რაც შეეხება მათ მოთხოვნებსა და ჩემ გადადგომას, შემიძლია ერთი რამ ვთქვა, მე რომ ერთი წამითაც ეჭვი მეპარებოდეს და არ ვიყო დარწმუნებული იმაში, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა გადის ენერგოდამოუკიდებლობაზე და ეს პროექტი, ისევე როგორც სხვა ადგილობრივი გენერაციის პროექტები, ძალიან სტრატეგიულია ჩვენთვის, დღეს თქვენ წინაშე არ ვიდგებოდი და არანაირი დამატებითი მოწოდება არ დამჭირდებოდა, – ასე გამოეხმაურა ნათია თურნავა „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა მოთხოვნას მისი გადადგომის შესახებ. ეკონომიკის მინისტრმა ხაზი კომუნიკაციისა და დიალოგის მნიშვნელობას გაუსვა.
„დარწმუნებულები ვართ რა, რომ ერთად უნდა ვაშენოთ ძლიერი ენერგეტიკული სისტემა, რომელიც იქნება დამოუკიდებელი და რომელიც იქნება ჩვენი დამოუკიდებელი ეკონომიკისა და სუვერენიტეტის განმტკიცების საფუძველი და „ნამახვანჰესი“, როგორც ერთ-ერთი თვალსაჩინო, კარგად მოკვლეული, სრულყოფილი პროექტი იქნება ამ სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შენატანი, ამიტომაც ვაგრძელებთ მუშაობას. ჩვენი გეგმა არის იგივე, რაც იყო – მხოლოდ და მხოლოდ დიალოგი, მხოლოდ და მხოლოდ კომუნიკაცია“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
შეგახსენებთ, „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა გუშინ რესპუბლიკის მოედანზე კარვები გაშალეს და ღამეც იქ გაათიეს.
