„მცხეთის სამედიცინო ცენტრის“ კლინიკური დირექტორის, ლიკა მუმლაძის განცხადებით, შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ მძიმე ახალგაზრდა პაციენტების რაოდენობა გაიზარდა.
მუმლაძემ ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და თქვა, რომ კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მაღალია ბავშვებშიც.
„ჩვენთან, ამ ეტაპზე, მცირეწლოვანი ბავშვების მიღება არ ხდება, თუმცა, როგორც კოლეგებისგან მაქვს ინფორმაცია, ბავშვებში ინფიცირების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. ჩვენთან უფრო მეტად მაშფოთებს ის, რომ გაიზარდა მძიმე ახალგაზრდა პაციენტების რაოდენობა. საშუალო ასაკის 40-დან 58 წლამდე მძიმე მიმდინარეობის პაციენტების წილმა მოიმატა,“ – განაცხადა ლიკა მუმლაძემ.
„მცხეთის სამედიცინო ცენტრის“ კლინიკური დირექტორი ვარაუდობს, რომ კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მოიმატებს და სააღდგომო დღეებთან დაკავშირებული ე.წ. დიდი კლასტერები გაჩნდება.
“შემთხვევების მატების მოლოდინი მაქვს, სააღდგომო დღეების გამოძახილი ახლა გამოჩნდება ჩვენს საზოგადოებაში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ იყო შეზღუდული, ადამიანები აქტიურად იყვნენ დაკავებულები თავშეყრით, ერთად ყოფნით, სწორედ ეს გამოიწვევს ე.წ. დიდი კლასტერების გაჩენას. სასაფლაოებზე არ გავედით, მაგრამ სახლში შეიკრიბა საზოგადოება. ეს თავის შედეგს აუცილებლად გამოავლენს“,- აღნიშნა ლიკა მუმლაძემ.