LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მათი ომში იძულებით ჩართვა კონვენციური დარღვევაა, საქართველოს არცერთი მოქალაქე არ გვემეტება საზარბაზნე ხორცად“– ხოშტარია სახელმწიფოსგან მექანიზმების ამოქმედებას მოითხოვს

290
ელენე ხოშტარია

„გამაოგნებელია, რომ ჩვენი სახელმწიფო, რომელიც თითქოსდა გმობს ომს, პარალელურად ხმას არ იღებს ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ მსგავსი დანაშაულებრივი და ძალადობრივი შესაძლო ქმედებების შესახებ“, – ამის შესახებ პარტია „დროას“ დამფუძნებელმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომელმაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს მოქალაქეების რუსეთ-უკრაინის ომში იძულებით ჩართვის შესახებ ბრიფინგი გამართა.

როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, ბოლო დღეებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება, რომ რუსი ოკუპანტები და მათი საოკუპაციო რეჟიმები უკრაინაში, რუსულ აგრესიასა და ბოროტმოქმედებაში იქ მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს რთავენ.

„უკვე ვნახეთ კადრები როგორ გაჰყავს რუსეთს ტექნიკა უკრაინაში ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ასევე მოდის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გაჰყავთ ადამიანებიც.

ადგილობრივ მოსახლეობას აქვს შიში, რომ მალე ომში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩვენი მოქალაქეების გაწვევა სავალდებულო გახდება. ეს კატეგორიულად მიუღებელია, როგორც საერთაშორისო, ისე ჩვენი სახელმწიფოს სამართლის და ასევე ადამიანურ დონეზე.

პირველ რიგში, მინდა, მივმართო ყველას, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ თანამოქალაქეებს. არ აქვს მნიშვნელობა, რა ურთიერთობა გვაქვს ახლა, საქართველოს არცერთი მოქალაქე არ გვემეტება საზარბაზნე ხორცად და რუსეთის ამ ბოროტმოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად.

ეს ომი და ბოროტება სამართლიანად, რუსეთისათვის ძალიან მძიმედ, დასრულდება, ეს დაასვამს უდიდეს დაღს ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ამაში მონაწილეობას მიიღებს.
ამიტომ, მივმართავ აბსოლუტურად ყველა ადამიანს, მშობელს დაფიქრდით, რა გავლენას მოახდენს თქვენზე ამ ბოროტებაში თანამონაწილეობა“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

"ემზადებიან იმისათვის, რომ ადგილობრივებსაც მოუწევთ წასვლა, შეიძლება აფხაზებსაც" - გიორგი კანაშვილი ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ძალების გასვლაზე

ცხინვალიდან ტექნიკის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილია გაყვანილი...მათ აქვთ ვალდებულება, რომ გაწვევის შემთხვევაში წავიდნენ იქ, სადაც მიუთითებს პუტინი და რუსეთი", - აცხადებს კონფლიქტოლოგი.

მისივე თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ძალიან ბევრ ადამიანს ეს არ უნდა. როგორც ელენე ხოშტრიამ ბრიფინგზე თქვა, მათ უნდა იცოდნენ, რომ ჩვენს ტერიტორიაზე, საქართველოში, მათი უფლებები იქნება დაცული.

„რაც შეეხება საერთაშორისო სამართლებრივ განზომილებას, ეს არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 (წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა); მე-4 (მონობისა და იძულებითი შრომის აკრძალვა) და მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) მუხლების დარღვევა.

ანუ შეგვიძლია, კონკრეტული საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმი ავამოქმედოთ, მივმართოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და დავიცვათ მათი უფლებები. გარდა იმისა, რომ მათ ჩვენს ტერიტორიაზე უნდა შევთავაზოთ მათი უფლებების დაცვა.

გამაოგნებელია, რომ ჩვენი სახელმწიფო, რომელიც თითქოსდა გმობს ომს, პარალელურად ხმას არ იღებს ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ მსგავსი დანაშაულებრივი და ძალადობრივი შესაძლო ქმედებების შესახებ.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ომში იძულებით ჩართვა, რუსეთის მხრიდან უმძიმესი დანაშაულია. რუსეთი ამ ომში აუცილებლად დამარცხდება და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალიდან, საქართველოს მოქალაქეები ამ ბოროტებაში ჩართული არ იყვნენ.“ – აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

ამავე თემაზე:

ვიდეო: ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მცხოვრებნი უკრაინაში საომრად გაგზავნეს

გაჰყავს თუ არა რუსეთს სამხედრო ძალები ოკუპირებული ტერიტორიებიდან – გომელაურს დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g