უკვე დიდი ხანია დადგენილია, რომ ჯანსაღი ძილი პირდაპირ კავშირშია გულის ჯანმრთელობასთან. თუმცა უახლესი კვლევებით მეცნიერებმა დაადგინეს,რომ ჩვენი სხეულის 24-საათიან რიტმში შეიძლება არსებობდეს ჩაძინებისთვის ოპტიმალური დრო. უფრო კონკრეტულად კი, ყველაზე კარგია თუ დასაძინებლად 22:00-დან 23:00 საათამდე შუალედში წავალთ.
მკვლევრების თქმით, ამ დროს დაძინება ყველაზე კარგად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის სიჯანსაღეზე. ექსეტერის უნივერსიტეტის ფსიქოლოგის, დევიდ პლანსის განცხადებით, ადამიანის ორგანიზმს 24-საათიანი შიდა საათი აქვს, რომელსაც დღეღამურ (ცირკადულ) რიტმს უწოდებენ, მას კი ძალიან დიდი როლი აქვს ფიზიკური და მენტალური ფუნქციების რეგულირებაში.
სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია თუ როდის ვიღვიძებთ და როდის ვწვებით დასაძინებლად. კვლევის ფარგლებში გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე 3 172 მონაწილის მონაცემები შეისწავლეს, რომლებიც დაკვირვების ქვეშ თითქმის ექვსი წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
მეცნიერების ჯგუფმა დაადგინა, რომ შუაღამის შემდეგ ან 22:00 საათზე ადრე დაძინება დაკავშირებული იყო გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკის დაახლოებით 25 პროცენტით გაზრდასთან, ვიდრე 22:00-23:00 საათებს შორის დაძინებისას. რისკი 12 %-ით იზრდება მათთვის, ვინც 23:00-00:00 საათების ინტერვალში იძინებს.
პლანსის თქმით, ყველაზე სარისკო დრო შუაღამის შემდეგ დაძინებაა, რადგან ეს ცუდად მოქმედებს ენდოკრინულ სისტემაზე, რომელიც ადამიანის ორგანიზმის დღეღამური რიტმის დარღვევას სხვადასხვა სქესში სხვადასხვაგვარად ეპასუხება. “აღსანიშნავია ისიც, რომ ქალებში გულ-სისხლძარღვთა რისკი მენოპაუზის შემდეგ იზრდება” – ამბობს ის.
აღსანიშნავია, რომ კვლევა შეზღუდული იყო ასაკობრივი და ეთნიკური თვალსაზრისით; მასში ძირითადად მონაწილეობდნენ თეთრკანიანი, 43-დან 79 წლამდე ასაკის ადამიანები. შესაბამისად მეცნიერები ამბობენ, რომ სხვა ასაკობრივ თუ ეთნიკურ ჯგუფში შედეგები შეიძლება განსხვავებული იყოს.
კვლევა European Heart Journal – Digital Health-ში გამოქვეყნდა.