„ლელო“ – ასეთი პარტია არ არსებობს, არსებობს ერთი პარტია „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც იყოფა, „ნაციონალურ მოძრაობად“, „ლელოდ“ და „სტრატეგია აღმაშენებლად“, ვაშაძის ორკაციანი პარტია რომ არის. რეალურად ეს არის ერთი ბირთვი, რომელიც ყველაფერს აკეთებს საქართველოს დაზიანებისათვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესების თაობაზე „ლელოს“ მოთხოვნას.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, „უსამშობლო ადამიანებით დაკომპლექტებული ომის და ღალატის პარტია ვერასოდეს მიაღწევს წარმატებას“.
„ამის პირობას ვაძლევთ იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მტრობაში არავის გაუმარჯვია – საბოლოოდ ეს ქვეყანა იმარჯვებს ხოლმე. აქ არ არის საუბარი „ქართული ოცნებაზე“, მმართველ გუნდზე და მოსახლეობის ნახევარზე, რომელიც ჩვენ გვიჭერს მხარს და ა.შ. აქ არის საუბარი საქართველოზე და მის ეროვნულ ინტერესებზე. ეროვნული ინტერესები არ დამარცხდება, ამას უნდა შეეგუონ და სისულელეებს დაანებონ თავი“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, „ლელო“ რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღებას ითხოვს.