LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ 1000-მდე ოჯახს სახელმწიფო ახალ საცხოვრებელ ფართებს გადასცემს – რა პროცედურების გავლაა საჭირო პროგრამით სარგებლობისთვის

176
ing (1)

მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ 1000-მდე ოჯახს სახელმწიფო ახალ საცხოვრებელ ფართებს გადასცემს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, განკარგულების პროექტი, რომელიც უსახლკარო, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახების განსახლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცებას გულისხმობს, მთავრობის ადმინისტრაციის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს.

„პროგრამის ჯამური ბიუჯეტი 50 000 000 ლარს შეადგენს. პროგრამის მიზანი სოციალურად დაუცველი, უსახლკარო მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერა და მათთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნაა.

პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება იყოს ოჯახი 3 და მეტი არასრულწლოვანი ბავშვით, რომლის ყველა წევრი რეგისტრირებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.

პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ოჯახებს, რომელთა არც ერთი წევრი რეგისტრირებული არ არის დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილთა ან ეკომიგრანტი ოჯახების ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში. ასევე – თუ უსახლკარო ოჯახის წევრს სახელმწიფოსგან უკვე მიღებული არ აქვს საცხოვრებელი ფართი ან სათანადო ფულადი კომპენსაცია საცხოვრებელი ფართის შესაძენად.

ამ და სხვა კრიტერიუმების შეფასების შემდეგ ოჯახების განსახლების საკითხს შესაბამისი კომისია გადაწყვეტს.

პროგრამა 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება. ოჯახების განსახლება განხორციელდება საქართველოს ნებისმიერ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში“, – წერია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება პროდეცურებს, ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ ოჯახებს თავადაც შეუძლიათ განაცხადების გაკეთება მუნიციპალურ ცენტრებში, რასაც შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრო განიხილავს.

„ოჯახები განაცხადებს გააკეთებენ ჩვენს მუნიციპალურ ცენტრებში. ინფორმაცია გვაქვს ყველა მუნიციპალიტეტიდან, ასეთი ოჯახები სადაც არის, სავარაუდოდ აღრიცხულია.

ამის საფუძველზე ჩვენც მივმართავთ და თვითონაც შეეძლებათ განაცხადების გაკეთება, რასაც შემდეგ განვიხილავთ“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, ხომ არ უკავშირდება აღნიშნული პროგრამის განხორციელება საარჩევნო წელს, მინისტრი ამბობს, რომ საკითხზე გადაწყვეტილება აქამდე იყო მიღებული და მას საარჩევნო წელთან ან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან კავშირი არ აქვს.