დაცული ტერიტორიების სააგენტო მარტვილის კანიონის კეთილმოწყობილ და საექსპულატაციოდ გამზადებულ 280-მეტრიან სანაოსნო მონაკვეთს 5-წლიანი იჯარით აუქციონის წესით გასცემს. აუქციონის საწყისი ფასი ყოველწლიური ბრუნვის 5 % იქნება.
როგორც აგულაშვილმა განაცხადა, მარტვილის კანიონის ბუნების ძეგლზე ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა ხელს შეუწყობს ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას. რეგიონში მოთხოვნა გაიზრდება საოჯახო სასტუმროებზე, კვების ობიექტებზე და სანაოსნო ტრანსპორტის მომსახურებაზე.
განახლებულ მარტვილის კანიონში სტუმრობას ვიზიტორები მიმდინარე წლის მაისიდან შეძლებენ. როგორც ,,ფორტუნას” დაცული ტერიტორიების სააგენტოში განუცხადეს, ტერიტორიის განსავითარებლად მილიონ 242 ათასი ლარი დაიხარჯება.
სააგენტოს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, შენდება ადმინისტრაციისა და ვიზიტორთა ცენტრის შენობა, ეწყობა ტურისტული ბილიკი, თავისი ხიდებითა და გადასახედებით კანიონზე. სამუშაოების ფარგლებში, რესტავრაცია ჩაუტარდება ორ ისტორიულ ობიექტს – წისქვილს და დადიანების კიბეს. ასევე კეთდება ნავმისადგომი, საიდანაც ნავით იქნება შესაძლებელი კანიონის დათვალიერება.
მარტვილის კანოინის განსავითარებლად დაცული ტერიტორიების სააგენტომ სამუშაოები 2015 წლის ბოლოს დაიწყო.
კანიონი სოფელ გაჭედილსა და ინჩხურს შორის მდებარეობს. კანიონს მდინარე აბაშა ქმნის, რომლის სიგრძე 2 400 მეტრია, ჩაჭრის სიღმე კი 20-40 მეტრია. კანიონი რამდენიმე ადგილას საფეხურებრივია და შუა ნაწილში 12 მ სიმაღლის მარტვილის ცნობილ ჩანჩქერს წარმოქმნის.