ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის დღევანდელ განცხადებებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ეხმიანება.
“ხელისუფლების დამოკიდებულება მათთან კავშირზე დამაბნეველია” – დეგნანი “ოცნებიდან” წასულ დეპუტატებზე
კელო დეგნანის თქმით, ზოგჯერ არასასიამოვნოა სამოქალაქო საზოგადოების შეფასების მოსმენა, მაგრამ ეს მათი როლია.
ამის საპასუხოდ კი, მამუკა მდინარემ აღნიშნა, რომ შეუძლია პატივისცემა დაუდასტუროს, მაგრამ არ დაეთანხმოს მის განცხადებას კატეგორიულად:
„თუკი მთავრობის გადადგომა, ამ მიზნით მიტინგის და აქციების გამართვა, ტექნიკური მთავრობის მოთხოვნა შედის კრიტიკის ჩარჩოებში, მაშინ კელი დეგნანის განცხადებას დავეთანხმები თავიდან ბოლომდე, წინააღმდეგ შემთხვევაში არა.
მე მაინც მიმაჩნია მთავრობის გადადგომის მოთხოვნა, აქციების დაორგანიზება და ამგვარ პოლიტიკურ აქტივობებში მონაწილეობა უფლებადამცველის საქმე არ არის. თუ მე მართალი ვარ ამ შემთხვევაში, ასევე მართალი ვარ თუ ამ განცხადებას არ დავეთანხმები. მე შემიძლია პატივისცემა დავუდასტურო, მაგრამ ამის მიუხედავად, არ დავეთანხმო მის განცხადებას კატეგორიულად, ამის უფლება მაქვს. ნუ გაქვთ ის წარმოდგენა, რომ არსებობენ ადამიანები, თუნდაც, მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლები, რომელთაც დავუშვათ, დიდი წვლილი ჰქონდეს შეტანილი ქვეყნის განვითარებაში, რომლებთანაც შედავება და შეკამათება არ შეიძლება, ეს ფსიქოლოგია არ არის, არც საზოგადოების დაკვეთა და არც ეროვნული ინტერესებიდან არ გამომდინარეობს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძემ ასევე ისაუბრა დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით ელჩის განცხადებაზე და აღნიშნა, რომ დეგნანს მოუწოდებენ, მკაფიო იყოს მისი განცხადება დეოლიგარქიზაციაზე, რადგან ბევრს დარჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციის მესიჯბოქსი ელჩის პათოსს ემთხვევა:
„მკაფიოობაზე როცაა საუბარი, ამ ქვეყანაში ჩვენი სტრატეგიული, პარტნიორი, მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელს ვუდასტურებთ რა პატივისცემას, ასევე, გვინდა, მოვუწოდოთ, რომ მკაფიო იყოს მისი განცხადებები, მაგალითად, დეოლიგარქიზაციის საკითხთან დაკავშირებით, რადგან გუშინ ხატია დეკანოიძემ თქვა, რომ კანონი უნდა მოერგოს ბიძინა ივანიშვილს. დღეს, ქალბატონი კელი გამოდის და ამბობს, რომ ქართული სპეციფიკით უნდა იყოს ეს კანონი შედგენილი. თუ აქ არ იქნება მეტი მკაფიოობა და მეტად დაზუსტება, ამ ქვეყანაში და ქვეყნის გარეთაც კი, ბევრ ადამიანს დარჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციის მესიჯბოქსი ემთხვევა ჩვენი პარტნიორი, მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლის, ელჩის პათოსს. ამას სჭირდება უფრო დაზუსტება და მკაფიოობა. ამავდროულად, თუ გულისხმობს, რომ ეს მოერგოს კონკრეტულ ადამიანს, ვისაც უნდათ, რომ მოერგოს, ანუ ბიძინა ივანიშვილს, ეს ნიშნავს, რომ საერთოდ გვერდზე ვდებთ სამართლის, დემოკრატიის პრინციპებს და ავტორიტარულ ქვეყნებში როგორც შეიძლება, მოხდეს, ავტორიტარულშიც ალბათ ამას ერიდებიან, კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში როგორც შეიძლება, მოხდეს – კონკრეტულ ადამიანს შეიძლება, მოერგოს პირდაპირ კანონი, ეს სამართლის პრინციპებს ეწინააღმდეგება. ამიტომ მეტი განმარტება და სიზუსტეა საჭირო, რა იგულისხმება ამ განცხადების უკან“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.