კანონპროექტი, რომელიც პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულებს უმაღლესში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას მისცემს, მთავრობამ უკვე დაამტკიცა. კანონპროექტის ავტორები ვარაუდობენ, რომ მისი განხილვა საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მოხდება, კანონის ნაწილი კი, ძალაში 2018-2019 სასწავლო წლისთვის შევა.
წლებია, პროფესიული განათლების სისტემას სტუდენტები საგანმანათლებლო ჩიხში შეყავს. მეცხრე კლასის შემდეგ, პროფესიულ სასწავლებელში წასულ ახალგაზრდას, უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა აღარ აქვს, რადგან უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობისთვის საშუალო სკოლის ატესტატია აუცილებელი. პროფესიული განათლების სისტემაში კი, ზოგადი განათლება ინტეგრირებული ამ დრომდე არ ყოფილა. დღეს მოქმედი რეგულაციებით, თუ ახალგაზრდა, რომელსაც აქვს ცხრა კლასის განათლება და ასევე დამთავრებული აქვს პროფესიული სასწავლებელი და უამღლესში ჩაბარებას გადაწყვეტს, სკოლას უნდა დაუბრუნდეს ან უნდა ჩააბაროს ექსტერნი გამოცდები, ამის შემდეგ ე.წ. კატის გამოცდები და კიდევ ეროვნული გამოცდები. დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, პროფესიული სასწავლებლის კურსდამთავრებულს აღნიშნული ბარიერები აღარ ექნება. კანონის ახალი რედაქციის ამოქმედების შემდეგ, ცხრა კლასდამთავრებული მოსწავლე, რომელიც პროფესიულ სასწავლებელში შევა, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებს, პროფესიულ პროგრამებთან ინტეგრირებულად შეისწავლის.
განათლების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ირინა წეროძე „ფორტუნასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ კანონოპროექტი წინ გადადგმული ნაბიჯია და დღეს არსებულ ჩიხს პროფესიულსა და უმაღლეს განათლებას შორის აღმოფხვრის.
„ამ მიდგომით სრული ზოგადი განათლების პროფესიულ პროგრამაში ინტეგრირება ხდება. კურსის დასრულების შემდეგ კი, გაიცემა სწავლის დამადასტურებელი დიპლომი, რომელიც იქნება გათანაბრებული სრული ზოგადი განათლების ატესტატთან. რის მიხედვითაც, შემდეგ უკვე სტუდენტს შეუძლია ჩააბაროს უმაღლეს სასწავლებელში. რაც შეეხება კრედიტების აღიარების სისტემას, რომელიც ასევე კანონში არის გათვალისწინებული, ეს იქნება დარეგულირებული. პროფესიულში არაა საგნობრივი სწავლება, საგნებს არ გადიან, ეს არის კომპეტენციებზე დაფუძნებული მეცადინეობა და კომპეტენციების შესწავლის დროს არის ინტერგრირებული ის სასწავლო შედეგები და არა საგნები. მაგალითად: ილია ჭავჭავაძის თხზულებით კი არ სწავლობს ანალიტიკურ უნარებს, არამედ სწავლობს თავის პროფესიასთან მისადაგებული მასალებიდან. ამ სწავლის დამადასტურებელი დიპლომის ასაღებად იქნება გამოცდა, მაგრამ მას არ ერქმევა CAT,“ – აღნიშნა ირინა წეროძემ.
პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი იმასაც განმარტავს, რომ პროფესიული სწავლების დასრულების შემდეგ, სტუდენტს არ ექნება უმაღლესი განათლების საფეხურის დისციპლინებიდან არჩევანის შეზღუდვა, იმის გამო, რა პროფესიას დაეუფლა პროფესიულ სასწავლებელში.
რაც შეეხება პროფესიულსა და უმაღლეს სასწავლებელში კრედიტების აღიარებას, ამას კანონქვემდებრე აქტები დაარეგულირებს. როგორც ირინა წეროძე განმარტავს, პროფესიულ პროგრამაზე მოსწავლე სწავლობს არა მხოლოდ პროფესიას, არამედ ზოგად მოდულებსაც: სამოქალაქო განათლება, უცხო ენა, მშობლიური ენა, მათემატიკა და ა.შ. სწორედ ეს მოდულები იქნება თავსებადი უმაღლესის კრედიტებთან.
„თუმცა, პროფესიულის დიპლომი და კრედიტების აღება არ ნიშნავს იმას, რომ ავტომატურად შეგიძლია გახდე უმაღლესის სტუდენტი. ეს გაძლევს დაშვებას უმაღლესში ჩასაბარებლად. გარდა ამისა, თუ კრედიტების აღიარების შემდეგ გარკვეული საგნების სწავლა აღარ იქნა სტუდენტისთვის სავალდებულო, ამ მიმართულებით დაფინანსების განსხვავებული მიდგომაც იქნება,“ – განაცხადა ირინა წეროძემ.
ის რომ კანონპროექტი და ცვლილებები კარგია, ამას აღიარებს განათლების საკითხებში ექსპერტი სიმონ ჯანაშიაც, თუმცა ამასთან აცხადებს, რომ შესაძლებელია ამას გარკვეული რისკები და ნაღმებიც ახლდეს.
„მგონია, რომ კარგია ეს ინიციატივა, იმიტომ რომ პროფესიული განათლების ერთ-ერთი პრობლემა იყო ის, რომ ერთგვარი ჩიხივით იყო, ანუ თუ გადადიოდა ადამიანი პროფესიულ მიმართულებაზე, ის საჭიროების შემთხვევაში, უმაღლესში სწავლას ვეღარ აგრძელდებდა და ეს გარკვეული ტიპის ადამიანებს მოტივაციას უკარგავდა. ეს სისტემა აადვილებს ამას. კარგია ასევე, უნივერსიტეტებში რომ უნდა მოხდეს პროფესიულების ინტეგრირება, პრესტიჟის ამაღლების კუთხით. იმიტომ, რომ პროფესიული განათლება ითვლება, რომ არის ხალხისთვის, ვინც უნივერსიტეტში ვერ ხვდება. სხვა საკითხია, რა სირთულეს გააჩენს, იმიტომ რომ პროფესიული სასწავლებლები არ არიან მაინცდამაინც კარგად მზად ზოგადი განათლების პროგრამები განახორციელონ. ეს არის მთავარი სირთულე,” – აღნიშნა სიმონ ჯანაშიამ.
მისივე თქმით, გარდა ამ სირთულეებისა, შესაძლებელია გარკვეული კატეგორიის ადამიანები, იმიტომ გადავიდნენ პროფესიულში, CAT-ის გამოცდები რომ არ ჩააბარონ.
“თავისთავად ცხადია, რომ კარგია ეს კანონპროექტი, მაგრამ რისკები არის. ერთი რისკი არის, 2006-2007 წლამდე გარკვეული პროფესიული სასწავლებლები ცდილობდნენ ზოგადი განათლების ატესტატის გაცემას. იქ გადადიოდნენ ადამიანები, რომლებსაც სურდათ მარტივად მიეღოთ ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები. იყო თავშესაფარი იმისთვის, ვისაც სხვა პრიორიტეტები ჰქონდა, ასეთი შანსები არის. სხვა საკითხია, როგორ მოხდება ამის რეგულირება. ასევე, არის ხალხის კატეგორია, რომელიც გადადის სხვა მიმართულებებზე იმიტომ, რომ მეტი დრო ჰქონდეს სწავლისთვის. სწავლა უნდათ და ჰგონიათ, რომ სკოლა ხელს უშლით. გამოსაშვები გამოცდები თუ უშლის ხელს მოემზადოს მისაღები გამოცდებისთვის და მთავარი სამიზნე მისაღები გამოცდებია, შესაძლებელია გადავიდეს ასეთ სასწავლებელში და ბუნებრივია, ასეთი რისკები არის,” – აცხადებს განათლების საკითხებში ექსპერტი.
ის, რომ ამგვარი ცვლილება იგეგმებოდა, განათლების ახლადდანიშნულმა მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში, პარლამენტში პირველად სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
„დღეს ოჯახების უმეტესობას სურს, შვილმა ჩააბაროს უმაღლესში და არა პროფესიულ კოლეჯში. გვჯერა, რომ უნივერსიტეტების ბაზაზე, პროფესიული სკოლების გახსნით და უმაღლესი პროფესიული განათლების დამკვიდრებით მნიშვნელოვნად გაიზრდება ამ პროგრამებში ჩართული სტუდენტების რიცხვი,“ – განაცხადა ჩხენკელმა.
„პროფესიული განათლების შესახებ“ კანონრპოექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმაც. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ჩნდება ატესტატის მიღებისა და პროფესიული განათლებიდან უმაღლესი განათლების საფეხურზე გადასვლის შესაძლებლობა.
ქეთი გიგოლაშვილი