„მარტო სახლში“ – ამ სიტყვებზე, პირველ რიგში, ცნობილი ფილმიდან კადრები გვახსენდება, სახლში მარტო დარჩებილი ბიჭი მახეებს რომ აგებს ქურდების დასაჭერად და შემდეგ ის არეულობა, რაც ამ დროს სახლში ხდება. მაგრამ დიდი შანსია, მსგავსი რამ რეალურად თბილისშიც მოხდეს, რადგან მთელი ზაფხულის განმავლობაში ბავშვების უმეტესობას სახლში მარტო დარჩენა მოუწევს.
საქმე ის არის, რომ სკოლებსა და ბაღებში არდადეგები დაიწყო. ბავშვები ისვენებენ, მათ დასაქმებულ მშობლებს კი, როგორც ყოველ ზაფხულს, წელსაც ახალი საფიქრალი გაუჩნდათ – სამსახურში ყოფნის პერიოდში, სად წაიყვანონ შვილები? მშობლების ნაწილი მთელი ზაფხულის განმავლობაში მუშაობს, შვებულება მხოლოდ 24 დღე ეკუთვნით, ამ დღეებსაც ერთიანად ვერ იყენებენ და რამდენიმე ნაწილად ყოფენ. გარდა ამისა, მშობლების უმეტესობა შვებულებას ყველაზე ცხელი თვისთვის – აგვისტოსთვის ინახავს. საზაფხულო არდადეგები კი 15 ივნისს იწყება და 15 სექტემბრამდე გრძელდება. აქედან გამომდინარე, მშობელმა არ იცის, 3 თვის განმავლობაში სამუშაო საათებში ბავშვი ვის მიაბაროს. ზოგიერთი მათგანი ოჯახის ახლობლების დახმარებით აგვარებს ამ პრობლემას და მთელი ზაფხულის განმავლობაში შვილს დამხმარესთან ტოვებს, ზოგიერთი ზედმეტ ხარჯს არ ერიდება და ძიძას ქირაობს. თუმცა, ყველა მშობელს დამხმარე არ ჰყავს და არც იმის საშუალება აქვს, შვილებს ძიძა აუყვანოს, მცირეწლოვანი ბავშვების სახლში მარტო დატოვება კი, ბუნებრივია, სახიფათოა. გამოსავლის გარეშე დარჩენილი მშობლები პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა არცთუ ისე სახარბიელო ხერხებს მიმართავენ.
მშობელს სკოლის მოსწავლეები კერძო ბაღში დაჰყავს
ირა ბანცაძეს ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. ორივე სკოლის დაწყებით კლასში სწავლობს. მშობლები მუშაობენ, ბავშვების დამტოვებლები კი არ ჰყავთ. დედამ ბევრი ფიქრის შემდეგ ერთი გამოსავალი იპოვა:
„მთელი ზაფხულის განმავლობაში ვმუშაობ. 6 წლის და 8 წლის შვილები მყავს, ზაფხულის არდადეგების დაწყების შემდეგ პრობლემა მექმნებოდა, რადგან არ ვიცოდი, სად წამეყვანა ბავშვები, ამიტომ ერთ გზას მივმართე – სასკოლო არდადეგების პერიოდში ბავშვები იმ კერძო ბაღში დამყავს, რომელშიც სკოლაში მისვლამდე დადიოდნენ. მართალია, 4 წლის ბავშვებთან ერთად უწევთ ყოფნა, თუმცა სხვა გამოსავალი არ არსებობს,“ – ამბობს „ფორტუნასთან“ ირა ბანცაძე.
მის მსგავსად, ორი მცირეწლოვანის დედაა ეკა მაღლაკელიძეც. ერთი ბავშვი ბაღში დადის, მეორე კი სკოლის დაწყებით კლასშია. საზაფხულო არდადეგების დაწყებისთანავე ერთი პატარა საჯარო ბაღიდან კერძო ბაღში გადაჰყავს, მართალია, ეს გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, თუმცა მშობელმა იცის, რომ ბავშვი ბაღშია და მშვიდად არის. პრობლემა ექმნება მეორე ბავშვთან დაკავშირებით, სკოლის დასრულებისთანავე ბავშვს მთელი ზაფხულით სოფელში ბებიასთან უშვებს.
„ძალიან კარგი იქნებოდა, რაიმე გამოსავალი არსებობდეს და მთელი ზაფხულის განმავლობაში ბავშვის სოფელში გაშვება არ მიწევდეს, მაგრამ თბილისში რომ მყავდეს, მთელი დღის განმავლობაში მარტო მოუწევს ყოფნა, სახლში კი მარტო ვერ დავტოვებ,“ – ამბობს „ფორტუნასთან“ ეკა მაღლაკელიძე.
ირა ბანცაძისა და ეკა მაღლაკელიძის მსგავსად, უამრავი მშობელია, ვისაც საზაფხულო არდადეგებზე მცირეწლოვანი ბავშვის დატოვების პრობლემა აქვს. საზაფხულო ბაღებსა და სკოლებთან დაკავშირებით კი საქართველოში არცთუ კარგი მდგომარეობაა.
საზაფხულო ბაღები და სკოლები საქართველოში
საზაფხულო ბაღები თბილისის მასშტაბით არსებობს. ბაღები, ძირითადად, ერთი თვის განმავლობაში – მხოლოდ ივლისში, ფუნქციონირებენ. თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინიციატივითა და თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, დედაქალაქს 2017 წლის ზაფხულში 40 საბავშვო ბაღი მოემსახურება. საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია 19 ივნისს დაიწყება და 29 ივნისს დასრულდება, სააღმზრდელო პროცესი კი 3 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება,
შესაბამისად, ბაღის ასაკის ბავშვების მშობლებისთვის საზაფხულო არდადეგები პრობლემა უფრო მეტად აგვისტოს თვეშია.
რა უნდა ქნან მშობლებმა აგვისტოში , პასუხი არ არსებობს.
საზაფხულო ბაღებისგან განსხვავებით, გაცილებით რთული მდგომარეობაა საზაფხულო სკოლებთან დაკავშირებით. ქვეყანაში მხოლოდ საზაფხულო კერძო სკოლები არსებობს, თუმცა, იმდენად მაღალი გადასახადია, ცოტა მშობელი თუ შეძლებს გადახდას.
„ფორტუნა“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაუკავშირდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, საზაფხულო ბანაკები არსებობს, თუმცა საზაფხულო ბანაკები მხოლოდ მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებისთვისაა გათვლილი.
რა უნდა ქნან დაწყებითი კლასის მოსწავლეების მშობლებმა საზაფხულო არდადეგებზე, ჩვენ ამ საკითხზე არ ვმუშაობთ, – გვიპასუხეს უწყებაში.
როგორც აღმოჩნდა, სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეების მშობლებისთვის საზაფხულო არდადეგები პრობლემა კიდევ დიდხანს იქნება.
საზაფხულო ბაღები და სკოლები საზღვარგარეთ
საქართველოსგან განსხვავებით, სულ სხვა მდგომარეობაა ევროპის ქვეყნებში. მაგალითად, ინგლისში საზაფხულო არდადეგები მხოლოდ 6 კვირას გრძელდება. ქვეყანაში უამრავი საზაფხულო სკოლა არსებობს, სადაც ბავშვებს გართობის უამრავ საშუალებას სთავაზობენ, მხატვრულ და სპორტულ ღონისძიებებში რთავენ. ინგლისში საზაფხულო სკოლები ძირითადად ერთი კვირით ფუნქციონირებენ, დანარჩენ დროს კი მშობლებს შვილებთან დროის გატარებისა და დასვენების საშუალება აქვთ. თითქმის იგივე მდგომარეობაა ევროპის სხვა ქვეყნებშიც და ცხადია, მათ ეს პრობლემები არ აქვთ.
გვანცა ბზიავა