საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-მა საქართველოსთან დაკავშირებით ახალი მოხსენება გამოაქვეყნა. მოხსენებაში ნათქვამია, რომ მართლმსაჯულების რეფორმა საქართველოს ახალი მთავრობის ნომერ პირველი პრიორიტეტი უნდა გახდეს.
Amnesty International-ის პუბლიკაციაში ასევე ნათქვამია, რომ არაეფექტური გამოძიებები, მათ შორის ადამიანის უფლებების დარღვევების გამო სამართალდამცველების დაუსჯელობა საქართველოში მრავალწლიან პრობლემას წარმოადგენს.
„2013-2017 წლებში საქართველოს სახალხო დამცველმა ასეთი შესაძლო დანაშაულების 72 ფაქტი დააფიქსირა. მიუხედავად იმისა, რომ უმეტეს შემთხვევებში საქმეები აღძრული იყო, გამოტანილი სასჯელების შესახებ ომბუდსმენის ოფისს არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია“, – ნათქვამია ორგანიზაციის მოხსენებაში.
Amnesty International-ის მოხსენებაში მოყვანილია რამდენიმე რეზონანსული საქმე, კერძოდ კი დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მკვლელობები, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე, აფგან მუხთარლის, „ბირჟა მაფიას“ და დემურ სტურუას საქმეები.
„საქართველოს ხელისუფლება დიდი ხანია დებს პირობას, რომ პოლიციისა და სხვა სახელმწიფო მოხელეების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმს შექმნის. თუმცა, კანონპროექტი სახელმწიფო ინსპექტორის ოფისის შესახებ (შემოთავაზებული დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი) პარლამენტს განსახილველად მხოლოდ წელს გადაეგზავნა. შემოთავაზებული სახელმწიფო ინსპექტორის ოფისის დამოუკიდებლობა სერიოზულად არის კომპრომეტირებული, რადგან პროკურატურა “სამეთვალყურეო როლს” შეინარჩუნებს“, – ნათქვამია მოხსენებაში.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ შესაძლოა ახალმა სააგენტომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატთან ითანამშრომლოს, რის შედეგადაც ის რეალურად ეფექტური და დამოუკიდებელი არ იქნება.