LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მათი მასალა სანდო წყაროების სპექტრიდან მოიპოვება – ანგარიში პრობლემებს ეხება და არა პოლიტიკურ პარტიებს ან პიროვნებებს“ – კელი დეგნანი სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე

188
კელი დეგნანი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიში პრობლემებს ეხება და არა პოლიტიკურ პარტიებს ან პიროვნებებს.

მისივე თქმით, „მათი მასალა სანდო წყაროების სპექტრიდან მოიპოვება, რომელიც რამდენიმეჯერ მოწმდება, რათა დარწმუნებული იყვნენ, რომ ანგარიშში აღნიშნული ინფორმაცია სანდოა“.

„აშშ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ანგარიშებს ათწლეულების განმავლობაში აკეთებს. ისინი პრობლემებს ეხება და არა პოლიტიკურ პარტიებს ან პიროვნებებს. მათი მასალა სანდო წყაროების სპექტრიდან მოიპოვება, ჩვენ მათ ვამოწმებთ და ხელახლა ვამოწმებთ, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ანგარიშში აღნიშნული ინფორმაცია სანდოა.

ეს ანგარიშები მნიშვნელოვანია და ხალხს მოვუწოდებდი, რომ წინა ანგარიშები წაიკითხონ, ვინაიდან, ისინი იმ სფეროების ქრონიკაა, სადაც პროგრესი იყო საჭირო, მაგრამ ასევე ხშირად აღნიშნავენ სფეროებს, სადაც რეალურად პროგრესი იქნა მიღწეული.

ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშებით ჩვენი საბოლოო მიზანი არის ქართველების ძალისხმევის უკეთ ინფორმირება, თავიანთი დემოკრატიის გასაძლიერებლად და ყველა მოქალაქის, ადამიანის უფლებების დასაცავად. და იმედი გვაქვს, რომ ადამიანის უფლებების ყოველწლიური ანგარიში აღქმული იქნება, როგორც მნიშვნელოვანი საშუალება ამ მიზნისთვის“, – განაცხადა დეგნანმა.

ცნობისათვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ „სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ეყრდნობა ძირითადად იმ ინფორმაციებს, არაობიექტურ, მიკერძოებულ, სუბიექტურ და უსამართლო დასკვნებს, რომელიც მიწოდებული იყო და რომელიც მომზადდა ე.წ. ელიტური „ენჯეოების“, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, რაც რა თქმა უნდა, სამწუხაროა“.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო ღია დემოკრატიის მქონე ქვეყანაა და ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ ქვეყანაში არსებობს ასეულობით არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც სამწუხაროდ არასწორ ინფორმაციებს ავრცელებენ მთელს მსოფლიოში და ცდილობენ ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფოს იმიჯის დისკრედიტაციას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები