LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდინარაძე: გიორგი ვაშაძე მომსახურების ზონიდან გავიდა, ჭკუა აღარ მოეკითხება

58
Untitled design

„სტრატეგია აღმაშენებლის“ გადაწყვეტილებას – არ ჩაერთოს სახალხო დამცველის არჩევის პროცესში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ეხმიანება.

როგორც დღეს მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, გიორგი ვაშაძე მომსახურების ზონიდან გავიდა და ჭკუა აღარ მოეკითხება:

„რაც შეეხება სახალხო დამცველთან დაკავშირებით ევროკავშირის მე-12 რეკომენდაციას, სამწუხაროა, რომ მის აღსრულებაში სამმა რადიკალურმა პარტიამ მონაწილეობა არ მიიღო. მათ პირველი მოსმენისგან განსხვავებით მხარი აღარ დაუჭირეს, შემდეგ ორმა მათგანმა ალბათ იფიქრა, რომ ეს ძალიან დამაზიანებელი იყო მათთვის (ქვეყნისთვის დამაზიანებლობაზე ისინი დიდად არ შფოთავენ) და კარგია, რომ შემოვიდნენ კონსულტაციაზე, სადაც 9-კაციანი სამუშაო ჯგუფის დაკომპლექტებას განვიხილავდით. იქ რაიმე არსებითი წინააღმდეგობა არ ყოფილა. ამას ხშირად იმას ვაბრალებ ხოლმე, რომ სადაც კამერები არაა, იქ გარკვეულ საკითხებზე შეთანხმების მეტი შანსია. ვფიქრობ 9-კაციანი კომისიის შექმნის და მათი შეფასების შემდეგ, შევძლებთ შევჯერდეთ კანდიდატზე.

ეს ოპტიმიზმი გამომდინარეობს იქიდან, რომ ჩვენ არ წარვადგენთ კანდიდატს, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევისა, თუ ყველა ოპოზიციური პარტია გადაწყვეტს, რომ საბოტაჟი მოუწყოს ამ პროცესს, რაც, ჩემი აზრით, გამორიცხულია. ამიტომ „ქართული ოცნება“ პრინციპულად არ წარადგენს კანდიდატს, რათა ევრორეკომენდაციის შესრულების და საერთო კანდიდატზე შეთანხმების მეტი გარანტია იყოს“, – აღნიშნა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ვაშაძის განცხადებები რადიკალიზმის გაღრმავებას ემსახურება:

„ეს არის რადიკალიზმის გაღრმავების მცდელობა, არანაირ ხუთი პარტია, რომლებიც ამ რადიკალურ მოძრაობაშია ჩართული, არ არსებობს. არსებობს ერთი „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც შედგება შემდეგი პარტიებისგან: „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, პარლამენტს გარეთ – „დროა“ და ზურა ჯაფარიძის „გირჩი“. ეს ხუთი პარტია აანონსებს შენობებში შეჭრას, არეულობას, რევოლუციურ სცენარს, რაც გამორიცხულია. ვერ მიხვდნენ, რომ არ არის 2003 წელი და სახელმწიფო შედგა. ვაშაძის პოზიცია არის რადიკალიზაციის გაღრმავების კიდევ ერთი დასტურიც და მცდელობაც…

ვაშაძე პირად შეურაცხყოფაზეა გადასული და რაც, მაგალითად, პირადად პარლამენტის თავმჯდომარის მისამართით იკადრა, არაფერში ჯდება – არც ეთიკაში, არც ზრდილობაში, შეუძლია გააკრიტიკოს ნებისმიერი ჩვენგანი, ოღონდ პირადი შეურაცხყოფა რაში სჭირდება, არ ვიცი, რადიკალიზმის ხარისხს ამძაფრებს ამით, ალბათ, თავისი ჭკუით“, – თქვა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, „სტრატეგია აღმაშენებელი” სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით პროცესში მონაწილეობას არ აპირებს. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ხელისუფლების მიერ ინიცირებული ცვლილებები ევროპული რეკომენდაციის პრინციპებს არ შეესაბამება.

„ქართულმა ოცნებამ“ ხუნდაძის, ყაველაშვილისა და სუბარის შემცვლელები დაასახელა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები