LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე კი არ უნდა ვტოვებდე სამსახურს, ეს ხალხი უნდა ტოვებდეს“ – თენგიზ ცერცვაძე თანამდებობაზე რჩება

572
თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ დაკავებულ თანამდებობაზე რჩება.

როგორც ცერცვაძემ „პირველ არხთან“ საუბრისას განმარტა, მან საზოგადოებისგან უპირობო მხარდაჭერა იგრძნო.

„დიახ, ვრჩები. ერთი, რამაც მაფიქრებინა, რომ ის განცხადება ემოციური იყო და შეიძლება, საქმისთვის და ქვეყნისთვის სჯობს, დავრჩე არის ის, რომ ძალიან საინტერესო იყო რეაქცია. მე რომ მეგონა თავიდან, მთელი ქვეყანა დაინგრა და ჩემს წინააღმდეგ არის, აღმოჩნდა, რომ ეს არის საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილი, იმდენად მცირე, რომ მე ეს განწყობები და მსგავსი შეფასებები ვერსად ვიგრძენი, ვერც სამსახურში, ვერც ყოფით პირობებში. საზოგადოებისგან ვიგრძენი ცალსახა და უპირობო მხარდაჭერა, ამან მაფიქრებინა, რომ მე კი არ უნდა ვტოვებდე სამსახურს, ეს ხალხი უნდა ტოვებდეს.

ვიცი, რომ საქართველოში, არაიშვიათად მოქმედებს პრინციპი, ცნობილი ფრაზა – „დამიჭირეს, ხელი მომჭრეს, რატომ კარგი აგიგია“ და ამას მიჩვეული ვარ, მაგრამ ამჟამად, ჩემი ემოციები და გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ უსამართლობამ ყველანაირ ზღვარს გადააჭარბა. დიახ, გაკეთდა მინისტრის ცნობილი განცხადებები, რომ კლინიკებს მილიარდი ლარი გადაეცა, რომ იქ ყველაფერი არ იყო მიზნობრივად და ა.შ, თუმცა იქ არანაირი მინიშნება არ ყოფილა ჩემზე და იმ ადამიანებზე, რომლებიც დარტყმის ქვეშ აღმოვჩნდით, მოკლედ რომ ვთქვათ, ე.წ. სამ მუშკეტერზე“, – განაცხადა ცერცვაძემ.

როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, როდესაც ცდილობ, ძალიან სერიოზული სიკეთე გააკეთო და ყველაფერი ასე უკუღმა გიბრუნდება, ეს ძალიან ძნელია და განცხადება ამიტომ გააკეთა, რომელიც გარკვეულწილად, ემოციური იყო.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია ჯანდაცვის მინისტრთან და სთხოვა თუ არა მან თანამდებობაზე დარჩენა, ცერცვაძემ განაცხადა, რომ ვინაიდან ჯანდაცვის მინისტრი ქვეყანაში მოგზაურობდა, მასთან ჯერჯერობით მხოლოდ სატელეფონო საუბარი ჰქონდა და პირველი შესაძლებლობისთანავე, ალბათ შეხვედრაც ექნება.

„რაც შეეხება თხოვნას, ბავშვები არ ვართ, რომ ერთმანეთს რამე ვეხვეწოთ. მან განმარტა, რომ ეს ერთი წამითაც არ უგულისხმია და თვითონ ჩემზე არანაკლებ გაკვირვებულია. შესაბამისად, ჩემ მიერ აღებული ვალდებულებების მიტოვება ახლა იქნება ღალატი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

კითხვაზე, ნანობს თუ არა ამ ცნობილი განცხადების გაკეთებას, თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, რომ არ ნანობს, რადგან ამის თქმა საჭირო იყო, რათა საზოგადოებას სიმართლე გაეგო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები