საგნის „მე და საზოგადოება“ სწავლა დაიწყება, თუმცა, განათლების სამინისტრო ყველა ნაბიჯს გადადგამს, რომ „არაფერი ისეთი არ იყოს სახელმძღვანელოებში“, – ამის შესახებ მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა.
”ყველა დოკუმენტი, რომელიც შექმნილია სასწავლო გეგმაში, საგნის სტრუქტურა და პროგრამა შეთანხმებულია პრაქტიკულად ყველა მხარესთან, მათ შორის სასულიერო პირებიც იყვნენ ჩართული, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და ა.შ. ის მასალები, რომელსაც აქციაზე ავრცელებდნენ რომელიღაც ჩვენთვის უცნობი წიგნიდან არის, რომელიც ნამდვილად მიუღებელია იმ ფორმით, რა ფორმითაც ვრცელდებოდა. ჩვენი საზოგადოებისთვის რაც იქნება მიუღებელი, რა თქმა უნდა, არაფერი უნდა მოხვდეს სასწავლო პროგრამაში. საგნის სწავლება დაიწყება, თუმცა წინასწარ ყველა ნაბიჯს გადავდგამთ, რომ არაფერი ისეთი არ იყოს ამ საგანში და ამ სახელმძღვანელოებში, რაც იქნება მიუღებელი მოსწავლეების ოჯახებისთვის”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
საგნის სკოლებში შეტანის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ ეს დისციპლინა „ლგბტ თემის მიერ არის შეკვეთილი“, მათ რამდენიმე დღის წინ საპროტესტო აქციაც გამართეს.