LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარტვილში მამამ შვილი დაჭრა

126
დაჭრა, პოლიცია

მარტვილის მუნიციპალიტეტში მამამ შვილი დაჭრა. დანაშაული სანადირო თოფიდან გასროლით მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს. დაშავებული ახალგაზრდა კი კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

შსს-ს ცნობითვე, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1958 წელს დაბადებული მ.ჯ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე შვილს – 1994 წელს დაბადებულ ლ.ჯ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სახისა და ზურგის არეში დაზიანებები მიაყენა.

დაჭრილი ლ.ჯ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანა.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.