ფსიქოლოგი და ჰუმანური პედაგოგიკის ცენტრის ხელმძღვანელი პაატა ამონაშვილი „ამონაშვილის აკადემიის“ ფეისბუქ გვერდზე ვებინარის მეშვეობით საიტერესო თემებზე საუბრობს, ის მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთობაზე ამახვილებს ყურადღებას.
სხვა გამოსავალი არ არის, გარდა იმისა, რომ მასწავლებელმა ისწრაფვოს მეგობრული ურთიერთობისკენ. ამას როგორ გააკეთებს, ეს ინდივიდუალურია. არსებობს ზოგადი მეთოდები, ოღონდ ამ ზოგად ფორმებს აზრი ეკარგება, თუ მასწვალებლის შინაგანი მდგომარეობა ამისკენ მომართული არ არის. როდესაც მასწავლებელი მოტივირებულია, რომ პირველ ადგილზე იყოს სიყვარული და მერე საშინაო დავალება, იქ ეს მეთოდები გაჭრის. თუ პირველ ადგილზე საგანია, მაშინ მეგობრობა ვერ დამყარდება. ამიტომ მე რომ ვიყო მასწავლებელი, რომელიც საკუთარ თავზე მუშაობს, ჩემს თავს ვკითხავდი, რა გავაკეთო, რომ ბავშვები გახდნენ ჩემი საუკეთესო მეგობრები. საუკეთესო მეგობართან გულიც მიგიწევს და საიდუმლოს გაზიარებაც გინდა, ყველაფრის კეთება გიხარია. სულ ერთია, ეს ონლაირეჟიმში ხდება თუ ლაივრეჟიმში. ცნობილი ფსიქოლოგი როჯერსი ყოველთვის ურჩევდა პედაგოგებს, მოდი, ჯერ ადამიანი იყავი ბავშვის თვალში და მერე გახდი მასწავლებელი.
მაგალითად, მათემატიკის მასწავლებელი რომ გაკვეთილს იწყებს ფრაზით: ,,აბა, ბავშვებო, რა გვქონდა დავალებად” და სიის ამოკითხვას იწყებს, არ არის მოწოდებული მეგობრობისკენ. ასეთი დასაწყისით მეგობარი ვერ გახდება. თუ დაიწყებს ფრაზით, ,,ბავშვებო, როგორ ხართ”, ეს არ იქნება დროის გაფლანგვა, პირიქით”, – ამბობს ფსიქოლოგი.