LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მართლა დაინგრა თუ არა საბჭოთა კავშირი

136
eyJidWNrZXQiOiJjb250ZW50Lmhzd3N0

9 აპრილი – უმნიშვნელოვანესი თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში: ერთის მხრივ ტრაგიკული და მეორეს მხრივ, იმედის და ხვალინდელი დღის. თუმცა, 1989 წლის 9 აპრილიც, მსხვერპლის მიუხედავად, არის გამარჯვების დღეც, როდესაც საქართველო საბოლოოდ მიხვდა და ყველას აჩვენა, რომ მისი ყოფნა საბჭოთა რესპუბლიკების კავშირში უკვე წარსული იყო და წინ სულ სხვა მომავალი ელოდა.

1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობაც გამოვაცხადეთ, საბჭოთა კავშირი ოფიციალურად დაიშალა (1991 წლის დეკემბერში) და 15 ქვეყანა თავის გზას დაადგა.

მაგრამ…

მოვლენები შემდგომში სულაც არ განვითარდა ისე, როგორც ამას ქართველი ხალხი ისურვებდა (სხვა რესპუბლიკებიც). საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე და ამ ურღვევი კავშირის ავტორი, რუსეთი მარტივად არ შეგუებია მსგავს პროცესებს და იმპერიის მოდერნიზებულ აღდგენას მალევე მიჰყო ხელი. მანამდე კი, თავადაც არც თუ დალხენილად მყოფმა, ურჩი და „უმადური“ რესპუბლიკების „დასჯა“ დაიწყო. საქართველომ შესაძლოა ყველაზე დიდი ფასი გადაიხადა – ომები სამაჩაბლოსა და აფხაზეთში, „უფროსი ძმისგან“ პროვოცირებული სამოქალაქო დაპირისპირება და რაც მთავარია – ათასობით დაღუპული და წართმეული ულამაზესი ტერიტორიები.

33 წელიწადი გავიდა საბჭოთა კავშირის ოფიციალური დაშლიდან და ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე დანგრეული. იმედი ვიქონიოთ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი იქნება ბოლო წერტილი და ბოლო მოეღება რუსეთის იმპერიალისტურ ამბიციებს, ადრე თუ გვიან ხომ ყველა იმპერია ინგრევა.

ცოტა ისტორიული რაკურსი.

გასული საუკუნის 80-იანი წლების შუაწელს საბჭოთა კავშირში გარდაქმნა გამოცხადდა. ხალხს თანდათან შეაპარეს „უცხო“ და „აკრძალული“ ხილი. თუნდაც ფილმები რომ ავიღოთ – ეკრანებზე გამოვიდა „გარყვნილი“ „ერთხელ ამერიკაში“, ტელევიზიით გაუშვეს სტალონეს და შვარცნეგერის ბოევიკები, გადაიღეს „მონანიება“ და შესაძლოა ხალხისთვის იმ დროს ბოლომდე ნათელი არ ყოფილიყო, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლა აშკარად მწიფდებოდა. რესპუბლიკებში (მით უმეტეს საქართველოში) სულ უფრო ფეხს იკიდებდა და პოპულარული ხდებოდა ეროვნული მოძრაობა, თავის როლს აქტიურად თამაშობდა აშშ-ც. გავიხსენოთ რონალდ რეიგანის ცნობილი სიტყვები, რომ „ბოროტების იმპერია“ (evil empire) უნდა დაინგრეს.
მოკლედ, ყველაფერი ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა – „ცივი ომი“ აშშ-მ მოიგო, იმპერია დაეცა და… ამერიკა გაერიდა ამ საკითხს.

როგორც ჩანს, ოკეანის გაღმა მიიჩნიეს, რომ მიზანს მიაღწიეს, დაამარცხეს საბჭოთა კავშირი და უკვე ახლო აღმოსავლეთის დემოკრატიზაციისთვის უნდა მიეხედათ. ხომ არ იყო ეს შეცდომა? იყო კი საბჭოთა კავშირი ბოლომდე დამარცხებული?

მართალია, იმ ხანად რუსეთიც არ იყო ძლიერი სახელმწიფო, მაგრამ იმდენი კი შეეძლო დაუძლურებული რესპუბლიკებისთვის „მიეხედა“. ჯერ ისევ ბლომად იყვნენ ადგილზე კგბ-ს თანამშრომლები, საკუთარი კადრები, რესპუბლიკებს აღარ ჰქონიათ საერთაშორისო მხარდაჭერა და დარჩნენ რა მარტო “დიდი დათვის” პირისპირ, „უფროს ძმასაც“ აღარ გასჭირვებია არც ეროვნული მთავრობების მოშორება და ყოფილი კომუნისტების ხელისუფლებაში დაბრუნება. მალე შეიქმნა დსთ (დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა) და ბალტიის ქვეყნების გარდა, სხვებმა დასავლეთისკენ ოცნება დროებით თაროზე შემოდეს.

ამას დაემატა კიდევ ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი: რუსეთში მოვიდა კაცი, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლას გეოპოლიტიკური კატასტროფა უწოდა და შეძლებისდაგვარად მის აღდგენას მიჰყო ხელი.

და ამერიკაც დაბრუნდა.
დაიწყო მორიგი 90-იანები, როდესაც ყველაზე მეტად თავისუფლების მოყვარე ქვეყნებში ფერადი რევოლუციები მოაწყო. თუმცა მოგვიანებით პუტინმა აქაც მოახერხა ერთგვარი კონტრრევოლუციები.

და რა იყო დასავლეთის პასუხი? გადაწყვიტეს რუსეთთან ვითარების დალაგება და „მეგობრული“ ურთიერთობის დაჭერა.
პუტინს გაუტარეს 2008 წლის საქართველო, მერე დონეცკი, ლუგანსკი, ყირიმი…
მისცეს ზამთრის ოლიმპიადა ზაფხულის კურორტზე, მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში და დააჭერინეს ხელი „გადატვირთვის ღილაკზე“…
პუტინს კიდევ ეს უნდოდა?.. მას დააჯერეს, რომ ყველაფერი გაუვიდოდა.

პარალელურად თანდათან ფეხს იკიდებდა ახალი „ცივი ომი“, ახალი ავღანეთი (თუნდაც სირია) – რუსეთი კი ტრადიციულად იყო იმის მხარეს, ვისაც დასავლეთი ებრძოდა.

მაგრამ „ცივმა ომმა“ დიდხანს არ გასტანა, განსხვავებით წინა შემთხვევისგან – დაიწყო ომი, ნამდვილი ომი.
გათამამებული პუტინის ახალ ახირებაზე – უკრაინის მთლიანი დამორჩილება – დასავლეთმა, როგორც იქნა, თქვა – საკმარისია!

და დაიწყო ომი, ნამდვილი ომი, რომელიც ალბათ განსაზღვრავს კიდეც ბოლოს და ბოლოს საბოლოოდ დაინგრევა თუ არა საბჭოთა კავშირი!

სსრკ იყო უზარმაზარი ქვეყანა, სადაც იყო ნავთობიც, გაზიც და სხვა ბუნებრივი რესურსებიც, მაგრამ ცხოვრების დონე მაინც ბევრად დაბალი იყო, ვიდრე ევროპაში ან ამერიკაში. არსებობდა შიდა კონფლიქტებიც: იყვნენ ხალხები, რომლებსაც არ სურდათ ერთად ცხოვრება, რაც განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა 1991 წლის აგვისტოს პუტჩის შემდეგ. თუმცა საქართველოში უკვე იყო ნათქვამი: ახლა ჩვენ თავისუფლება და დამოუკიდებლად ყოფნა გვინდა. პუტჩამდე იგივე ბალტიის ქვეყნებმაც გააჟღერეს.

და, როდესაც სსრკ-ში ძალით შეყვანილმა რესპუბლიკებმა მიიღეს საშუალება მოეპოვებინათ სახელმწიფო სუვერენიტეტი, ცხადია გამოიყენეს ეს შესაძლებლობა.

რა საჭიროა იმის აღდგენა, რაც ადრეც არ მუშაობდა?
ხალხი, ვინც რუსეთის ხელისუფლებაში არიან, მიიჩნევენ, რომ მათი ქვეყნის სიდიადე დაკავშირებულია იმასთან, რამდენი ქვეყანა და ხალხია რუსეთზე დამოკიდებული. და თითქმის არ აღელვებთ როგორ ცხოვრობს ხალხი საკუთარ ქვეყანაში. პირდაპირ რომ ვთქვათ, რისთვის ხარჯავს პუტინი მილიარდებს იმაში, რომ დაანგრიოს სხვა ქვეყნის ქალაქები? რატომ არ ადარდებს რის გამო ეზიზღებათ არა მხოლოდ ის, არამედ მთელი რუსეთი არა მარტო უკრაინაში, საქართველოში, აღმოსავლეთ, ცენტრალურ და თუნდაც დასავლეთ ევროპაში?

რაც შეეხება გეოპოლიტიკურ პროექტს, ის სიცოცხლის უუნარო იყო ისევე, როგორც ჰიტლერის გერმანია, რომელიც ასევე ათასწლოვანი უნდა ყოფილიყო. სახეზეა უუნარობა, შეეგუო იმპერიის დაკარგვას და ადაპტაცია მოახერხო ახალ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ევროპული, შესაძლოა ევროაზიურიც კი, ტენდეცია ხომ იმპერიების დაშლა და ახალი დამოუკიდებელი ქვეყნების წარმოქმნაა. სსრკ-ს წარმოშობამ კი გაყინა ასეთი დამოუკიდებელი ქვეყნების ფორმირების პროცესი ყოფილი რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე.

რუსეთმა, ე.ი. სსრკ-მა – რუსულცენტრისტულმა სახელმწიფომ – ვერ მოახერხა რეალიზება, როგორც ეროვნულმა სახელმწიფომ, რადგან არანაირი პროექტი არ ჰქონია, გარდა იმპერიულისა. რუსული ნაციონალიზმი იყო და რჩება იმპერიალისტურად.

იმპერიალიზმი და ნაციონალიზმი, ერთის მხრივ ერთმანეთს კვებავენ და მეორეს მხრივ – კონფლიქტში შედიან. მრავალნაციონალურმა რუსეთმა, რომელიც სსრკ-ად გადაიქცა, ვერ შეძლო გამოემუშავებინა ახალი, არარუსულცენტრისტული, არაკოლონიალური, ეროვნული მოდელი. ახალ საწყისებზე მრავალეროვანი სახელმწიფოს შექმნის მცდელობა წარუმატებლობისთვის იყო და იქნება განწირული.

არის თუ არა ეს საბჭოთა კავშირში დაბრუნების მცდელობა? შესაძლოა უფრო სსრკ-სა და რუსეთის იმპერიის ჰიბრიდი იყოს, რაც ასევე სიცოცხლის უუნაროა თანამედროვე სამყაროში და ეს დამღუპველი იქნება თავად რუსეთისთვისაც და გარშემო ქვეყნებსაც დააზარალებს.

სსრკ-ს დაშლას მოჰყვა მსხვერპლი, მაგრამ არა გლობალური, თუმცა ამის მოლოდინი იყო. სისხლისღვრა ახლაა, იმპერიის აღდგენის ახალი მცდელობისას. და სანამ რუსეთი არ შეწყვეტს იფიქროს როგორც იმპერიამ, მანამდე ის საფრთხედ დარჩება ევროპისთვის, მსოფლიოსთვის და საკუთარი თავისთვისაც.

სსრკ ჯერაც განაგრძობს ნგრევას. ყირიმი, აღმოსავლეთ უკრაინა, დნესტრისპირეთი, საქართველო… ეს ერთი და იგივე პროცესია. 1991 წელი იყო იმპერიის ნგრევის არა დასასრული, არამედ იმპერიის ნგრევის დასაწყისი. რუსეთის გადაქცევა ნორმალურ სახელმწიფოდ გახდება პირველი სიგნალი იმპერიის დასასრულის. აი, რამდენად შესაძლებელია ეს უკვე სხვა საკითხია…

ფოტო: PATRICK PIEL / people
The Guardian
ecfr
AP Photo / Fabrice Coffrini

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები