LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მე შვილმკვდარი მამა ვარ, ვიცი, რა სიმწარეა ახლა ბავშვები რომ იხოცება უკრაინაში” – შუახევში ადგილობრივებმა პრორუსულ პარტიას ოფისი დააცლევინეს

89
puu(1)

შუახევში მცხოვრები დავით დავითაძე ამბობს, რომ ოთხი დღის წინ შუახევის ცენტრში მისი ოფისი ადგილობრივებმა იქირავეს და უთხრეს, რომ „კონსერვატიული პარტიის” წარმომადგენლები არიან. მისივე თქმით, შენობაზე აბრებიც გააკრეს, რომლებზეც „კონსერვატიული მოძრაობა” ეწერა.

„ვიფიქრე, ზვიად ძიძიგურის პარტიაა-მეთქი. მერე დამირეკა ჩემმა მეგობარმა და მითხრა, პრორუსული მოძრაობის წევრები არიანო შენს ოფისშიო. მე შვილმკვდარი მამა ვარ და ვიცი, რა სიმწარეა, ახლა ბავშვები რომ იხოცება უკრაინაში. ამას ვერ შევეგუებოდი. მე თვითონ 17 წელი მოსკოვში ვიცხოვრე, მაგრამ ეს ის რუსები აღარ არიან“.

მისი თქმით, „კონსერვატიული მოძრაობის” ადგილობრივი წევრები მისი ნაცნობი და მეგობრის შვილები იყვნენ, სწორედ ამიტომ დაუთმო ქირის სანაცვლოდ ოფისი. თუმცა დილით, მისი მოთხოვნით, ოფისიდან ავეჯი გაიტანეს და აბრებიც ჩამოხსნეს.

„ვკითხე, რატომ მომატყუეთ-მეთქი? ჩვენც არ ვიცოდით, მოვტყუვდითო, – მიპასუხეს და დღესვე ორივე ბიჭმა დატოვა ეს მოძრაობა“, – ამბობს ადგილობრივი.

მსგავსი ფაქტები იყო საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.