სლოვენიელი ტურისტი, რომელიც ლაშქრობის დროს ველოსიპედიდან გადმოვარდა, ვერტმფრენით თელავის რეფერალურ საავადმყოფოშიგადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ “112”-ში შევიდა ინფორმაცია, რომ მთა-თუშეთიდან ხევსურეთის მიმართულებით, უღელტეხილისკენ მიმავალ სალაშქრო ბილიკზე ველოსიპედიდან გადმოვარდა ტურისტი სლოვენიის მოქალაქე, 72 წლის მამაკაცი, რომელსაც აღენიშნებოდა მოტეხილობები. დაშავებულ ტურისთან ერთად იმყოფებოდნენ საფრანგეთის ორი, ისრაელის ერთი და სლოვენიის ერთი მოქალაქე, რომლებიც დაშავებულს მეთვალყურეობას უწევდნენ.
შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდა ომალოში განლაგებული სამაშველო დანაყოფის მეხანძრე-მაშველები. ადგილზე მისვლის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაცების მართვის მაშველებმა დაშავებულის მდგომარეობა შეაფასეს. ტრავმების სიმძიმის, რთული რელიეფის და დიდი დისტანციის გამო დაშავებულის ქვეითად გადმოყვანა შეუძლებელი იყო.
აღნიშნულიდან გამომდინარე საჭირო გახდა სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენის ჩართვა, თუმცა ველოტურში მყოფი ტურისტები სადაზღვევო პაკეტით სარგებლობდნენ, რის გამოც მათ კერძო ვერტმფრენის გამოძახების გადაწყვეტილება მიიღეს. დაშავებული ტურისტი თელავის აეროპორტიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
უღელტეხილზე დარჩენილი ტურისტები გზას უსაფრთხო ადგილამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშველების მეთავლყურეობის ქვეშ აგრძელებენ.