კომპანია McLaren-ისა და მისი სარბოლო განყოფილების ყოფილმა ხელმძღვანელმა რონ დენისმა შესაძლოა ფირმას ფორმულა ერთის ისტორიული ავტომობილების კოლექცია წაართვას. როგორც პორტალი Autosport-ი იუწყება, McLaren-მა დენისს 50 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მას 13 ავტომობილი უნდა მისცეს, რომელთა უმრავლესობაც მსოფლიო ჩემპიონატების გამარჯვებულია.
დენისის ხელმძღვანელი პოსტიდან წასვლის შესახებ ივნისში გახდა ცნობილი. მან McLaren Technology Group-ისა და McLaren Automotive-ს აქციების თავისი წილი გაყიდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, დენისსა და დანარჩენ აქციონერებს შორის არსებული შეთანხმების მიხედვით, თუკი ფირმა მას თანხას არ მისცემს, ვალდებულია ავტომობილები გადასცეს.
სხვადასხვა წყაროების მიხედვით, მაკლარენი გეგმავს აღნიშნული თანხა გადაიხადოს.
Motorsport-ი წერს, რომ სარბოლო ავტომობილების კოლექცია მოდელ MP4-1-ს, ასევე ნიკი ლაუდას, ალენ პროსტის, აირტონ სენას, მიკი ჰაკინენისა და ლუის ჰემილტონის ავტომობილებს აერთიანებს.