LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მათ განსაკუთრებული ძალისხმევა გასწიეს ომის დანაშაულების დოკუმენტირებისთვის“ – ნობელის პრემია მშვიდობის დარგში უკრაინულ, რუსულ და ბელარუსულ უფლებადამცველ ორგანიზაციებს გადასცეს

32
Untitled design (1)

დღეს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის სამი ლაურეატი გამოავლინეს.

პრესტიჟული ჯილდო აღნიშნულ კატეგორიაში არასამთავრობო ორგანიზაციებმა – უკრაინულმა „სამოქალაქო თავისუფლებების ცენტრმა“ და რუსულმა „მემორიალმა“, ასევე ბელარუსმა უფლებადამცველმა აქტივისტმა, ალეს ბიალიაცკიმ მიიღეს. ბიალიაცკი ამ დროისთვის დაპატიმრებულია.

ლაურეატების წარდგენის დროს ნობელის კომიტეტის ხელმძღვანელმა ბერიტ რეის-ანდერსენმა განაცხადა, რომ გამარჯვებულებმა განსაკუთრებული ძალისხმევა გამოიჩინეს ომის დანაშაულების, ადამიანის უფლებების დარღვევისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების კვლევასა და დოკუმენტირებაში.

„ისინი მრავალი წლის განმავლობაში, ხელს უწყობდნენ მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დაცვას და ერთად აჩვენებენ, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს სამოქალაქო საზოგადოებას მშვიდობისა და დემოკრატიისთვის“ – აღნიშნა მან.

ნობელის კომიტეტმა დღესვე მოითხოვა ბიალიაცკის გათავისუფლება, რომელიც ამჟამად დაკავებულია გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდებით.

„ჩვენი გზავნილი არის მოწოდება ბელორუსის ხელისუფლების მიმართ, გაათავისუფლოს ბ-ნი ბიალიაცკი და ვიმედოვნებთ, რომ ეს მოხდება და ის შეძლებს ოსლოში ჩამოსვლას და მისთვის მინიჭებული ჯილდოს მიღებას“, – განაცხადა რეის-ანდერსენმა.

დღესვე უფლებადამცველმა, ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ განაცხადა, რომ ბიალიაცკისთვის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მინიჭება არის აღიარება ყველა ბელარუსისთვის, რომელიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვის.

ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში ფრანგ მწერალს ანი ერნოს გადაეცა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები