მარტვილის კანიონის 280-მეტრიანი სანაოსნო მონაკვეთი 5 წლიანი იჯარით გასხვისდება.
როგორც რადიო „ფორტუნასთან“ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ეკა გრიგალავამ აღნიშნა, მოიჯარისთვის აუცილებელი პირობების სტანდარტი საწყლოსნო სპორტის სპეციალისტებთან და პროფესიონალ ჯომარდელებთან მჭიდრო თანამშრომლობით დადგინდა.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, იჯარით გაიცემა სერვისი, ვიზიტორების მომსახურება, გარკვეულ სანაოსნო მონავეთზე, რაც მოიჯარის მხრიდან რამდენიმე მთავარი პირობის დაცვბას ითვალისწინებს.
მარტვილის კანიონზე განახლებულ ინფრასტრუქტურასთან ერთად ვიზიტორებს უნდა ემსახურებოდეს მინიმუმ 20 ნავი. ნავების შეუფერხებელი მოძრაობისთვის დაცული უნდა იყოს 4 წუთიანი ინტერვალი, ნავებზე არ დაიშვებიან 6 წლამდე ბავშვები.
ასევე ვიზიტორებს მინიმუმ 20 გიდი უნდა ემსახურებოდეს. მოიჯარე კომპანიამ უნდა უზრუნველყოს სანაოსნო მიმოსვლა მაშველების მეთვალყურეობით.
ამასთან, აუქციონის პირობებით, მოიჯარემ, კომპანიაში 70 %–ით უნდა უზრუნველყოს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება, დასაქმებულებს კი რეგულარულად უნდა ჩაუტარდეთ ტრენინგ–კურსები.
მაისიდან, მარტვილის კანიონის ბუნების ძეგლზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, განახლებული ტურისტული ინფრასტრუქტურით, ამოქმედდება ვიზიტორთა ცენტრი.
მარტვილის კანიონის ბუნების ძეგლზე ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სააგენტო ახორციელებს.