მწერალი ნაირა გელაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სტუმარი იყო.
მწერალმა საქართველოში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას აღნიშნა, რომ არასდროს დაივიწყებს, რაც ყოფილმა ხელისუფლებამ გააკეთა, მაგრამ ის, რასაც ახლა ხელისუფლება აკეთებს, ნიშნავს, რომ ის „სისასტიკის მანქანაშია ჩართული“.
„პირველ რიგში მინდა, გამოვხატო ჩემი აღშფოთება იმ სისასტიკის მიმართ, რაც ვლინდება მომიტინგეების მიმართ. ამდენი ადამიანის შემუსვრა, ამდენი ხალხის დაპატიმრება, ეს 37 წლის დასაწყისია. მე მიკვირს ჩვენ ხალხში სისასტიკის ასეთი მარაგის არსებობა. წინა ხელისუფლება გახსოვთ, როგორც იქცეოდა. გამოდის, რომ 20 წელიწადია ყველა ხელისუფლება თავის ხალხს სცემს, ასახიჩრებს.
იქ აუპატიურებდნენ, აქ გაუპატიურებით ემუქრებიან. წარმოუდგენელი რამ ხდება ჩვენ თავს და მე მრცხვენია ამ სისასტიკის. მთელი მსოფლიო უყურებს ამას. ამ მთავრობას, რომელმაც ხელისუფლებამ ვერაფერი ვერ შესთავაზა, მერე მიუბრუნდა და სახსრები დაულეწა. უკვე მეშინია ჩვენი თავის, სად იმალება ამდენი სისასტიკე. ყველაზე საშინელება ისაა, რომ როდესაც შენს მოწინააღმდეგეს კლავენ და ამსხვრევენ, ეს შეიძლება და შენ შვილს და შენიანს რომ შეეხება, ეს არ შეიძლება. უამრავი ადამიანი, რომელიც ხელისუფლებას უჭერს მხარს, გულგრილია იმ ამბების მიმართ, რაც ხდება. ასევე იყო წინა ხელისუფლების დროსაც. გამოდის, რომ სიკეთე, გულმოწყალება პარტიულია?
სრულიად შეურიგებელი დამოკიდებულება მაქვს „ნაციონალური მოძრაობისადმი“. ვინც თავის წარსულს აყალბებს და უზარმაზარ დანაშაულებებს ჩადის, მე მისგან ჭიქა წყალს არ დავლევ. არც მათ ტელევიზიებში მივდივარ. არასდროს დავივიწყებ იმ დასახიჩრებულ ადამიენებს, რომელიც „ნაციონალურმა მთავრობამ“ წარმოშვა. მაგრამ როდესაც ხაბეიშვილს ისე მოექცნენ, რომ მთელი სახე ჰქონდა ჩამსხვრეული და მეორე ყმაწვილი, მგონი ქაცარავა, სასიკვდილოდ გაიმეტეს, მე ცუდად გავხდი, მაგრამ ამას არ განიცდიდნენ ქოცების მომხრეები.. ჩვენი ხელისუფლება ჩაეფლო საშინელი სისასტიკის მანქანაში, ამას დიდი მწუხარებით ვამბობ“, – ამბობს ნაირა გელაშვილი.