სექსუალური ხასიათის ქმედებაში ბრალდებულის, დეპუტატი ილია ჯიშკარიანის საქმეზე პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა. პროცესს თამთა თოდაძე არ დასწრებია, თუმცა სხდომაზე ბრალდებული ილია ჯიშკარიანი იმყოფებოდა.
თამთა თოდაძის ადვოკატმა, თამარ ლუკავამ შუამდგომლობა დააყენა, რომ სასამართლო პროცესები არ დაიხუროს და საჯაროდ წარიმართოს. მოსამართლემ მისი შუამდგომლობა დააკმაყოფილა, შესაბამისად სასამართლო პროცესები ღია იქნება.
ჯიშკარიანის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი გამომძიებელს საქმის მთავარი მტკიცებულების, ჩვენებების გაყალბებაში ადანაშაულებს. კუბლაშვილი ირწმუნება, რომ თოდაძისა და დედამისის ჩვენებები იდენტური და დაკოპირებულია. მისივე თქმით, ლინგვისტიკური ექსპერტიზის დასკვნამ აღნიშნული ფაქტი დაადასტურა.
"მარიამ კუბლაშვილმა აღარ იცის, რა ბრალი წამიყენოს..." - თამთა თოდაძე
თამთა თოდაძე ქვეყნის დატოვებას არ აპირებს.
“უკვე იწყება მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი და პროკურორს დღეს უნდა დაეფიქსირებინა საკუთარი მოსაზრება აღნიშნულ მტკიცებულებასთან მიმართებით. ჩატარებული ექსპერტიზა პირდაპირი პასუხია იმისა, რომ თამთა თოდაძის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება და დედის მიერ მიცემული ჩვენება ერთი პირის მხრიდან არის შესრულებული. ცნობილია, რომ ბრალდების დადგენილება ერთადერთი პირდაპირ მტკიცებულებას, თამთა თოდაძის ჩვენებას დაეყრდნო, რომელიც მან გამოძიებას მისცა. აღნიშნული ჩვენება გახლავთ არასარწმუნო, პირდაპირ წერია ამ დასკვნაში, რომ კოპირების გზით ერთი ადამიანის მიერ არის შესრულებული. ანუ გამომძიებელი უთითებდა, გამომძიებელმა დაწერა, მას არ მოუსმენია თამთასთვის, განავრცო, სამართლებრივად დაასაბუთა, დაამძიმა და აქედან გამომდინარე ილია ჯიშკარიანს ბრალი წარუდგინეს.
სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს აღნიშნული მტკიცებულება. ერთადერთი მთავარი მტკიცებულება დაინგრა. ბრალდების მხარის საქმე, რომელიც დაყრდნობილია ერთადერთ პირდაპირ მტკიცებულებას – თამთა თოდაძის ჩვენებას. დასკვნა გვეუბნება, რომ თამთა თოდაძის ჩვენება არის კოპირების გზით შესრულებული, მისი დედის ჩვენებასთან იდენტურია და რას უნდა ნიშნავდეს აღნიშნული, თუ არა გამომძიებლის უფლებამოსილების გადამეტებას, მისი მხრიდან მითითებას, რის საფუძველზეც შეიქმნა ბრალდების დადგენილება? – ეს არის პირდაპირი დარღვევა. სასამართლო იმსჯელებს და ეს ყველაფერი განაჩენში აისახება. სხვა მტკიცებულებები წარვადგინეთ, რომელ საათზე დარეკა თამთამ 112-ში, ჰქონდა თუ არა მას დრო იმისთვის, რომ მოეფიქრებინა გამოსავალი, შეექმნა დედასთან ერთად გარკვეული ვერსია, მას ჰქონდა გონივრული დრო, რომ მოეფიქრებინა ვერსია, როგორ დაებრალებინა, შეეტრიალებინა ილია ჯიშკარიანისთვის აღნიშნული დანაშაული”, – აცხადებს მარიამ კუბლაშვილი.
თამთა თოდაძის ადვოკატი საპასუხოდ აცხადებს, რომ კუბლაშვილის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება, საქმის არსს არ ცვლის. თამარ ლუკავას განამრტებით, ერთი ოჯახის წევრების ჩვენებები, ხშირად ერთმანეთს ემთხვევა.
მაგას დავამთავრებ და დავასამარებ სამუდამოდ-მარიამ კუბლაშვილი თამთა თოდაძეზე
“შემიძლია გითხრათ, რომ არა ერთი ლინგვისტური ექსპერტიზა დამინიშნავს სხვა საქმეებში და დედის და შვილის ჩვენებები ყოველთვის ერთმანეთს ემთხვევა ხოლმე, იმიტომ, რომ ისინი ერთ სახლში ცხოვრობენ, მათ აქვთ ერთმანეთთან კომუნიკაცია და წინადადებები და სიტყვები ხშირად, ერთი ოჯახის წევრების არის მსგავსი. არ ცვლის არანაირად ეს მტკიცებულება საქმის არსს,” – განაცხადა თამარ ლუკავამ.
აღსანიშნავია, რომ თავად ბრალდებულმა, ილია ჯიშკარიანმა კომენტარი სასამართლო სხდომის დაწყებამდე გააკეთა. საკრებულოს დეპუტატი ბრალს არ აღირებს.
„სასამართლოს დაველოდოთ და მიიღებთ შედეგს. რაღაცას რომ დაგაბრალებენ, რას იზამთ თქვენ, აღიარებთ?” – აცხადებს ჯიშკარიანი.
შეგახსენებთ, რომ საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის საქმის არსებითი განხილვა დღეს დაიწყო. მომდევნო სასამართლო სხდომა 14 იანვარს ჩაინიშნა.
ილია ჯიშკარიანი ფსიქოლოგიური ბულინგის მსხვერპლია – მარიამ კუბლაშვილი