მარნეულის მერს თეიმურაზ აბაზოვს აღკეთის ღონისძების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ქეთევან ლუაშვილმა გამოაცხადა. ამით მან ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
მარნეულის მერი თემურ აბაზოვი 13 ივნისს დააკავეს. მისი დაკავება მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტს უკავშირდება, რომელზეც საქართველოს პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს.
სტუდია „მონიტორმა“ ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც მამაკაცი, რომელიც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა. როგორც სტუდია “მონიტორის” სიუჟეტშია ნათქვამი, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ პიროვნებაზე ზეწოლა პარტია “ქართული ოცნების” ადგილობრივმა წარმომადგენლებმა და მარნეულის მერმა განახორციელეს.
პროკურატურამ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე მარნეულის მერი დააკავა, ხოლო ცემის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვის და კიდევ 2 პირის მიმართ.