66 მძღოლს, რომელიც მიკროავტობუსში კონდიციონერს შეგნებულად არ რთავდა, 10 დღით მუშაობა აეკრძალა. ამის შესახებ განცხადებას კომპანია ”თბილისის მიკროავტობუსი” ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, 20 ივლისიდან „თბილისის მიკროავტობუსი“ კომპანიის დაქვემდებარებაში მყოფ ოთხივე ავტოპარკში მონიტორინგის ჯგუფებს ზრდის.
”ხაზზე გამოსვლამდე ყოველი მიკროავტობუსი გაივლის ტექნიკურ შემოწმებას და კონდიცირების სისტემის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, მანქანას აეკრძალება ხაზზე გასვლა და დადგენილი მარშრუტის შესრულება. მონიტორინგის დღევანდელი შედეგების თანახმად, ხაზზე გასვლა აეკრძალა 70 მიკროავტობუსს. ასევე მოგახსენებთ 19 ივლისის მონიტორინგის შედეგებს, რომლის თანახმადაც გამოვლინდა 66 მძღოლი, რომელიც მგზავრთა გადაყვანის დროს შეგნებულად არ რთავდა ჰაერის გამაგრილებელს. უსაფრთხოების სამსახურმა გაატარა შესაბამისი სანქციები და 10 დღის ვადით აეკრძალათ მიკროავტობუსებზე მუშაობა. ტექნიკური შემოწმება რეგულარულად ჩატარდება მთელი ზაფხულის განმავლობაში“, – ნათქვამია ”თბილისის მიკროავტობუსის” განცხადებაში.