LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მართვის უფლების მისაღები გამოცდის საფასური იზრდება

546
martvismowmoba

სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება. გამოცდის ორეტაპიანად გარდაქმნა, მართვის უფლების მისაღები გამოცდის საფასურის გაზრდას იწვევს. ასევე, იცვლება შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურების განაკვეთები, ხოლო არსებულ სერვისებს ახალი მომსახურებებიც ემატება.

შს სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე დაშვება ხდება 20 ლარი, ნაცვლად 40 ლარისა.

ამასთან, პრაქტიკული გამოცდა ორეტაპიანი ხდება და თითოეული ეტაპის საფასური დგინდება დამოუკიდებლად.

„B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე ერთჯერადად დაშვების საფასურია – 40 ლარი, მეორე ეტაპზე ერთჯერადად დაშვების – 90 ლარი.

„A“, „C“, „D“ „BE“, „CE“, „DE“ კატეგორიის და „A1“, „A2“, „B1“, „C1“, „D1“, „C1E“ და „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე ერთჯერადად დაშვების საფასურია 40 ლარი, მეორე ეტაპზე ერთჯერადად დაშვების – 150 ლარი.

განსხვავებულად ყალიბდება არსებული სტუდენტური შეღავათები. კერძოდ, სტუდენტს შეღავათი ექნება AM კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე ერთჯერადად დაშვებისას. რამდენადაც აღნიშნული კატეგორიის მართვის მოწმობის მისაღებად პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების საჭიროება არ არსებობს, სტუდენტი თავისუფლდება AM კატეგორიის მართვის მოწმობის მისაღები გამოცდის საფასურის გადახდისგან.

განსხვავებულად ყალიბდება 17 წლის ასაკს მიუღწეველი პირის შეღავათები. 18 წლამდე ასაკის პირს B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვა აეკრძალება და შესაბამისად, არსებული შეღავათი B კატეგორიის მართვის მოწმობის მისაღებად 17 წლის ასაკის პირებისთვის უქმდება.

პროექტით, საფასურისგან გათავისუფლების არსებულ საფუძვლებს ახალი პუნქტი ემატება, რომლის თანახმად, საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირი თავისუფლდება უფლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის ახლად შემოღებული დაჩქარებული მომსახურების საფასურის (10 ლარი) გადახდისგან.

მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის ბიუროს 3 ივნისის სხდომაზე წარედგინება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები