გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი აცხადებს მედია კონკურსს საქართველოში მომუშავე ჟურნალისტებისთვის. კონკურსის მიზანია საზოგადოებაში კორპორაციული პასუხისმგებლობის ცნების პოპულარიზაცია, თემის შესახებ ცნობიერების ამაღლება და მედია საშუალებების დაინტერესება ამ მიმართულებით.
კონკურსში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან შემდეგ კატეგორიებში:
საუკეთესო სატელევიზიო/რადიო სიუჟეტი;
საუკეთესო საგაზეთო/ინტერნეტ სტატია.
კონკურსის წესები და პირობები:
კონკურსის პირობები:
ტელე/რადიო რეპორტაჟი, ბეჭდური/ონლაინ სტატია უნდა იყოს ანალიტიკური და ეხებოდეს კორპორაციული პასუხისმგებლობის თემაზე აქტუალურ საკითხებს;
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა იმ ჟურნალისტს, რომლის მიერ მომზადებული მასალა დაიბეჭდა, გამოქვეყნდა, ეთერში გავიდა 2021 წლის 21 სექტემბრიდან – 2022 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით;
ერთ მონაწილეს შეუძლია რამდენიმე ტელე/რადიო რეპორტაჟის, ბეჭდური/ონლაინ სტატიის გამოგზავნა;
აპლიკანტმა ბეჭდური/ონლაინ სტატიის ტექსტი უნდა წარადგინოს PDF ფორმატში (ტექნიკური მახასიათებლები: ტექსტი უნდა იყოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე, ფონტი – sylfaen, ზომა 11, ხაზებს შორის დაშორება 1.5, ტექსტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 1 000 სიტყვას);
კონკურსში წარდგენილ მასალას თან უნდა ერთვოდეს მედია ორგანიზაციის დასახელება და გამოქვეყნებული მასალის ბმული; ელ. ფოსტაში მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტა);
პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსანტი მოიხსნება შესარჩევი ტურიდან;
საკონკურსო ნაშრომების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 9 სექტემბერი;
ტექსტის გამოგზავნა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected];
გამოგზავნისას ელექტრონული წერილის სათაურში („subject“ველი) მიუთითეთ: მედია პასუხისმგებლიანი ბიზნესისათვის.
საკონკურსო პროექტებს შეაფასებს საერთაშორისო და ადგილობრივი ჟიური.
კონკურსი ტარდება გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივით, შვედეთის მთავრობისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით.
ამასთან ერთად, კონკურსი ცხადდება კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოზეც, რომელიც წელს მეხუთედ ჩატარდება. კონკურსი მიზნად ისახავს ქვეყანაში კორპორაციული პასუხისმგებლობის კულტურის განვითარებასა და მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში ბიზნესის ჩართულობის წახალისებას.
კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2022 “ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ ქართულ ბაზარზე მოქმედი სწორედ ისეთი კომპანიებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც არიან პროგრესული და თანამედროვე ღირებულებებზე დაფუძნებული; ეს არის ჯილდო კომპანიებისთვის, რომელთა საქმიანობა ეყრდნობა მაღალ სტანდარტს, მიზნად ისახავს მდგრად განვითარებას და გრძელვადიანი სარგებელი მოაქვს როგორც კომპანიისთვის, ისე საზოგადოებისთვის.
გამარჯვებულებს ჯილდო საშუალებას აძლევს:
მიიღონ აღიარება კოლეგებს შორის, როგორც ლიდერებმა კორპორაციული პასუხისმგებლობის სფეროში;
წარმოჩინდნენ, როგორც სანდო და ღირსეული პარტნიორები, მომხმარებელთა, პარტნიორთა და ინვესტორთა წინაშე;
წვლილი შეიტანონ საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის სფეროს განვითარებაში, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით.
მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ლინკი.
დამატებითი ინფორმაცია:
გაეროს გლობალური შეთანხმება არის მსოფლიოში ყველაზე დიდი კორპორაციული მდგრადობის ინიციატივა, რომლის ხედვა, ადამიანებისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის სასარგებლო, მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნაა.
გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი 2016 წელს დაარსდა და მისი წევრები კომპანიები, ბიზნეს ასოციაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საგანმანათლებლო/აკადემიური დაწესებულებები არიან. ქსელის მისიაა, საქართველოში, გლობალური შეთანხმების ათი პრინციპის მხარდაჭერა, ასევე, გაეროს განვითარების მიზნების განხორციელებაში წვლილის შეტანა.