?

– 12 წელია კომპანიაში ვმუშაობ და რა თქმა უნდა, უამრავი საამაყო პროექტი შევქმენით, ახალ პოსტზე კი, მხოლოდ ახლა ვიწყებ მუშაობას, თუმცა, იმედი მაქვს ამ შემთხვევაშიც წარმატებული ვიქნები, მით უფრო, რომ არაჩვეულებრივი გუნდი მიმაგრებს ზურგს.

– რომელი პროექტით ამაყობთ ყველაზე მეტად?

–  ძალიან ვამაყობ, რომ ლუდი 34-ის და Old Irish-ის წყალობით 2015-2016 წლებში “კანის ლომები” მოვიპოვეთ. ორივე პროექტის მენეჯერი მე ვიყავი და სიამოვნებით აღვნიშნე გამარჯვება ჩვენს გუნდთან ერთად. არანაკლებ მნიშვნელოვნად მიმაჩნია ფონდის “ნატახტარი” შექმნა, რომელიც 2011 წლიდან ეხმარება მზრუნველობამოკლებულ ახალგაზრდებს და ცდილობს მათ მომზადებას დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის.

– რამდენადაც ვიცი, უცხო ენების შესწავლით ხართ გატაცებული. საინტერესოა ახლა რა ენას სწავლობთ და რამდენ უცხო ენას ფლობთ?

– სამ ენაზე თავისუფლად ვლაპარაკობ, ახლა კი ჩინურს ვსწავლობ, რადგან სწორედ ჩინეთს უკავშირდება ჩემი საქმიანობა. მინდა უკეთ შევისწავლო ამ ქვეყნის კულტურა და მეტად თვითმყოფადი ტრადიციები, ამიტომ აუცილებლად მიმაჩნია ენის ცოდნა.

– უცხოელ კოლეგებთან თუ გიგრძნიათ უხერხულობა ეტიკეტის არცოდნის გამო?

– ჯერჯერობით მსგავსი შემთხვევა არ მქონია. რა თქმა უნდა, ყველას თავისი კულტურა, ტრადიციები აქვს და აუცილებელია მათი გათვალისწინება.

– კორონავირუსმა ყველას სერიოზული პრობლემები შეუქმნა. თქვენ რამდენად შეგაფერხათ პანდემიამ?

– რა თქმა უნდა, რამდენიმე პროექტის გადადება ჩვენც მოგვიხდა, თუმცა ყველაფერი გავაკეთეთ რათა არსებულ პირობებს მოვრგებოდით და ალტერნატიული გზების მოძიებით ჩაგვეტარებინა დაგეგმილი ღონისძიებები.

– უზარმაზარი გამოცდილების და სხვადასხვა სფეროში საქმიანობის ფონზე, სად ხედავთ საკუთარ თავს მომავალში?

– ძალიან საინტერესო აღმოჩნდა სტუდენტებთან მუშაობა. არაა გამორიცხული სწორედ საგანმანათლებლო სფეროთი დავინტერესდე და მსურველებს საკუთარი გამოცდილება გავუზიარო პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად.

– რას აფასებთ ყველაზე მეტად თანამშრომლებში?

– კოლექტიური მუშაობისას ყოველთვის ყურადღებით ვაკვირდები ადამიანებს, ვცდილობ გავარკვიო მათი მოტივაცია და სწორედ უნარების შესაბამისად შევთავაზო სამუშაო. სხვათა შორის, ადამიანებთან მრავალწლიანი ურთიერთობის ფონზე ერთი მეტად საინტერესო თავისებურება აღმოვაჩინე – ადამიანებს ისე კი არ უნდა მოვექცეთ, როგორც ჩვენ გვინდა რომ მოგვექცნენ, არამედ ისე, როგორც მათ უნდათ, რომ მოექცნენ, რადგან არაა აუცილებელი ჩვენთვის კარგი მათთვისაც მისაღები იყოს. პირადად ჩემთვის პროფესიონალიზმის მთავარი ინდიკატორი ადამიანის კეთილგანწყობა, სიმშვიდე და ყოველთვის დახმარების სურვილია.

– რა დადებითი თვისება გამოიმუშავეთ ხელმძღვანელის პოსტზე?

– ვფიქრობ, ჩემი მთვარი უპირატესობა პროექტის წარდგენისას მაქსიმალური ობიექტურობის შენარჩუნება და ყველა რისკის რეალურად შეფასების უნარია.

ბლიცკითხვები:

– ფრაზა, რომელსაც ხშირად ეუბნებით საკუთარ თავს?

– Eat a Frog! ანუ “შეჭამე ბაყაყი!” – რომელსაც ყოველ დილას ვეუბნები საკუთარ თავს.

– ვის თვლით საუკეთესო მრჩევლად?

– მეგობრებს.

– ადგილი სადაც ყველაზე კარგად ისვენებთ?

– სახლი.

– რაზე ფიქრობთ ახლა?

– ძალიან მინდა სეირნობა.

– რას ანიჭებთ უპირატესობას – ღვინოს თუ ლუდს?

– ლუდს, რომელსაც სიამოვნებით მივირთმევ მეგობრებთან ერთად.

– კერძი, რომელსაც ყველაზე გემრიელად ამზადებთ?

– სალათების კეთება მიყვარს. მარტივი რეცეპტები მაქვს, მაგრამ სხვადასხვა ინგრედიენტის დამატებით ძალიან გემრიელი და განსხვავებული კერძები გამოდის.

– გავრცელებული სტერეოტიპი, რომელიც თვითონ დაამსხვრიეთ?

– თითქოს ქალს არ შეიძლება, რომ თოხი ეჭიროს ხელში.

– თქვენი აზრით, რა უნარებია საჭირო წარმატების მისაღწევად?

– მთავარი შრომისმოყვარეობა, კეთილგანწყობა, საკუთარი თავის და გარემოს ობიექტურად  შეფასების უნარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები