6 აგვისტოდან რუსეთში კურსკის ოლქში უკრაინელი სამხედროების შეჭრის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ და უსაფრთხოების სამსახურმა 6 აგვისტოს გაავრცელეს ცნობები, რომ რუსმა მესაზღვრეებმა და FSB-ის თანამშრომლებმა მოიგერიეს უკრაინელი სამხედროების შეტევა. მათი მტკიცებით, რუსეთში ბატალიონის ზომის სამხედრო დაჯგუფების შეჟონვა მოხდა ნიკოლაევო-დარინოსა და ოლეშნიას მიმართულებით.
როგორც ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) წერს, არსებობს ამ ადგილებში გადაღებული ვიზუალური მასალა, რომელშიც დაზიანებული და მიტოვებული ჯავშანტექნიკა ჩანს, თუმცა რთულია იმის დადასტურება, ეს ტექნიკა უკრაინულია თუ რუსული.
ამასთან, რუსი სამხედრო ბლოგერები წერენ, რომ რუსეთში, კურსკის ოლქში უკრაინელების შეტევა დღესაც გრძელდება. მათი მტკიცებით, უკრაინელი სამხედროები, რუსეთის ტერიტორიაზე ორი მიმართულებიდან შეიჭრნენ და დაპირისპრება ამ დრომდე მიმდინარეობს.
რუსული მხარის ინფორმაციით, კურსკის ოლქზე უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმის შედეგად, დაღუპულთა რაოდენობა 5-მდე, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა. რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაშავებულთა შორის 6 ბავშვია.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, „კურსკის ოლქზე უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული მორიგი ტერაქტია“.
კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსეი სმირნოვმა განაცხადა, რომ ოლქში შექმნილი ვითარების შესახებ ვლადიმერ პუტინს შეატყობინ
უკრაინის ხელისუფლება რუსეთის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო მოქმედებებზე ჯერჯერობით ცნობებებს არ ავრცელებს.